Accessibility links

სოხუმელი ჟურნალისტი: რუსეთის სამხედროები „საერთოდ არ ექვემდებარებიან აფხაზეთის იურისდიქციის კონტროლს“


რუსი ჯარისკაცები სოხუმში

რუსი ჯარისკაცები სოხუმში

როცა რომელიმე ქვეყნის არმია სხვის ტერიტორიაზე შედის და იქ ბაზებს აფუძნებს, ყოველთვის არის საშიშროება, რომ მისი ჯარისკაცი იქ განსაკუთრებულ სტატუსს მოიპოვებს. ასე რომ არ იყოს, ყველა არათავის ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი სამხედრო, თუკი საბრძოლო მოქმედებაში ჩართვა მოუხდა, შეიძლება, საბოლოო ჯამში, მკვლელობისა და სხვა ძალადობრივი დანაშაულისთვის გასამართლდეს.

აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში რუსეთის არმიას ბაზები აქვს. სხვა თემაა, რომ ამ ქვეყნის ჯარის იქ ყოფნა საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება, ეწინააღმდეგება რუსეთის მიერ საერთაშორისო შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებას. როგორც სოხუმელი ჟურნალისტი ახრა სმირი თვლის, ამ მხრივ სირთულე აქვს რეგიონის დე ფაქტო კანონმდებლობასაც. სმირის ბლოგს, რომელსაც ის რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის რუსულენოვანი პროექტის „ეხო კავკაზასთვის“ წერს, პრეზიდენტი ბაღაფშიც კი გამოეხმაურა. აი, რა უთხრა სმირმა რადიო თავისუფლებას:

„საზოგადოების წარმომადგენლებთან წერილი მხოლოდ სერგეი ბაღაფშს არ განუხილავს. მას ყურადღება დაუთმეს სახელმწიფო ტელევიზიის ეთერშიც. ზუსტად გუშინ გუდაუთის რაიონის აქტივის შეკრებაზე (აქტივში იგულისხმებიან სხვადასხვა დონის სახელმწიფო მოხელეები, რომლებიც მმართველ პარტიას წარმოადგენენ) განიხილეს უკვე არა ის მასალა, რომელსაც ელჩის უკმაყოფილება მოჰყვა, არამედ „ეხო კავკაზას“ ბლოგზე გამოქვეყნებული სხვა წერილი, სადაც მე ვამბობ, რომ რუსეთის ჯარისკაცს აფხაზეთში მეტი უფლება აქვს, ვიდრე აფხაზეთის ნებისმიერ მცხოვრებს. ეს ხდება, უნდა ითქვას, საბჭოთა ტრადიციების შესაბამისად, როცა იკრიბება აქტივი და, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, განიხილავს უკმაყოფილების გამომწვევ ამა თუ იმ მოქალაქეს. ამ შემთხვევაში ეს მოქალაქე მე აღმოვჩნდი“.

ელჩი, რომელიც ჩვენმა კოლეგამ ახსენა, რუსეთის წარმომადგენელია თვითგამოცხადებულ რეგიონში, სემიონ გრიგორიევი, რომელიც განარისხა სმირის გამოთქმამ, აფხაზეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობა ინფიცირებულ პარტნიორთან ურთიერთობას მახსენებსო. ამ შეფასებას მძაფრი რეაქცია მოჰყვა. რამდენად მიღებული პრაქტიკაა ეს ეგრეთ წოდებული „აქტივზე განხილვა“, რასაც ჩემი კოლეგა, დემის პოლანდოვი, რომელიც ესაუბრა სმირს, უფრო დისკრედიტაციას უწოდებს? სმირის თქმით, ეს საკმარისად ჩვეულებრივი პრაქტიკაა. ის იხსენებს ბოლო დროს ასეთი მეთოდის გამოყენებას მამუკა ყუფარაძის ფილმის, „ნების უქონლობის“, ჩვენებასთან დაკავშირებით:

„თვითონ ფილმზე, ფილმის არსზე ან ჩემი წერილების არსზე არავინ არაფერს ამბობს. ვითარებას მე ასე ვხედავ: მნიშვნელოვანია იმის ჩვენება, რომ არის გარკვეული შრე აფხაზეთში, როგორც წესი, პოლიტიკურად აქტიური ადამიანებისა, რომლებიც ცდილობენ ამ დისკრედიტაციას, ცდილობენ მიაკრან ხან პროქართული, ხან ანტირუსული, ხან პროდასავლური, ხან სხვა იარლიყი - არა აქვს მნიშვნელობა. მთავარია, რომ იყოს გარკეული იარლიყი. ამიტომაა, რომ ამ ყველაფერს უჩემოდ განიხილავენ“.

სანამ სმირი განგიმარტავდეთ, რას განიხილავდა გუდაუთის რაიონის აქტივი, გაგაცნობთ ერთ-ორ ფრაგმენტს მისი ამ ბლოგიდან, რომლის სახელწოდება ასე ჟღერს: „საკურორტო პატარა ქალაქის მოდუნებული ცნობიერება“. მასში სმირი ერთ კონკრეტულ ფაქტზე - ორი მოსამართლისთვის პარლამენტის მიერ უფლებამოსილების ვადის შეჩერების შესახებ - წერს და ამბობს, ამ მოსამართლეებს ძალიან საეჭვო რეპუტაცია ჰქონდათო. პარლამენტის წევრებმა იმოქმედეს სასამართლოს სისტემის სიწმინდისთვისო, აცხადებს სმირი და იქვე მკითხველს ეუბნება, ეს სიწმინდე ამ ეტაპზე ერთობ შედარებითია და სრულ რეფორმირებას საჭიროებსო. ოდნავ ქვემოთ, მას მერე, რაც იმედს გამოთქვამს, რომ პარლამენტის გადაწყვეტილება მართლაც წაადგება სასამართლო სისტემის გაჯანსაღებას, ის რამდენიმე სიტყვით ახასიათებს აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სასამართლო სისტემის მანკიერებას: „კორუფცია, მატერიალური და ადამიანური რესურსების სიმწირე, კანონმდებლობის არასრულყოფილება“. ცხადია, დეპუტატების მოულოდნელი კეთილშობილება, რომ შეუწყვიტეს კარიერა ბინძურ მოსამართლეებს, ძალიანი დროული იყო, მაგრამ არის განსაკუთრებული ვითარება, რომელიც ამ ნაბიჯის მთელ დადებითი შედეგს გააბათილებსო, წერს სმირი. იგულისხმება აფხაზეთსა და რუსეთს შორის დადებული ის შეთანხმებები, რომლებსაც აფხაზეთის ხელმძღვანელობა წაუკითხავად აწერს ხელს. სმირი განმარტავს:

„ეხო კავკაზაზე“ გამოქვეყნებული ბლოგის განხილვა მიმდინარეობდა გუდაუთის რაიონში. განიხილავდნენ ჩემს მხოლოდ ერთ ფრაზას, კონტექსტიდან ამოგლეჯილს: „რუსეთის ჯარისკაცს აფხაზეთში მეტი უფლებები აქვს, ვიდრე აფხაზეთის ნებისმიერ მცხოვრებს“. ამბობდნენ, სწორედ ამ ფრაზით აღვივებს ანტირუსულ განწყობილებას აფხაზეთშიო. ამ დროს, თუ გადახედავთ შესაბამის ხელშეკრულებებს, რომელსაც ხელს აწერენ აფხაზეთი და რუსეთი და რომელიც აწესრიგებს რუსეთის სამხედროთა აფხაზეთში ყოფნას, ჩანს, რომ არც ერთ დიპლომატსაც კი არა აქვს ასეთი სტატუსი. ეს არის მათი და მათი ოჯახის წევრების ხელშეუხებლობა, ხელშეუხებლობა იმ ობიექტებისა, რომლებიც მათზეა მიწერილი და ისინი საერთოდ არ ექვემდებარებიან აფხაზეთის იურისდიქციის კონტროლს. სტატიის შესახებ არაფერი თქმულა. მეტიც, იქ მყოფთა უმრავლესობას არც კი წაუკითხავთ ჩემი ბლოგი. ეჭვი მაქვს, იყო მითითება ზემოდან. საჭირო იყო განსჯა, რაც, კაცმა რომ თქვას, ხდებოდა კიდეც, და კიდევ ერთი: განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა იმაზე, რომ ვმუშაობ ამერიკული რადიოსადგურისთვის, იმაზე, რომ ვიღებ ამერიკულ ხელფასს და სწორედ ამასთან კავშირში ვაღვივებ ანტირუსულ განწყობილებას. ესეც საბჭოთა აგიტპროპაგანდის საუკეთესო ტრადიციების სრული აბსურდია“.

თავისთავად ცხადია, შეგიძლიათ წაიკითხოთ ახრა სმირის ბლოგი ჩვენი რადიოს ვებსაიტზე (www.ekhokavkaza.com), მაგრამ მე მინდა კიდევ ერთი ფრაგმენტი გაგაცნოთ ისე, რომ არ ამოვარდეს კონტექსტიდან. ერთ ადგილზე თავის ბლოგში სმირი წერს, რომ რუსეთის სამხედრო მოსამსახურე აფხაზური კანონმდებლობისთვის მიუწვდომელია. მაგრამ ის არა მხოლოდ დაცულია გასამართლებისგან, როგორც დიპლომატი, არამედ ისეა დაცული, რომ აფხაზეთს არ შეუძლია ამ დაცვის გადალახვა. ისე, დასძენს სმირი, სამთავრობო ორგანოები არც ცდილობენ ამის გაკეთებას. არსებობს, მისივე თქმით, შემათანხმებელი კომისია, რომელმაც უნდა მოაგვაროს დავა, თუკი ასეთი წარმოიშვა. მაგრამ, მის მიერ მოყვანილი ერთი მაგალითის თანახმად, ამ კომისიას საფუძვლად უდევს ისეთი სამართლებრივი მოდელი, რომ ვერც ერთი იურისტი მასში ვერ გაერკვევა. ამასთან, კონტიტუციასა და კანონში ასეთ კომისიაზე სიტყვა არ არის ნათქვამი. სმირი წერს, რუსეთის ბაზები აფხაზეთის იურისდიქციას არ ექვემდებარება და ამიტომაც ქვეყნის ტერიტორიაზე შეიძლება შეიქმნას ნაკრძალები, სადაც ნებისმიერი დამნაშავე შეძლებს თავის შეფარებასო. ყოველი „განმათავისუფლებელი“, ფაქტობრივად, ხელშეუხებელია ბაზის მაღალი ღობის მიღმა და თუკი ვინმე შეეცდება მოიძიოს სამართალი, როცა საქმე რუსეთის სამხედროთა მიერ ჩადენილ დანაშაულს ეხება, აფხაზებს შეუძლიათ ამის გაკეთება მხოლოდ რუსეთში, სადაც ჩაწერილია მოპასუხე.

სმირი „ეხო კავკაზასთვის“ მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ არსებითი პრეტენზია მას არავისგან მოუსმენია. მის წერილში ნათქვამი ფრაზები ბევრს მძაფრად ეჩვენა, მაგრამ სოციალურ ქსელებში მხარი დაუჭირეს, ისევე როგორც ჟურნალისტმა კოლეგებმა. ბევრმა, ვინც თავიდან მაკრიტიკებდა, ბოლოს, როცა საქმეში გაერკვა, პოზიცია შეიცვალაო, ამბობს ის. ახრა სმირი შენიშნავს, ამ მხარდაჭერის ფონზე აშკარად ვგრძნობ, რომ კრიტიკა მხოლოდ ხელისუფლების მხრიდან მოდისო.

რაც შეეხება ბლოგს, აფხაზი კოლეგა მას გარკვეული პათოსით ამთავრებს. საკუთარი კანონის მიმართ უპატივცემულობა უნებისყოფო აბორიგენების დამახასიათებელი თვისებაა, როცა ის მზად არის ერთი მუჭა ბრჭყვიალა კენჭების სანაცვლოდ სახლი, ცოლი და ცა თავს ზემოთ კოლონიზატორს მისცესო, ამბობს ის.

”ჩვენს ბრალს და პასუხისმგებლობას განსაზღვრავს ამორჩევა ხელმძღვანელობისა, რომელიც ხალისით და დაუფიქრებლად აწერს ხელს კოლონიზატორული სულით განმსჭვალულ ყველა ქაღალდს. აქ ლაპარაკია ჩვენი მომავლის მიმართ პასუხისმგებლობაზე. თუკი არ გაგვიჩნდა საკუთარი კანონმდებლობის მიმართ პატივისცემის გრძნობა, ჩვენ, ჩვენი „საარაკო უყურადღებობით“, ძალიან მალე აღმოვჩნდებით საკუთარ სახლში მეორეხარისხოვან მოქალაქეებად“, - წერს ახრა სმირი.
XS
SM
MD
LG