Accessibility links

logo-print
გასულ კვირაში, ბათუმის უნივერსიტეტში გამართულ სემინარზე, მას შემდეგ, რაც დასრულდა სალომე ჯაშის ფილმი „ლიდერი ყოველთვის მართალია“, ერთმა ახალგაზრდა სტუდენტმა სრულიად სერიოზულად გვითხრა: „დიახაც, ლიდერი ყოველთვის მართალია!“ ახალგაზრდა კაცი რომ ასე აზროვნებს, მართლაც კატასტროფაა (ფილოსოფოს გია მასალკინის და „ლიბერალის“ ავტორის, გიორგი ცხადაიას თქმით)! ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას მორჩილი ყმაწვილების მორიგი რაზმი ეზრდება.

მაგრამ ხომ შეიძლება ეს განცხადება უბრალო პროვოკაცია ყოფილიყო? ხომ შეიძლება, ახალგაზრდა კაცი გაღიზიანებულიყო პოლიტკორექტულ ბიძიებზე და დეიდებზე და მათთან დაახლოებულ ინტელექტუალ ყმაწვილებზე, რომლებიც შეიძლება სიმართლეს ამბობენ. მაგრამ მისთვის მოსაწყენ, გაუგებარ ენაზე. თანაც, ერთნაირად...

არა, ეს ბიჭი პროვოკატორს არ ჰგავდა. მაგრამ ხომ შეიძლებოდა ყოფილიყო?

აბა, რა უნდა გააკეთოს სტუდენტმა სწავლის გარდა? ცხადია, რაღაც ისეთი უნდა მოიგონოს, რომ თავის თავში დარწმუნებულ პროფესორს შეახსენოს: სიცოცხლე ფორმულებს არ ექვემდებარება!

ბათუმიდან მომავალ გზაზე უნივერსიტეტის სტუდენტი არაერთხელ გავიხსენე. ვინანე, რომ სემინარის შემდეგ არ გამოველაპარაკე. ამას გორი-თბილისის ავტობანზე ჩართული რადიოც დაემატა – „ჭიჭიკო და ბიჭიკოს შოუ“; გადაცემა, რომლის ავტორები ერთნაირად ქილიკობენ ყველაზე, ვისთვისაც სიცოცხლე გაიყინა: „ეროვნულ მითებში“ დამხრჩვალ მრევლზე, პოლიტკორექტულ ინტელექტუალებზე... და, რაც მთავარია, საკუთარ თავზე!

თავდაპირველად ეს პროექტი ჩემთვის ანონიმურობის გამო იყო საინტერესო. იმხანად, როცა რადიო „უცნობზე“ „ჭიჭიკო და ბიჭიკოს“ შოუ დაიწყო, „ცრემლიანი სათვალის“ წიგნად გამოცემა შემომთავაზეს. ვერაფრით ვერ ვხსნიდი, რატომ არ მინდოდა ამ წერილების ორ ყდაში მოქცევა, რატომ მეშინოდა პასუხისმგებლობის. უახლოეს მეგობრებსაც კი არ სჯეროდათ, რომ „პოპულარობის ძალაუფლებას“ მთელი ცხოვრება გავურბოდი და ყოველთვის მშურდა იმ ხალხის, გენიალურ ფრესკებს რომ ხატავდნენ, მაგრამ თავიანთი სახელის „დატანება“ რომ არ მოუნდომებიათ. ასეთი თავმდაბლობა ნარცისიზმის უმაღლესი გამოვლინებააო, მითხრა ერთმა მეგობარმა. შეიძლება ასეცაა.

თუმცა, ჩვენ ახლა „ჭიჭიკო და ბიჭიკოზე“ ვსაუბრობთ; ორ ლაზღანდარა არსებაზე, რომელთაც სახე არა აქვთ. არადა, თავიანთ გადაცემაში სწორედ უსახობას, ერთნაირობას დასცინიან. ზოგჯერ ვერ ზომავენ და წაიუზრდელებენ კიდეც. მაგრამ მათ ესეც ეპატიებათ, რადგან ორჯერ უფრო მეტად საკუთარ თავს დასცინიან.

ჭიჭიკოს და ბიჭიკოს მხოლოდ ერთხელ შესთავაზეს სატელევიზიო სივრცე – ბადრი პატარკაციშვილის „იმედში“. სწორედ იმ დროს დაიწყო ამავე ტელევიზიაში ჩემი პროექტი - „თავისუფლების თეორემა“. და დღესაც მახსოვს ის კოშმარი, რომელიც ტელეკომპანია „იმედის“ სივრცეში გავიარე – მახსოვს კაბინეტებში დაკიდებული ბადრი პატარკაციშვილის სურათები, თანამშრომელთა კომენტარები ბასილ მკალავიშვილის დანახვაზე („აი კაცი!“), ხატებით სავსე სამონტაჟოები და მემონტაჟე ბიჭის გულუბრყვილოდ დასმული კითხვა „ბატონო გოგი, თქვენზე ამბობენ, იეღოველიაო. მართალია?“ ჰოდა, რა უნდა გაეკეთებინათ ამ სივრცეში ყველასა და ყველაფერზე მოქილიკე „ხმებს“?

ჩვენი პროექტები დახურეს. ის დღე, როცა გავიგე, რომ „იმედში“ აღარასოდეს მოვხვდებოდი, ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი იყო ჩემს ცხოვრებაში.

ეჭვი მაქვს, ჭიჭიკოსა და ბიჭიკოსაც გაუხარდათ. „კაცუნები“, რომლებიც ფარისევლობას დასცინოდნენ, უნდა შეგუებოდნენ იმ აზრს, რომ კულტურაში, რომელიც ფარისევლობის ხარჯზე ინარჩუნებს არსებობას, მათთვის ადგილი არ იქნებოდა.

ჭიჭიკოსა და ბიჭიკოს რადიო „უცნობი“ დარჩათ. 7 ნოემბრის ამბების მერე მათ შეეძლოთ, მხოლოდ და მხოლოდ ოპოზიციის სასარგებლოდ გამოეყენებინათ თავიანთი „ხმები“. მაგრამ ეს არ გააკეთეს, რადგან მათი სამიზნე არა იმდენად კონკრეტული ადამიანები, რამდენადაც ხავსმოკიდებული კულტურა და ყველა ფრონტზე დამკვიდრებული ფარისევლობა იყო.

ერთხელ მეც დამირეკეს. მაგრამ არ ვუპასუხე.

აბა, რა სასიამოვნოა, თუ ხმაში „ბზარი“ შეგეპარა, რაღაც არაბუნებრივი თქვი და გამოგიჭირეს?

ჭიჭიკოსა და ბიჭიკოს კი აბსოლუტური სმენა აქვთ. მათ ვერაფერს გამოაპარებ! ორი ანონიმი, ყოველ საღამოს, რადიო „უცნობის“ ეთერში, სიყალბეზე ნადირობს! ბარაქალა მას, ვისაც მათი არ ეშინია!

და ბარაქალა ჭიჭიკოსა და ბიჭიკოს, რომელთაც, ჩემგან განსხვავებით, ჩემი მეგობრებისგან განსხვავებით (თუნდაც ბათუმის სემინარზე რომ სცადეს აქაური სტუდენტების „განსაბჭოება“), საზოგადოებასთან ურთიერთობის, დიალოგის პრობლემა არა აქვთ.

„ჩვენ ვინ გვეკითხება. ჩვენ პატარა ხალხი ვართ...“

უთუოდ იტყოდა ოდესმე ჭიჭიკო... ან ბიჭიკო.

იტყოდნენ და გააგრძელებდნენ თავიანთ დიდ საქმეს, არ უღალატებდნენ სოციალური სატირის ჟანრს, რომელიც ვერაფრით განვითარდა საქართველოში.

ჰო, დამავიწყდა მეთქვა, რომ გორი-თბილისის ავტობანზე რადიო „უცნობი“ მაშინ ჩავრთე, როცა მცხეთას მივუახლოვდით. 14 ოქტომბერი იყო; მცხეთის გადასახვევთან მანქანების უზარმაზარი რიგი იდგა. ხალხს იქვე გაეშალა სუფრა. იქვე, ავტობანზე, სვამდნენ მცხეთის, სვეტიცხოვლის, ილია მეორის სადღეგრძელოს...

ეს ავტობანი სავსე იყო ცელოფანის პარკებით, გაზეთებით, პლასტმასის ჭიქებით! ამდენი ნაგავი ერთად დიდი ხანია, არ მენახა! ჯერ კიდევ მანქანების რიგში ვიდექით, როცა წვიმა წამოვიდა – ნაქეიფარი ხალხის ეს „ნარჩენები“ ქარმა წაიღო.

რადიოში კი ჭიჭიკო და ბიჭიკო ლეიბორისტული პარტიის მდივანს, ბატონ შატბერაშვილს ესაუბრებოდნენ. ბურების ჩამოსახლება უნდათ. მალე ქართველებისთვის აღარ დარჩება ადგილიო – ბრძანა მუშათა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა.

გაიცინეს. როგორ მიყვარს, ასე რომ ჩაბჟირდებიან ხოლმე!

რა მოხდებოდა, აი, იმ ბათუმელ ბიჭს, დიახაც, ლიდერი ყოველთვის მართალიაო რომ გვითხრა, ჩვენს აღშფოთებაზე ასეთივე სიცილი დაეწყო? ჩვენც ხომ გაგვეცინებოდა ჩვენსავე მენტორულ ტონზე! რაღაცებზე დავფიქრდებოდით და ვინ იცის, შეიძლება აღარ შეგვშინებოდა „ბზარის“, როცა „ჭიჭიკოები“ დაგვირეკავდნენ...

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG