Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხალხის დაკვეთა? ხალხი ციხეშია!


ჩამოვედი ესპანეთიდან და მაია ასათიანის გადაცემის ანონსს ვუყურე. წინასწარმეტეყველებზე.

ნიკო ნერგაძის ბლოგი გამახსენდა და საპასუხო წერილის წერა დავიწყე. მაგრამ დამეზარა. არ ვაპირებ ნიკოსთან კამათს იმ მარაზმის გამო, რომელსაც ქართული ტელევიზიების მამები, დედები, შვილები და შვილიშვილები „ხალხის დაკვეთას“ უწოდებენ. ამ ორი სიტყვის, „ხალხისა“ და „დაკვეთის“ კომბინაცია ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორი წარმოდგენა აქვთ მამებს, დედებს, შვილებსა და შვილიშვილებს თავის ხალხზე. როგორ ეზიზღებათ ადამიანები!

პრინციპში რატომ უნდა უყვარდეთ ხალხიო, იტყვი შენ, გოგი გვახარიას ბლოგის მკითხველო და მართალიც იქნები. იშვიათად დაღლილი და იშვიათად იდიოტური მზერა აქვს ადამიანს, რომელიც შესცქერის სატელევიზიო გადაცემა „პროფილს“ და დროდადრო, რომელიმე ახალი ქართველი წინასწარმატყველის დანახვაზე „ნწ, ნწ, ნწ“–ს გაიძახის. მაგრამ – ამაშია სწორედ ჩემთვის სამყაროს საიდუმლო – ამ ადამიანებს შორის ბევრია ისეთი, ვისაც ეს გამოფიტული მზერა მოულოდნელად ეცვლება რაღაც ნაღდის, ბუნებრივის დანახვის დროს. სულ ერთია, სასიხარულო იქნება ეს სურათი თუ სევდიანი. მთავარია, ნაღდი იყოს!

ეს ხალხი გამახსენდა, სწორედ, პრადოშო. კვირა საღამოს, როცა მუზეუმში შესვლა თავისუფალია და ამიტომ ელ გრეკოს, გოიას, ველასკესის, რიბერას სანახავად ათასობით მადრიდელი და მადრიდის სტუმარი დაირაზმება ხოლმე. ცხადია, ხალხი სრულიად განსხვავებული მიზნით (და მიზეზით) სტუმრობს მუზეუმს კვირის „მუქთა სეანსზე“; ზოგს უბრალოდ დრო აქვს გასაყვანი, ზოგი მხოლოდ და მხოლოდ სნობია, მერე იტყვის, პრადოში ვიყავიო. არიან პირიქით ხელოვნების ფანატიკოსები, რომლებიც შანსს არ უშვებენ, რათა კიდევ ერთხელ ნახონ თუნდაც ველასკესის „მენინები“. მაგრამ იმავე „მენინების“, ელ გრეკოს, რიბერას... ან, თუნდაც დიურერის, ტიციანის სურათების წინ ყველა ერთნაირად თუ არ „იყურება“, მზერა მაინც ყველას განსხვავებული აქვს იმისგან, ვინც მავნებლობის ზღვარზე მყოფ იდიოტობას უყურებს ტელევიზორში.

ადამიანი, როცა რაღაც ძალიან კარგს უყურებს, არ შეიძლება უშნო იყოს! ჩემთვის, როგორც კინომცოდნისთვის, ყურება იმისა, თუ როგორ უყურებს ადამიანი, რაღაც აუხსნელი ნეტარებაა. ათასჯერ მითქვამს, დამიწერია კიდეც, რომ კინოში ხშირად ის უფრო მაინტერესებს როგორ უყურებენ, ვიდრე ის, თუ რას უყურებენ. მაგრამ კინოში სიბნელე გიქმნის ბარიერს, შეისწავლო ეკრანისკენ მიმართული მაყურებლის მზერა. აქ კი, მუზეუმში, არაფერი გიშლის ხელს „ათვალიერო“ ადამიანი, რომელიც ხელოვნების შედევრს შესცქერის, სურათის ყურებითაა გართული და ვერ ამჩნევს რომ „ათვალიერებ“. და თუ მაინც შეამჩნია, არაფერს გეტყვის... მუზეუმებში, ამ სიძველეების, ან, როგორც ვალტერ ბენიამინი იტყოდა, „აურების“ გარემოცვაში, ადამიანები, როგორც წესი, არ არიან აგრესიულები.

პრადოში განსაკუთრებით ბევრი ხალხი ირევა დარბაზში, რომელსაც ელ გრეკოს სურათები ამშვენებს. იმ ელ გრეკოსი, რომლის შესახებ ეიზენშტეინი წერდა, იგი სამყაროს არა თვალით, არამედ გულით ხედავსო... ეიზენშტეინის მტკიცებით, ამიტომაცაა ელ გრეკოს პეიზაჟები ”გადახრილი” რეალობიდან. ამიტომაც იქცევიან მისი პერსონაჟები სივრცეში მოლივლივე არსებებად - აყირავებული ფიგურებითა და გადატრიალებული თვალებით. ამიტომაც უწოდებდნენ მას ”გიჟს”, ”გადარეულს”, ”ავადმყოფს”.

ადამიანი, რომელიც დიდ მხატვარს ”ავადმყოფს” უწოდებდა, საუკუნეების მანძილზე დიდად არ შეცვლილა; ისევ ორი ფეხი აქვს, ორი თვალი, ორი ხელი, ერთი თავი... სასქესო ორგანოებიც ისეთივე აქვს, როგორც მე-17 საუკუნის დასაწყისში, როცა ელ გრეკო ”დაკვეთებს” ისე არ ასრულებდა, როგორც დამკვეთს სურდა. დაკვეთილ სურათებში შინაარსიდან ”ამოვარდნილ” სცენებსა და ფიგურებს ხატავდა. მაგრამ დღეს ეს ადამიანი გაოგნებული, აღფრთოვანებული შესცქერის ესპანელი მხატვრის ”ხულიგნობას” და სხვანაირია... ყოველ შემთხვევაში, იმ ხალხისგან ნამდვილად განსხვავდება, მარაზმატულ ტელეპროგრამებს რომ აშტერდება და ”ნწ, ნწ, ნწ”-ს აყოლებს მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი თავი დაარწმუნოს - ცოცხალია და ემოციის გამოხატვის უნარი აქვს!

ელ გრეკო მხოლოდ ნაწილობრივ ასრულებდა დაკვეთას. წმინდა მავრიკიუსის წამებაში, მაგალითად, უშუალოდ წამებისა და თავის მოჭრის სცენა სადღაც უკანა პლანზე გადაიტანა, წინ კი, თანაც ბევრად უფრო ”მსხვილად” რომაელი მეომრები და თავად წმინდანი გამოხატა. თუ სურათს დამკვეთის უტილიტარული მოთხოვნებით მივუდგებით (ელ გრეკოს ეს სურათი ესკორიალის ერთ-ერთი ტაძრის საკურთხევლისთვის უნდა შეესრულებინა), ცხადია, უამრავ უზუსტობას შევნიშნავთ. დამკვეთმა, ფილიპე მეორემ, უარი თქვა წმინდანის ცხოვრების ასეთ გადაწყვეტაზე და ნამუშევარი დაიწუნა. აბა ვის გაუგია თაყვანისცემის ობიექტი იყოს არა წმინდანი, რომელსაც აწამებენ (ამაზე ხალხს უნდა ელოცა!), არამედ კმაყოფილი, ათლეტური ჭაბუკები, რომლებიც ერთი შეხედვისთანავე იპყრობენ ჩვენს ყურადღებას.

მაგრამ ელ გრეკო ხომ სამყაროს გულით ხედავდა? ელ გრეკო ხომ თავისუფალი მხატვარი იყო და ამიტომ არც არავის მანიპულაციებს არ ექვემდებარებოდა. უბრალოდ, არ სჯეროდა ”დაკვეთების”... ამიტომაც ”ულამაზებს” იგი მზერას პრადოს დამთვალიერებელს დღესაც, 2010 წლის სექტემბერში. განსხვავებით მხატვრებისგან, რომლებიც პედანტური სიზუსტით ასრულებდნენ თუნდაც იმავე ფილიპე მეორის დაკვეთებს. მათ სურათებს პრადოს დამთვალიერებელი, როგორც წესი, ისე ჩაუვლის ხოლმე, თითქოს არც არაფერი ეკიდოს კედელზე.

დღევანდელ საქართველოში კულტურა მხოლოდ დაკვეთას ასრულებს. ძირითადად ხელისუფლების დაკვეთას; ხელისუფლებისა, რომელსაც არ ჰყოფნის გამბედაობა, აღიაროს ეს და, ფილიპე მეორისგან განსხვავებით, ”დამკვეთის” როლში ხალხი გამოჰყავს; ”რა საქმე მაქვს მე რუსთავი 2-თან. დამოუკიდებელი ტელეკომოპანიაა და ბაზრის მოთხოვნებს ითვალისწინებს... ბაზარზე კი სწორედაც რომ მაია ასათიანის შოუზეა მოთხოვნილება!”- იმართლებენ თავს ტელევიზიის მამები, დედები, შვილები და შვილიშვილები.

”დამოუკიდებელი ტელეკომპანია”

”ბაზარი”

”ხალხის დაკვეთა”

ნწ, ნწ, ნწ.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG