Accessibility links

logo-print
გასული კვირის მანძილზე უცხოეთის პრესაში რამდენიმე საყურადღებო სტატია მიეძღვნა საქართველოს. მათ შორის იყო პუბლიკაციები ტურიზმის განვითარებაზე, რუსული ენის თანდათანობით ჩანაცვლებაზე ინგლისურით (იგულისხმება უცხო ენით სარგებლობის გავრცელების ხარისხი), გამოქვეყნდა ასევე ინტერვიუ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან და ანალიტიკური სტატია, რომლის ავტორიც დასავლეთს მოუწოდებს, ნუღარ შეხედავს სამხრეთ კავკასიას, როგორც გეოპოლიტიკურ ჭადრაკის დაფას. უცხოეთის პრესის მიმოხილვას ამ უკანასკნელით დავიწყებთ: ტომას დე ვაალის წერილით, რომელსაც გავლენიან საინტერნეტო გამოცემა „ფორინ პოლისი“-ში გაეცნობით.

ტომას დე ვაალი ჯერ სამხრეთ კავკასიაში შექმნილ ვითარებას აღწერს - მისივე შეფასებით, „დამთრგუნველ ცნობებს“ გვიზიარებს. „რეგიონის ორი, ყველაზე გრძელი საზღვარი - ერთი სომხეთსა და აზერბაიჯანს, მეორე კი რუსეთსა და საქართველოს შორის ან მთლიანად, ან კიდევ ნაწილობრივ ჩაკეტილია. კორუმპირებული ბიუროკრატები ნომინალურად ღია საზღვრებსაც კი დახურულს ხდიან თავისუფალი ვაჭრობისათვის. სამი დე ფაქტო პაწაწინა სახელმწიფო, აფხაზეთი, სამხრეთი ოსეთი და მთიანი ყარაბაღი სამართლებრივ ვაკუუმში არსებობს - ჩამოცილებულია თავის, საბჭოთა პერიოდის „მშობლებს“, საქართველოსა და აზერბაიჯანს, მაგრამ ვერც ბოლომდე დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ქცეულა. ომების შედეგად ასიათასობით ადამიანი რჩება ადგილნაცვალ პირებად. ენდემური პრობლემებია სიღარიბე და უმუშევრობა. მილიონობით ადამიანი ცხოვრობს და მუშაობს შინიდან შორს, უმეტესწილად რუსეთში. ადგილობრივ ძალებსაც და უცხოელებსაც მიუძღვით ბრალი ამ სავალალო სურათის შექმნაში“.

„სავალალო სურათის“ ასახვის შემდეგ, ტომას დე ვაალი დაწვრილებით წერს უცხოელთა ბრალზე, მათს პასუხისმგებლობაზე და სამ მთავარ შეცდომას ასახელებს: უწინარეს ყოვლისა, რეგიონის მიჩნევას „ჭადრაკის დაფად“, რომელზეც ძლიერი სახელმწიფოები სუსტ ადგილობრივებს გადაადგილებენ ისე, როგორც საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე სურთ. სანამდვილეში ასე არ არისო, ამბობს ავტორი - სინამდვილეში, როგორც უნდა შეიცვალოს გეოპოლიტიკური ამინდი, ადგილობრივებიც, მისი აზრით, ყოველთვის ახერხებენ უცხო სახელმწიფოების მანიპულირებას.

მეორე შეცდომაა, განაგრძობს ტომას დე ვაალი, რუსული დათვის წარმოსახვა, როგორ არის ის აღმართული შედარებით დაუცველი კავკასიელების გადასაყლაპად. ეს პერსპექტივა ავტორს გაზვიადებულად მიაჩნია, რადგან ფიქრობს, რომ რუსეთს, მიუხედავად იმისა, რომ მართლაც უძლიერესი სახელმწიფოა რეგიონში, გაცილებით ნაკლები ძალა აქვს, აკონტროლოს ვითარება სამხრეთ კავკასიაში, ვიდრე მიმომხილველების უმრავლესობას ჰგონია.

და მესამე შეცდომა, რომელსაც ტომას დე ვაალის აზრით, უცხოეთში უშვებენ, ეს არის სამხრეთ კავკასიის წარმოდგენა დასავლეთის დიდი სტრატეგიული ინტერესების ობიექტად. „ფორინ პოლისიში“ დაბეჭდილი სტატიის ავტორი რეგიონს ასეთ მნიშვნელობას არ ანიჭებს არც როგორც ნავთობის და გაზის დასავლეთისთვის მიწოდების სატრანზიტო დერეფანს, და არც როგორ ნატოს გაფართოების ზონას.

საინფორმაციო სააგენტო „რეიტერი“ აქვეყნებს წერილს, რომელიც ასახავს, როგორც უთმობს საქართველოში რუსული ენა გზას ინგლისურს: ინგლისური ენა სკოლებში სავალდებულოა, რუსული არაო, ვკითხულობთ სტატიაში. ავტორის აზრით, საქართველოს ხელისუფლების ამბიციური პროგრამა, 5-16 წლის ასაკის ყველა ბავშვმა იცოდეს ინგლისური, პრაგმატული მიზანია გლობალიზებულ მსოფლიოში, რომელშიც ინგლისური დომინირებს, ხოლო საქართველოს ეკონომიკა პარტნიორებს თურქეთსა და ევროკავშირში ეძებს. იმავდროულად, ინგლისურის მაღალ დონეზე შესწავლისაკენ მისწრაფება ესადაგება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ კურსს, რუსეთის ორბიტადან გაიმყვანოს საქართველოო, წერს „რეიტერი“.

უწინარეს ყოვლისა, სწორედ რუსეთთან საქართველოს ურთიერთობას ეხება პრეზიდენტ სააკაშვილთან ინტერვიუ, რომელსაც ყოველკვირეული ჟურნალი „ნიუსუიკი“ აქვეყნებს. ჟურნალისტი ჯერი გუო მას მაგალითად ეკითხება, მოსალოდნელია თუ არა კიდევ ერთი კონფლიქტი რუსეთთანო? ჩვენ გვსურს ამის თავიდან აცილება, მაგრამ რუსეთი შესაძლოა, რაღაცას გვგმავდესო, უპასუხებს სააკაშვილი. მისივე შეფასებით, ამჟამად საფრთხე ნაკლებია, ვიდრე ერთი წლის წინ იყო. „ნიუსუიკთან“ ინტერვიუში სააკაშვილი იმეორებს მოსაზრებას, რომ ვლადიმირ პუტინი ყოველთვის, როცა საპრეზიდენტო არჩევნებისათვის ემზადებოდა, ომს იწყებდა. ის როგორც ჩანს, ახლაც (2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნები იგულისხმება) აპირებს საკუთარი კანდიდატურის წამოყენებას, რაც, რასაკვირველია გვაშფოთებსო, ამბობს საქართველოს პრეზიდენტი „ნიუსუიკთან“ ინტერვიუში.

უცხოეთის პრესის მიმოხილვის ბოლოს, მოკლედ წარმოგიდგენთ ორ პუბლიკაციას საქართველოს ტურისტული ღირშესანიშნაობების შესახებ: ორივე 12 სექტემბერს გამოქვეყნდა, ორივე ავტორიტეტიან ინგლისურენოვან გამოცემებში. ერთ შემთხვევაში საქმე ეხება „ნიუ-იორკ ტაიმსს“ - დაინა სპრიცერის ვრცელ სტატიას ბათუმზე, მის წარსულსა და თანამედროვეობაზე, ბულვარსა და ბოტანიკურ ბაღზე, ქალაქის სასტუმრო-რესტორნებსა და სტუმრებზე, ლონდონის ყოველდღიურმა „ინდეპენდენტმა“ კი დაბეჭდა პუბლიკაცია, რომელიც ასე იწყება: “მაღლა, კავკასიის მთებში, მყინვარებით დაფარული მწვერვალებით, ტყეში ჩაფლული ხეობებითა და შუა საუკუნეებში აგებული კოშკების გარშემო შექუჩული სოფლებით მოფენილი ლანდშაფტი საუკუნეების მანძილზე იყო გარიყული გარე სამყაროდან. ახლა კი საქართველოს რეგიონი ზემო სვანეთი - ერთ-ერთი ყველაზე მაღლა მდებარე და განმარტოებული დასახლებული ადგილი ევროპაში - ბოლოსდაბოლოს აღებს კარებს. ზემო სვანეთი, რომლის მოსახლეობაც 14 000-ს არ აღემატება, საქართველოს უძველესი კულტურის გადმონაშთია - ცოცხალი მუზეუმი, სადაც ადგილობრივი მცხოვრებლები ლაპარაკობენ ენაზე, რომელიც 3000 წლის წინ ჩამოსცილდა ქართულს“.
XS
SM
MD
LG