Accessibility links

logo-print

გარემოს დაბინძურებაზე სანქციები მკაცრდება


გლდანის ნაგავსაყრელი

გლდანის ნაგავსაყრელი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო გარემოს დაბინძურების ფაქტებზე კანონით გათვალისწინებული ნორმების ადმინისტრირების გამკაცრების ინიციატივით გამოდის. ყველა ფიზიკური თუ იურიდიული პირი, ვინც სამშენებლო თუ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს გზებზე, მდინარეებში, პარკებში, სპორტულ მოედნებზე, ავტოსადგომებთან, ბაზრებთან ან სხვა ადგილებში დაყრის, 200 და 1000 ლარით დაჯარიმდება.

გარემოს დასუფთავების წესები და მათი დარღვევით გამოწვეული ჯარიმების საკითხი საქართველოში ადმინისტრაციული კოდექსის 146-ე მუხლით რეგულირდება. კანონის მიხედვით, გარემოს დაბინძურების შემთხვევაში, ფიზიკური პირები 200 ლარით, ხოლო იურიდული პირები 1000 ლარით ჯარიმდებიან. ორშაბათიდან გარემოს დაცვის ინსპექცია ამ კანონის მკაცრად აღსრულების ღონისძიებებს იწყებს. გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე აცხადებს, რომ არანაირ გამონაკლისს აღარ დაუშვებენ.

ნარჩენების მართვა საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი პრობლემაა და ეს არა მხოლოდ ადამიანების ცნობიერების დაბალი დონის ბრალია ...
გარემოს დაბინძურების ხელმეორედ განმეორების შემთხვევაში კი ჯარიმის ოდენობა იზრდება. ფიზიკურ პირს 500 ლარის, იურიდიულ პირს კი – 3000 ლარის გადახდა მოუწევს. ამ პროცესში ჩაერთვება საპატრულო პოლიციაც, რომელიც გზებზე ავტომანქანიდან ნაგვის გადაყრის ფაქტებს აღნუსხავს.

კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსლის ხელმძღვანელს ნანა ჯანაშიას ჯარიმის საწინააღმდეგო ზოგადად არაფერი აქვს, თუმცა ფიქრობს, რომ მხოლოდ ჯარიმების დაწესება ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს:

”ნარჩენების მართვა საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი პრობლემაა და ეს არა მხოლოდ ადამიანების ცნობიერების დაბალი დონის ბრალია, არამედ იმისაც, რომ ხედვა არ არსებობს ამ სფეროში, არ არსებობს პოლიტიკური დოკუმენტი, რომლითაც ეს სფერო დარეგულირდებოდა. შესაბამისად, ეს პრობლემა არ შეიძლება გადაწყდეს მხოლოდ ჯარიმების შემოღებით, თუმცა თავისთავად წინააღმდეგი არ ვარ, რომ როდესაც ადამიანი კორპუსიდან გადმოაგდებს ნაგვით სავსე პარკს, ის დაისაჯოს.”

ნანა ჯანაშია ფიქრობს, რომ მხოლოდ ნარჩენების მართვის პოლიტიკის შემუშავების შემდეგ იქნება ეფექტური ადმინისტრაციულ ჯარიმების დაწესება: ”გარკვეული უნდა იყოს რისკენ მივდივართ - ვაკეთებთ ნარჩენების მინიმიზაციას მათი მეორადი გამოყენების გზით, პირდაპირ ნაგავსაყრელებზე ვყრით თუ სულაც ნარჩენების დასაწვავ სპეციალურ შენობებს ავაშენებთ და ასე გადავჭრით ამ პრობლემას.”

მწვანეთა პარტიის ლიდერი გია გაჩეჩილაძე კი მინისტრის ინიციატივას მორიგ პიარაქტად აფასებს და ამბობს, რომ პრობლემა ჯარიმების დაწესებით ვერ მოგვარდება: ” მაგალითად, სოფლებში ან საკურორტო ზონებში, სადაც მასობრივად იკრიბება ხალხი, ზაფხულის პერიოდში რომ გაიარო, ტრასებზე ყრია ნაგავი.პირდაპირ მანქანებიდან ყრიან და ცელოფნის ნაძვის ხეებითაა სავსე მთელი გზა. მაგრამ ამ საქმეს ჯარიმა კი არ უშველის, ნაგვის ბუნკერები უნდა დააყენონ და რომ ეცოდინება ადამიანს, რომ რამდენიმე მეტრში არის ადგილი,სადაც ნაგავს გადაყრის, ის გარემოს აღარ დააბინძურებს.”
XS
SM
MD
LG