Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული პრესის მიმოხილვა, 28 სექტემბერი 2010


დღევანდელი ცენტრალური რუსული პრესა აქტიურად ეხმიანება მოსკოვის მერის, იური ლუჟკოვის, თანამდებობიდან გათავისუფლების თემას. კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით, მერის გათავისუფლების შესახებ პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის ხელმოწერილი ბრძანების ზუსტი ფორმულირება ასე ჟღერსო, წერს „ვედომისტი“ : ”გათავსუფლდეს იური მიხაილოვიჩ ლუჟკოვი მოსკოვის მერობის თანამდებობიდან პრეზიდენტის მხრიდან მისდამი ნდობის დაკარგვის გამო”. სტატიაში ”მედვედევმა ლუჟკოვი ნდობის დაკარგვის გამო გადააყენა” ნათქვამია, რომ თანამედროვე რუსეთის ისტორიაში ლუჟკოვი მე-5 ადამიანია ამ მიზეზით გათავისუფლებულ თანამდებობის პირებს შორის.

„ვედომოსტის“ ინფორმაციით, ნაკლებ მოსალოდნელია, რომ ამის შემდეგ იური ლუჟკოვმა პოზიციების შენარჩუნება შეძლოს მმართველ პარტია ”ედინაია რასიაში”. ასევე გაზეთის ვარაუდით, ნებაყოფლობით თანამდებობიდან გადადგომის შემთხვევაში, ლუჟკოვისთვის, შესაძლოა, ფედერაციის საბჭოს თანამდებობა ან სახელმწიფო კორპორაცია ”ოლიმპიისკის” ხელმძღვანელობა შეეთავაზებინათ.

„ვედომოსტი“ პრეზიდენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელ ნატალია ტიმაკოვასთან საუბრის შემდეგ წერს, რომ დმიტრი მედვედევი იური ლუჟკოვთან შეხვედრას არ გეგმავს, ხოლო რაც შეხება ახალი მერის ვინაობას და დანიშვნის თარიღს, ამ კითხვაზე ნატალია ტიმაკოვა პასუხისგან თავს იკავებსო.

როგორც გაზეთს წყარომ სახელმწიფო სათათბიროდან უთხრა, თავად იური ლუჟკოვი მერობიდან გათავისუფლების შემდეგ კვლავ ეცდება ქალაქის საკეთილდღეოდ იმუშაოს და ქვეყნიდან წასვლას არ აპირებს. ამ ეტაპზე მოსკოვის მერის მოვალეობას, დმიტრი მედვედევის დავალებით, პირველი ვიცე-მერი ვლადიმირ რესინი ასრულებს.

გაზეთი „კომერსანტი“ კი მერის გათავისუფლების შესახებ მომზადებულ სტატიაში ”ნდობა დაიკარგა” წერს, რომ თავად რუსეთის მოქალაქეებს ლუჟკოვის გათავისუფლება, როგორც პრობლემა, სულაც არ ადარდებთ. მასობრივი ცნობიერება, როგორც ეს სექტემბერში ჩატარებულმა სოციოლოგიურმა გამოკითხვამ აჩვენა, ლუჟკოვის პიროვნებაზე მეტად მის მიმართ ნაწარმოებმა საინფორმაციო შეტევამ ააღელვაო, ნათქვამია გაზეთში.

ამ თემის გარდა, „კომერსანტი“ ეხმიანება რუსეთის წარმატებულ ნაბიჯებს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად. სტატიის სათაურია ”რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას დათმობებით უტევს”. წარმატების საფუძველი ჟენევაში მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე რუსეთის ფედერაციის სოფლის მეურნეობის მინისტრის ელენა სკრინიკის განცხადება გახდა. მინისტრს იმ დახმარების შემცირებაზე გაუმახვილებია ყურადღება, რომელიც აგროსამრეწველო კომპლექსის მიმართ ხორციელდება. თავად გაზეთი კი წერს, რომ მოსკოვის თეთრი სახლის მიერ შემწეობის შემცირება შემთხვევითი არ არის, რადგან აგროსამრეწველო კომპლექსის მოდერნიზაცია საკმაოდ მკაცრ ჩარჩოებში უნდა მოექცეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მოთხოვნების შესაბამისად და ეს საკითხი თითქმის მოგვარებულიაო, ნათქვამია „კომერსანტის“ სტატიაში. აქვე ნათქვამია, რომ დმიტრი მედვედევის მითითებით, ორგანიზაციასთან ყველა სახის მოლაპარაკება 2010 წლის 30 სექტემბრისთვის უნდა დასრულდეს.

მოლაპარაკებების გააქტიურება, გაზეთის ვარაუდით, ყაზახეთის დელეგაციასთან წარმატებულ ურთიერთობებთან კავშირშიც შეიძლება ვეძიოთ. თავის დროზე რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას ყაზახეთთან შეთანხმებით გეგმავდა, ქვეყნებს შორის არსებული სავაჭრო კავშირის ფარგლებში, მაგრამ შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება ცალ-ცალკე, მაგრამ კოორდინირებულად ემუშავათ, აღნიშნულია „კომერსანტში“.

რამდენიმე გაზეთი საკმაო ყურადღებას უთმობს რუსეთის პრეზიდენტის ჩინეთში ვიზიტს. ”რასიისკაია გაზეტა” წერს, ქვეყნებს შორის ურთიერთობაში ახალი სტარტი დაფიქსირდაო. ”ვრემია ნოვოსტეი” სტატიაში ”გაზითა და ინოვაციებით” აღნიშნავს, რომ ყველაზე მეტი ხელშეკრულება რუსეთსა და ჩინეთს შორის ენერგომატარებლების - გაზის, ნავთობისა და ქვანახშირის - შესახებ დაიდო. 2006 წელს, როდესაც იმჟამინდელი პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, ჩინეთში იმყოფებოდა, ძირითადად, პრეზენტაციის სახე ჰქონდა ენერგომატარებლების სფეროში ურთიერთობას, ახლა კი ეს ყველაფერი იურიდიულად გაფორმდაო, ნათქვამია ”ვრემია ნოვოსტეის” სტატიაში.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG