Accessibility links

logo-print
სექტემბერ-ნოემბერში მომხდარი ტერაქტების ოფიციალურმა ვერსიამ დაადასტურა ის საშიშროება, რაზე ხმამაღლა საუბარიც საქართველოში დღემდე მკრეხელობად ითვლებოდა: რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დაიწყეს ოკუპირებულ ზონაში მცხოვრები ქართველების გადაბირება საქართველოში დივერსიული და ტერორისტული აქტების მოსაწყობად.

ჰუმანური მოსაზრებით, კარგი არც ის იქნებოდა, თუ გალში მცხოვრები რომელიმე პატრიოტი ქართველი იერიშს მიიტანდა საოკუპაციო ჯარების პოსტებზე და ბადრაგზე. 1996-1999 წლებში, როდესაც გალში პარტიზანული წინააღმდეგობის მოძრაობა დივერსიულ აქტებს აწყობდა, იმ ქმედებებს ჰქონდა რეზონანსი, ხოლო პარტიზანებს - მოტივაცია. დღეს კი საქართველოს ხელისუფლებამ არა მხოლოდ ხელი აიღო ოკუპირებულ ტერიტორიებზე დივერსიულ საქმიანობაზე, არამედ პირობა დადო, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად ძალას არ გამოიყენებს.

გალის რაიონში მცხოვრები რამდენიმე ათასი ადამიანი იმედგაცრუებულია. ბევრი მათგანი, მარგინალიზებული და მიტოვებული, ლუკმა-პურის საშოვნელად და საკუთარი ოჯახის გადასარჩენად, შესაძლოა, საოკუპაციო ძალასთან და აფხაზეთის თვითგამოცხადებულ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა გადაწყვიტოს.

როგორც ტერაქტების შემსრულებლად მიჩნეული გოგიტა არქანიას ჩვენება ცხადყოფს, მოხალისე ტერორისტსა და მის თანამზრახველებს სწორედ გასამრჯელოს მიღების სურვილი ამოძრავებდათ.

თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილ მოსახლეობას მატერიალურად ძალიან უჭირს (როგორც გალში, ისე ახალგორსა თუ კოდორის ხეობაში), რუსეთის საოკუპაციო ძალებს არც მომავალში უნდა გაუჭირდეთ საქართველოში წყლის ამღვრევის მოსურნე ქართველების მოძიება და სათანადოდ მომზადება.

მეტიც, საქართველოში ვითარების დესტაბილიზების მიზნით რუსეთი მომავალში უსათუოდ გამოიყენებს ჩრდილოეთკავკასიურ აგენტურას და შინნაზარდ დივერსიულ-ტერორისტულ ჯგუფებს, რომლებსაც ბევრად უფრო საზარელი ტერაქტების მოწყობა შეუძლიათ, ვიდრე არქანიასა და მის ჯგუფს. და რამდენიც უნდა ამტკიცონ რუსმა დეპუტატებმა, რომ საქართველოში მომხდარ ტერაქტებთან კრემლს ხელი არ აქვს, შუბი ხალთაში არ იმალება.

აჭარაში რუსეთის აგენტურული ქსელის ჩავარდნას, საქართველოს პარლამენტის მიერ ჩერქეზთა გენოციდის მოსალოდნელ აღიარებას, ან საქართველოს გადაქცევას თავისუფალი კავკასიის მედროშედ, რუსეთის სპეცსამსახურები აუცილებლად უპასუხებენ მრავალფეროვანი ძირგამომთხრელი საქმიანობით.

არავის ვაშინებ, მაგრამ საქართველოში, შესაძლოა, განმეორდეს 90-იანი წლების ვითარება, როდესაც საცხოვრებელ სახლებთან თავს ესხმოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ოპოზიციის ლიდერებს (ნიკა კეკელიძე, გია გულუა, გია ჭანტურია, ირინა სარიშვილი) ან ტერაქტს უწყობდნენ ქვეყნის პირველ პირს.

