Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთში გრძელდება ალექსანდრ ლიტვინენკოს მოწამვლის გამოძიება


ჰამბურგი: მარინა ლიტვინენკო და ალექსანდრ გოლდფარბი წიგნის, "დისიდენტის სიკვდილი" პრეზენტაციაზე 2007 წელს
ჰამბურგი: მარინა ლიტვინენკო და ალექსანდრ გოლდფარბი წიგნის, "დისიდენტის სიკვდილი" პრეზენტაციაზე 2007 წელს
ოთხი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ლონდონში, რადიაქტიულ ნივთიერება პოლონიუმით მოწამვლის შედეგად გარდაიცვალა ალექსანდრ ლიტვინენკო - ერთ დროს რუსეთის უშიშროების სამსახურის თანამშრომელი, მოგვიანებით, ბრიტანეთში ემიგრაციის შემდეგ, პუბლიცისტი და რუსეთის მმართველი რეჟიმის, პირველ რიგში, ვლადიმირ პუტინის ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი კრიტიკოსი. ლიტვინენკოს საქმის გამოძიებისას, ლონდონმა, როგორც ცნობილია, ამაოდ სთხოვა რუსეთს ეჭვმიტანილ ანდრეი ლუგოვოის ექსტრადიცია. ამჟამად კი ბრიტანეთში იძიებენ ინფორმაციას, რომელიც, დადასტურების შემთხვევაში, იქნება ყველაზე ძლიერი მტკიცებულება ვარაუდისა, რომ ლიტვინენკოს მკვლელობის უკან რუსეთის უშიშროების სამსახური იდგა.

ლონდონში გამომავალი „სანდეი ტაიმსის“ ცნობით, სკოტლანდ იარდი იძიებს ბრალდებას, რომ რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა რადიაქტიული პოლონიუმის კონტეინერი მიიღო - სულ რაღაც ცხრა კვირით ადრე, ამავე ნივთიერებით ლიტვინენკოს მოწამვლამდე.

ბრალდება ეფუძნება დოკუმენტებს, რომლებიც ლიტვინენკოს ქვრივს, მარინას მიაწოდეს და რომლებიც, გავრცელებული ინფორმაციით, ასახავს პოლონიუმის ატომური ელექტროსადგურიდან მოსკოვში ტრანსპორტირების გზას. მარინა ლიტვინენკოს, მისივე თქმით, სჯერა ინფორმაციის ავთენტიკურობის, რის გამოც მასალა მან ლონდონის პოლიციას გადასცა; რუსი ექსპერტები კი უფრო სკეპტიკურად არიან განწყობილი; რაც შეეხება რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურს, მან დოკუმენტების გავრცელებას უხეირო სპექტაკლი უწოდა.

ასეა თუ ისე, ბრალდება უკავშირდება სამი დოკუმენტის ასლებს, რომლებიც ორი თვის წინ გადასცეს ლიტვინენკოების მეგობარს, ალექსანდრ გოლდფარბს. ეს უკანასნკელი კრემლის კიდევ ერთ ცნობილ ოპონენტთან, ბორის ბერეზოვსკისთან დაახლოებული პირია და თვითონაც მკაცრად აკრიტიკებს კრემლს. გოლდფარბის განმარტებით, საქმე ეხება ასლებს.

„ეს არის ასლები დოკუმენტებისა, რომლებსაც ასლი გადაუღო კეთილმა ხალხმა და ჩვენ მოგვაწოდა. ჩვენ ძალიან მადლიერი ვართ ამ მამაცი ხალხისა, რადგან ისინი საკუთარ სიცოცხლეს რისკავენ ასეთი ასლის გადაღებით. ამ დოკუმენტების არსი ის არის, რომ ასახავს რადიაქტიული კონტეინერის ტრანსპორტირებას ბალაკოვსკაიას ატომური ელექტროსადგურიდან მოსკოვში. ეს ატომური სადგური ეკუთვნის „როსატომს“, ანუ სამოქალაქო ორგანიზაციას. მოსკოვში კი ეს კონტეინერი ჩააბარეს უშიშროების ფედერალური სამსახურის წარმომადგენლების სახელზე - კერძოდ უშიშროების სამსახურის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლების სახელზე... და თუ ეს დოკუმენტები სინამდვილეს შეესაბამება, ისინი აჩვენებს, რომ დაახლოებით ორი თვით ადრე, ვიდრე პოლონიუმს აღმოაჩენდნენ ლონდონში, პოლონიუმი გადაეცა „როსატომის“ სამოქალაქო სისტემიდან უშიშროების ფედერალური სამსახურის სისტემას“, - ამბობს გოლდფარბი ინტერვიუში, რომელიც მას რადიო თავისუფლების რუსულმა სამსახურმა ჩამოართვა.

