Accessibility links

logo-print

„შემოგვიერთდით კი არა, გავერთიანდეთ!“


შეხვედრა „შერატონ მეტეხი პალასში“

შეხვედრა „შერატონ მეტეხი პალასში“

„ქართული აკადემია“ „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პაკეტზე მომუშავე რვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებისაგან კონკრეტულ ქმედებებზე გადასვლას მოითხოვს და მათ მეტი აქტიურობისაკენ მოუწოდებს. ამ მიზნით, 6 ნოემბერს, „ქართული აკადემიის“ წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების წარმომადგენლები „შერატონ მეტეხი პალასში“ შეიკრიბნენ. მათ ოპოზიციურ „რვიანთან“ კონკრეტული შეკითხვები აქვთ.

სანამ „ოპოზიციური რვიანი“ დიალოგს ხელისუფლებასთან დაიწყებდეს, რვიანის წევრი „ხალხის პარტიის“ ლიდერი კობა დავითაშვილი და „ქართული აკადემიის“ წარმომადგენელი დიალოგს ერთმანეთში მართავენ:

- „ყველაზე სწორი ფორმა, სწორედ ასეთი ტიპის შეკრებებია, სადაც დაისმება ღია შეკითხვები, რომლებსაც პასუხი გაეცემა. ჩვენ თავად ვართ დაინტერესებულნი, მოხდეს საზოგადოების ინფორმირება და ასევე ძალიან კარგია, რომ საზოგადოება ასეთ ინტერესს გამოხატავს“. („ხალხის პარტია“, კობა დავითაშვილი)
- ბატონო კობა, ე.ი. ჩვენ უნდა ვიაქტიუროთ? ეს ხომ ჩვენი ორგანიზებული შეხვედრაა?! („ქართულ აკადემია“).
- ძალიან კარგი, მივესალმები ასეთ ინიციატივას და ჩვენც გავაკეთებთ მსგავსი ტიპის შეხვედრებს, რადგან ამ პროცესში გამჭვირვალობა ძალიან მნიშვნელოვანია. („ხალხის პარტია“, კობა დავითაშვილი)

„ეს პროცესი ნელ-თბილად მიდისო“, – ასეთი შეფასება მისცა რადიო „თავისუფლებასთან“ საუბარში „ქართული აკადემიის“ ლიდერმა ნუკრი ქანთარიამ „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე ოპოზიციური „რვიანის“ მუშაობას. სამთვიანი შრომის შემდეგ, ცვლილებების პაკეტის პრეზენტაცია, ზუსტად ერთი თვის წინ, 4 ოქტომბერს, იმავე დარბაზში შედგა, რომელ დარბაზშიც ერთი თვის თავზე, 6 ნოემბერს, ქართული აკადემიის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების წარმომადგენლები ოპოზიციურ სპექტრს სწორედ იმიტომ შეხვდნენ, რომ ამ ერთი თვის განმავლობაში ოპოზიციურმა ელიტამ ხელისუფლებასთან დიალოგს ჯერჯერობით ვერ მიაღწია. ნუკრი ქანთარია ოპოზიციის გააქტიურებასა და ამ პროცესში საზოგადოების აქტიურ ჩართულობას გარდაუვალ ფაქტად მიიჩნევს: „სამწუხარო ტრადიცია გვაქვს, რომ ხელისუფლებასთან დიალოგის შემდეგ სასურველი შედეგი არ დგება, ამიტომ გვაინტერესებს, რას ფიქრობენ ოპოზიციური პარტიები, რამდენად პრინციპულად დაიცავენ თავიანთ შექმნილ დოკუმენტს, ჩვენ გვინდა, რომ ამ შეხვედრებით მათ მეტი აქტიურობის საბაბი მივცეთ, რადგან უნდა იცოდნენ, რომ მათ საზოგადოება უყურებს და საზოგადოების მხრიდან გარკვეული კონტროლი მოქმედებს“.

„ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატები“, „ეროვნული ფორუმი“, „საქართველოს კონსერვატიული პარტია“, „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“, „ახალი მემარჯვენეები“, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“, „ხალხის პარტია“, „საქართველოს გზა“ – ეს ის ოპოზიციური ძალებია, რომლებმაც ხელისუფლებას ჯერ კიდევ ოქტომბრის დასაწყისში მიმართეს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების თემაზე დიალოგის თხოვნით. ცვლილებების პაკეტი ხუთ ძირითად საკითხს მოიცავს, ესენია: საქართველოს პარლამენტის არჩევნების საარჩევნო სისტემა, ამომრჩეველთა სიების შედგენის წესი, არჩევნების დღე, საარჩევნო დავების განხილვის სისტემა და საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი. „ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთი ლიდერი, კახა შარტავა იმ ერთადერთ საჯარო რეაქციაზე საუბრობს, რომელიც ოპოზიციურმა „რვიანმა“ ხელისუფლებისაგან აღნიშნულ ინიციატივებზე რამდენიმე დღის წინ მიიღო: „28 ოქტომბერს დავით ბაქრაძემ ირიბად დააფიქსირა სურვილი, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით შეხვედრები და დიალოგები აუცილებელია. ეს არ ნიშნავს არც მოლაპარაკების დაწყებას, არც შედეგის დასრულებას და არც ვადების განსაზღვრას. ვფიქრობთ, რომ თუკი ამ პროცესში საზოგადოების ჩართვა მოხდება და თუკი სამოქალაქო სექტორიც მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ გაგვარკვიოს, აპირებს თუ არა ამ მიმართულებით რაიმე ნაბიჯების გადადგმას“, – აღნიშნავს კახა შარტავა.

„ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერს, ირაკლი ალასანიას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის რეაქცია იმასთან მიმართებით, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით დიალოგი უნდა დაიწყოს, ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს და ამბობს, რომ პროცესი უახლოეს მომავალში სტარტს აიღებს: „დარწმუნებული ვარ, უახლოეს დღეებში შევთანხმდებით პირველი შეხვედრის ფორმასა და ფორმატზე და დაიწყება შეხვედრები, რომელშიც მჯერა, რომ ყველა მხარე, მათ შორის, პირველ რიგში, საზოგადოება დარჩება მოგებული“, – აცხადებს ირაკლი ალასანია.

ისეთი ტიპის აქტიურობა, რომელსაც რვა პოლიტიკური ძალა გვთავაზობს გახლავთ აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობა წარმატებისათვის, განმარტავს რადიო „თავისუფლებასთან“ საუბარში ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილი: „მთავარია, რომ ჩვენმა ოპოზიციურმა ძალებმა დაანებონ თავი ამა თუ იმ პრობლემის პრივატიზაციის სურვილს და გადაეჩვიონ ფრაზას – შემოგვიერთდით. როდესაც დამკვიდრდება სიტყვა გავერთიანდეთ, მაშინ, რასაკვირველია, იქნება უფრო მეტი პერსპექტივა, რომ ასეთ საქმიანობებს პოზიტიური შედეგები მოჰყვება“, – აცხადებს რადიო „თავისუფლებასთან“ საუბარში სოსო ცისკარიშვილი.

ოპოზიციური სპექტრის დიდი ნაწილი 7 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე აპირებს გაერთიანებას. ისინი საზოგადოებასთან ერთად 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებს უკვე მესამედ გაიხსენებენ. ღონისძიებას მხოლოდ „ახალი მემარჯვენეები“ და „ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატები“ არ შეუერთდებიან.
XS
SM
MD
LG