Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებს ”გეოთურანი” შეუწყობს ხელს


ევროპის სახლი თბილისში
ევროპის სახლი თბილისში
საქართველოში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ელმარ მამედიაროვის ვიზიტს დაემთხვა საქართველოსა და აზერბაიჯანის კულტურულ-ეკონომიკურ ურთიერთობათა ფონდის, ”გეოთურანის”, პრეზენტაცია, რომელსაც ”ევროპის სახლმა” უმასპინძლა. საინტერესოა, რა მიზნებსა და ამოცანებს ისახავს ფონდი სამომავლოდ.

როგორც ფონდ ”გეოთურანის” დამფუძნებლები ამბობენ, ფონდი საქართველოსა და მის საზღვრებს გარეთ იფუნქციონირებს, მის უმთავრეს მიზანს კი საქართველოსა და აზერბაიჯანის კულტურულ-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება წარმოადგენს. საქართველო და აზერბაიჯანი 21-ე საუკუნეში ერთმანეთისათვის მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორებად გადაიქცნენ, ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში ფონდის თავმჯდომარის მოადგილე არიფ იბრაჰიმოვი. მას მაგალითად მოჰყავს ორ ქვეყანას შორის მოქმედი ისეთი ენერგეტიკულ-ეკონომიკური პროექტები, როგორიც არის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-თურქეთის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა. სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ ამ ეტაპზე აუცილებელია საერთაშორისო დიპლომატიის განვითარებაცო, აღნიშნავს არიფ იბრაჰიმოვი:

”ფონდი ”გეოთურანი” საგამომცემლო საქმიანობითაც იქნება დაკავებული. გამოიცემა აზერბაიჯანელი მწერლების ქართული თარგმანები. ჩვენი მიზანია კულტურულ-ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავება. ერთ-ერთ მთავარ ამოცანას ტურიზმის განვითარება წარმოადგენს, რადგან კარგად მოგეხსენებათ, რომ საქართველოში ყველანაირი პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ ტურისტები ჩამოვიდნენ და კომფორტულად დაისვენონ. მოვაწყობთ სხვადასხვა სახის გამოფენებსა და აქტიური ურთიერთობა გვექნება საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსახლეობასთან და ასევე ქართველებთან, რომლებიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ცხოვრობენ”, - აღნიშნავს არიფ იბრაჰიმოვი.

არასამთავრობო ორგანიზაცია ”მრავალეთნიკური საქართველოს” თავმჯდომარე აგიტ მირზოევი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი წამოწყება, რომელიც ორ ერს შორის ურთიერთობას გააღრმავებს, მისასალმებელია. მისი თქმით, სამწუხაროდ, თავად საქართველოში მცხოვრებმა აზერბაიჯანელებმა და ქართველებმა არ იციან ბევრი რამ ერთმანეთის კულტურის შესახებ:
”კულტურათაშორისო სივრცის, კომპონენტების, რესურსების სიმწირე ფაქტია. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ განვითარდეს სივრცე, სადაც ჩვენ შევძლებთ ერთმანეთს გავუზიაროთ ჩვენი კულტურული ფასეულობები, თუნდაც საბაზისო ფასეულობები. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება”, - ამბობს აგიტ მირზოევი.

საქართველოსა და აზერბაიჯანის კულტურულ-ეკონომიკურ ურთიერთობათა ფონდის - ”გეოთურანის” - პრეზენტაცია დაემთხვა საქართველოში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ელმარ მამედიაროვის ვიზიტს. პირველი შეხვედრა მან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან გამართა. როგორც შეხვედრიდან გამოსული კოლეგები აღნიშნავდნენ, საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებს. იყო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა, რომელიც მინისტრებმა პირისპირ საუბრისას განიხილეს - ეს არის საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის საკითხი. ელმარ მამედიაროვმა განაცხადა, რომ შექმნილია დელიმიტაციის კომისია, რომელიც მინისტრის მოადგილეების დონეზე მუშაობს. როგორც გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნა, დემარკაცია-დელიმიტაციის საკითხთან დაკავშირებით მხარეებმა დეტალურად ისაუბრეს, თუმცა ვაშაძემ აღნიშნული დეტალების დაკონკრეტებისაგან თავი შეიკავა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხი, რომლის შესახებაც მოლაპარაკებები უკვე 11 წელია მიმდინარეობს, კვლავ გადაუწყვეტელი რჩება. ერთ-ერთი მიზეზი ქართული კულტურულ- რელიგიური ძეგლი - დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსია. ამ ეტაპზე საზღვრის 480 კმ-იანი მონაკვეთიდან შეთანხმება მხოლოდ 65%-ზე მოხერხდა, თუმცა კვლავ რჩება სადავო ტერიტორიები და, მათ შორის, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი.
XS
SM
MD
LG