გოლდფარბს სხვა დეტალებიც მოჰყავს. ის ამბობს, რომ დოკუმენტებით, რომლებსაც ახლა სკოტლანდ იარდი იძიებს, რადიაქტიული კონტეინერი ბალაკოვსკაიას ატომური ელექტროსადგურიდან მოსკოვში ჩაიტანა საგანგებო სამხედრო შენაერთმა; რომ დოკუმენტები მოიცავს მითითებას, რა ევალება სამხედრო შენაერთის მძღოლს და მოიცავს ცნობას, რომელიც მიანიშნებს, რომ კონტეინერი შეიცავს საროვში (ყოფილ არზამას 16-ში) დამზადებულ პოლონიუმს; რომ დოკუმენტებში ნახსენებია რამდენიმე ადამიანი, მათ შორის, მძღოლის გარდა, უშიშროების სამსახურის თანამშრომლებიც...

„თუ ყოველივე ეს სიმართლეა, ეს ძალიან ბევრს მატებს იმ ვერსიის არგუმენტებს, რომ ლიტვინენკოს მოწამვლის უკან უშიშროების ფედერალური სამსახური დგას, რომ ეს იყო სახელმწიფოებრივი დანაშაული. ანუ ეს არ იყო რაღაც მოპარული პოლონიუმი... დამთხვევა, ჩვენი აზრით, ნაკლებად სავარაუდოა. პოლონიუმი საკმაოდ იშვიათი ნივთიერებაა და ის, რომ პოლონიუმი უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა მიიღო მკვლელობამდე სულ ორი თვით ადრე, ამას აჩვენებს... თუმცა, ეს, რასაკვირელია, არაპირდაპირი სამხილია,“ - დასძენს ალექსანდრ გოლდფარბი.

ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში, გოლდფარბს ჰკითხეს აგრეთვე, თუ რატომ დააყოვნა მისმა წყარომ ინფორმაციის მიწოდება (ლიტვინენკოს მკვლელობიდან, როგორც ცნობილია, ოთხი წელია გასული). პირადი გარემოებების გამოო, ამბობს ლიტვინენკოების მეგობარი და განაგრძობს:

„მას დრო დასჭირდა ამის გასაკეთებლად. დარწმუნებული არა ვარ, რომ ეს დოკუმენტები ადრეც ჰქონდა, რადგან ეს აშკარად ასლებია. არ ვიცი, ასლები როდის გადაიღეს. მეტს ვერაფერს ვიტყვი, რათა კვალი ჩვენს წყარომდე არ მივიდეს. მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ ეს არის სერიოზული წყარო. განსხვავებით ყველა დამკვირვებლისა და ჟურნალისტისაგან, ვინც ამ საკითხით არის დაკავებული, ჩვენ ვიცით, ვინ არის წყარო. მე და მარინამ ვიცით, ვინ არის წყარო, ჩვენ ვენდობით ამ წყაროს“.

ლიტვინენკოს ქვრივიც, მისივე თქმით, სერიოზულად ეკიდება დოკუმენტებს, მაგრამ აღიარებს, რომ შეუძლებელია, ასი პროცენტით იყოს დარწმუნებული ასლების ავთენტიკურობაში.

ახლა ჯერი სკოტლანდ იარდზეა - მან უნდა დაადგინოს, რამდენად არსებობს კავშირი რუსეთში 2006 წლის აგვისტოში პოლონიუმის შესაძლო ტრანსპორტირებასა და იმავე წლის ნოემბერში ლონდონში ლიტვინენკოს პოლონიუმით მოწამვლას შორის.
XS
SM
MD
LG