Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ივერიელთა ახალი ტრაქტატი” ერთი წლისთავზე


საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე
2009 წლის 14 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საზოგადოებას ტრაქტატის ხელმოწერისაკენ მოუწოდა. რა მნიშვნელობის მატარებელია ივერიელთა ახალი ტრაქტატი, როგორ აფასებს აღნიშნულ დოკუმენტს საზოგადოების ნაწილი და რისი შეცვლა შეუძლია ”ივერიელთა ახალ ტრაქტატს”?

„ვინაიდან ივერიის ყოველნი მკვიდრნი, მცხოვრებნი აფხაზეთს, აჭარას, გურიას, თუშეთს, იმერეთს, კახეთს, ლაზეთს, მესხეთს, მთიულეთს, ოდიშს, რაჭა-ლეჩხუმს, სვანეთს, ფშავ-ხევსურეთს, ქართლს, ხევსა და ჰერეთს, და ჩვენი სახელმწიფოს საზღვრებს გარეთ მყოფნი თანამოძმენი ვართ შთამომავალნი ერთი წინაპრისა, მრავალფეროვნებით გამორჩეული ერთი ენისა და კულტურის მქონენი, ნათესაობითა და მოყვრობით შესისხლხორცებულნი და ასევე ამ ქვეყნის გულშემატკივარი ყოველნი შვილნი მისნი და თანამდგომნი, საქვეყნოდ ვაცხადებთ: კვლავაც განვამტკიცებთ ჩვენს საუკუნო ერთობას და ყოვლადძლიერი ღმერთის სახელით აღვუთქვამთ საქართველოს ერთგულებას, ერთმანეთს კი მტკიცე თანადგომასა და სიყვარულს“.

ზუსტად ერთი წლისთავზე, სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე, ”ივერიელთა ერთობის ტრაქტატის” ხელმოწერილი დოკუმენტი სვეტიცხოვლის ტაძარში შეკრებილ საზოგადოებას სამღვდელოებამ წარუდგინა და ილია მეორემ დალოცა ნიშნად იმისა, რომ საქართველოს ერთობა არის ურღვევი, აცხადებს რადიო თავისუფლებასთან საუბარში საქართველოს სასულიერო აკადემიის ისტორიის კათედრის გამგე, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე. ტრაქტატის შექმნის უპირველესი მიზეზია ის, რომ ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს პროპაგანდა იმისა, რომ ქართველი ერი არ არის ერთიანი, ამბობს ვარდოსანიძე:

”მეგრელები, სვანები, იმერლები, გურულები და ა.შ. - ესენი თითქოს სულ სხვადასხვა ერია და ეს არის რუსეთის სპეცსამსახურების იდეოლოგია, რომელიც, ფაქტობრივად, ინტენსიურად მუშაობს ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნიდან, მაგრამ მაშინ ილია ჭავჭავაძე გვყავდა. დღეს ეს ბრძოლა ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს არა მარტო ტანკებითა და ბომბებით, არამედ ამ სახითაც”.

ილია მეორის ინიციატივა, რომ შექმნილიყო ახალი ტრაქტატი, მსგავსად 1790 წლის ტრაქტატისა, როდესაც ქართველმა დიდებულებმა პირობა დადეს, რომ ერთმანეთის მტერს საკუთარ მტრად მიიჩნევდნენ, ხოლო მოყვარეს მოყვარედ, არ არის შემთხვევითი, ამბობს სერგო ვარდოსანიძე. მისი თქმით, ეს არის გაფრთხილება იმ ღირებულებებისა და ერთობისა, რამაც ჩვენ დღევანდლამდე მოგვიყვანა.

სოციოლოგი ემზარ ჯგერენაია ”ივერიელთა ახალი ტრაქტატის” მნიშვნელობას, თუ შეიძლება ასე ითქვას, უმნიშვნელოს უწოდებს და ამბობს, რომ მისი შედეგი ნულოვანი იქნება:

”ეს არც კი შეიძლება სერიოზული განხილვის თემა იყოს და მალევე მიეცემა დავიწყებას. ეკლესიის ინიციატივა იყო მონარქიის აღდგენა და ბაგრატიონების ჩამოყვანა, მაგრამ ხომ დაინახეთ, რაც მოჰყვა ამას. ეს ყველაფერი დრომ წაიღო. ჩვენ პატივს ვცემთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მაგრამ ის ადამიანია და შეიძლება მას საუკეთესო განზრახვები აქვს, მაგრამ შესრულდება კი ეს განზრახვები?” - კითხულობს ემზარ ჯგერენაია.

საქართველოს გამთლიანების იმედი გამოთქვა ილია მეორემ სვეტიცხოველში ქადაგებისას. მისი უფლისადმი თხოვნაც საქართველოს ერთიანობა იყო:

”ჩვენ დაგვიბრუნდება აფხაზეთი და ცხინვალი. ჩვენ ვიქნებით ბედნიერნი ერთად. გაიხარე, აფხაზეთო! გაიხარე, ცხინვალო! მადლი უფლისა გადმოდის მთელ საქართველოზე და თქვენთან. ჩვენ არასდროს არ გვიფიქრია, რომ თქვენ საქართველოდან მოწყვეტილი სხეული ხართ. თქვენ ხართ ჩვენი სისხლი და ხორცი, და ჩვენ ერთად ვიქნებით!”

სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე საქართველოს სხვადასხვა მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლები ესტუმრნენ, მათ შორის რუსეთიდანაც. მღვდელი სერგი დიმიტრიევი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთ-საქართველოს ისტორიაში არაერთი ნეგატიური ფურცელი არსებობს, ღმერთისთვის ყველა ერთიაო:

”თუკი ჩვენ ერთი ბარძიმიდან ვეზიარებით, თუკი ჩვენ მართლმადიდებელი ქრისტიანები ვართ, მაშინ ჩვენთვის საზღვრები არ არსებობს, ჩვენ ყველანი ქრისტეს შვილები ვართ”.
XS
SM
MD
LG