ერთადერთი იმედი, რომ საქართველოს დესტაბილიზაციის ყველაზე უარესი სცენარი არ განხორციელდება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და მასში გაერთიანებული სპეცსამსახურებია. მათ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ საქართველოს სპეცსამსახურებმა შეძლეს სექტემბერ-ნოემბერში მომხდარი ტერაქტების გახსნა; მანამდე გამოავლინეს ჯაშუშური ქსელი აჭარაში. ამისთვის საქართველოს სპეცსამსახურებს ქების სიტყვა ეკუთვნით. მაგრამ თუ კარგად დავაკვირდებით, საქართველოს უსაფრთხოების ძალები უკეთ მოქმედებენ მომხდარი დანაშაულის გახსნისას და ტრადიციულად მოიკოჭლებენ პრევენციაში.

ვერც ერთ ზემოხსენებულ შემთხვევაში საქართველოს სპეცსამსახურებმა ვერ შეძლეს სახელმწიფოსათვის საშიში ქმედების თავიდან აცილება: „ენვერმა“ და მასში მონაწილე ჯაშუშებმა საიდუმლო ინფორმაცია იოლად მიაწოდეს რუსეთის დაზვერვას, ხოლო გოგიტა არქანიამ, ენგურის გავლით, უმტკივნეულოდ შეიტანა დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება და დეტონატორები თბილისში.

ტერაქტების პრევენცია ძნელი საქმეა და ბოლო ხანს ამის გაკეთება სულ უფრო უჭირთ დასავლეთის თვით ყველაზე გამოცდილ სპეცსამსახურებსაც კი თავიანთი განტოტვილი აგენტურული ქსელებით. მაგრამ მოხალისე ტერორისტი არქანია „ბინძური ბომბებით“ ასე თავისუფლად რომ დასეირნობდა წინ და უკან, ეს უკვე სპეცსამსახურების საქმიანობაში არსებულ სერიოზულ ხარვეზებზე მეტყველებს.

ბოლო ხანს საქართველოში ბევრი გაკეთდა უსაფრთხოების ძალებისა და სპეცსამსახურების ტექნიკური აღჭურვისა და პირადი შემადგენლობის მომზადებისათვის. მაგრამ მოსალოდნელ საფრთხეებს ბევრად უფრო მძლავრი და სტრუქტურირებული უსაფრთხოების ძალები სჭირდება.

ამ შემთხვევაში შესაძლოა, გასათვალისწინებელი იყოს საპარლამენტო ოპოზიციის რეკომენდაცია, რომლის მთავარი არსი იმაშია, რომ სპეცსამსახურები - კონტრდაზვერვა და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი - გამოეყონ შინაგან საქმეთა სამინისტროს და ცალკე სტრუქტურაში გაერთიანდნენ.

საქართველოს სპეცსამსახურში უკვე გაიზარდნენ კადრები, რომლებსაც შეუძლიათ, ურთულეს ვითარებაში, უნარიანად გაუძღვნენ განახლებულ უშიშროების სამინისტროს და უფრო ეფექტიანი გახადონ სპეცსამსახურების საქმიანობა როგორც დანაშაულის ოპერატიულად გახსნის, ისე მისი პრევენციის თვალსაზრისით.

ერთი კაცი, როგორი ფენომენური მენეჯერული თვისებებიც უნდა ჰქონდეს, აშკარად ვერ გასწვდება ისეთი ვეებერთელა სამინისტროს მართვას, რომელიც აერთიანებს პოლიციის, საზღვრის დაცვისა და სპეცსამსახურების ფუნქციებს. მით უფრო, რომ ეს ერთი კაცი - მინისტრი ვანო მერაბიშვილი - ბოლო ხანს აღარ მალავს პოლიტიკურ ამბიციებს და დიდ დროს ანდომებს საკუთარ პიარსა და ინტერვიუებს მედიასთან (ძირითადად რუსეთის მედიასთან).

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG