Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატები ავღანეთის ახალი სტრატეგიული მიმოხილვის მოლოდინში


ამერიკელი ჯარისკაცები ავღანეთში
ამერიკელი ჯარისკაცები ავღანეთში
16 დეკემბერს ბარაკ ობამას ადმინისტრაცია ავღანეთში შეერთებული შტატების საქმიანობის დაპირებულ სტრატეგიულ მიმოხილვას გამოაქვეყნებს. მიუხედავად ავღანეთის უსაფრთხოების კუთხით მიღწეული წარმატებებისა, დოკუმენტის დასკვნით ნაწილში ხაზგასმული იქნება მნიშვნელოვანი სირთულეების არსებობაც.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ სტრატეგიული მიმოხილვის პირობა ერთი წლის წინ დადო - მას შემდეგ, რაც ავღანეთში დამატებით 30 ათასი ჯარისკაცის გაგზავნის გადაწყვეტილებას მოაწერა ხელი. დამატებით კონტინგენტს უნდა შეექმნა უსაფრთხოების სათანადო პირობები, რაც შესაძლებლობას მისცემდა ვაშინგტონს დაეწყო საბრძოლო ნაწილების გამოყვანა 2011 წლის ზაფხულიდან. სტრატეგიული მიმოხილვის გამოქვეყნებამდე ერთი კვირით ადრე ავღანეთში შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი რობერტ გეითსი ჩავიდა. ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაისა და კოალიციური ძალების სარდლობასთან შეხვედრის შემდეგ რობერტ გეითსმა განაცხადა, რომ უკან ბრუნდება იმის მტკიცე რწმენით, რომ „ჩვენი სტრატეგია ავღანეთში მუშაობს“:

„თუნდაც ბოლო რამდენიმე თვეში მიღწეულმა წარმატებებმა ჩემს მოლოდინს გადააჭარბა. თალიბანი აკონტროლებს უფრო ნაკლებ ტერიტორიებს, ვიდრე ერთი წლის წინ ჩემი აქ ყოფნის დროს იყო და ამის შედეგად უფრო დიდი რაოდენობით ავღანელს აქვს შესაძლებლობა იცხოვროს ტერორიზმის შიშის გარეშე და შექმნას უფრო უკეთესი ცხოვრება თავისთვის და თავიანთი ოჯახებისათვის“.

ავღანეთში მართლაც არსებობს წარმატების ნიშნები. პირველ რიგში ეს შეიძლება ითქვას პაკისტანის საზღვარზე მდებარე კუნარის პროვინციაზე, სადაც ზაფხულიდან მოყოლებული კოალიციურმა ძალებმა 850-მდე მეამბოხე შეიპყრეს ანდა გაანადგურეს. ყანდაარსა და ჰელმანდში, სადაც მეამბოხეებისაგან მნიშვნელოვანი ტერიტორიები გაიწმინდა, ვითარება ასევე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნის დიდი ტერიტორია კვლავაც თალიბების კონტროლის ქვეშაა, ფესვგამდგარია კორუფცია, მართვა-გამგებლობა სუსტია, ხოლო ავღანეთის უსაფრთხოების ძალების გაწვრთნა ადრინდელივით სირთულეებს აწყდება.

ასეთი პესიმისტური ნარატივის მიუხედავად, თეთრი სახლის მიმოხილვა, როგორც ვარაუდობენ, მნიშვნელოვან ცვლილებებს არ შეიტანს სტრატეგიაში, - აცხადებს გადამდგარი ამერიკელი გენერალი დეივ ბარნო, რომელიც 2003-2005 წლებში ავღანეთში გაერთიანებულ ძალებს მეთაურობდა. გადამდგარი გენერალი, რომელიც ვაშინგტონში არსებული ახალი ამერიკული უსაფრთხოების ცენტრის თანამშრომელია, თეთრი სახლის სტრატეგიულ მიმოხილვას „საშუალოვადიან“ დოკუმენტს უწოდებს. ანალიტიკოსს მხედველობაში აქვს ის გარემოება, რომ დამატებითი ამერიკული კონტინგენტის ბოლო ქვედანაყოფის გადასროლის ოპერაცია ავღანეთში ცოტა ხნის წინ დასრულდა:

„ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ ავღანეთში ამერიკული სამხედრო ძალის ბოლომდე შეყვანა ამ წლის სექტემბრამდე არ იყო დასრულებული. ასე რომ, ყველა აცნობიერებს, რომ ამ სამხედრო ძალების ზეგავლენა სრულად მხოლოდ მომავალ წელს გამოჩნდება“.

დეივ ბარნოს დაკვირვებით, სტრატეგიული მიმოხილვით თეთრი სახლი ავღანეთში მიღწეული წარმატებების დემონსტრირებას ცდილობს იმ საერთაშორისო ზეწოლის პასუხად, რაც თეთრ სახლზე ნატოს ლისაბონის სამიტზე მიღებულმა გადაწყვეტილებამ მოახდინა. ნატოს მოკავშირეებმა ლისაბონის სამიტზე ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც, ავღანეთის უსაფრთხოების ძალებისათვის ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის გადაცემა 2014 წლისთვის უნდა დასრულდეს. 2010 წელი ავღანეთში მოქმედი უსაფრთხოების მხარდამჭერი კოალიციური ძალებისათვის ყველაზე სისხლისმღვრელი იყო ცხრაწლიანი საომარი კამპანიის განმავლობაში. მემბოხეებთან შეტაკებებისა და დივერსიული თავდასხმების შედეგად ავღანეთში ნატოს 700 ჯარისკაცი დაიღუპა. ყველაზე დიდი დანაკარგი - 475 ჯარისკაცი - ამერიკის შეერთებული შტატების არმიამ განიცადა. სექტემბრის თვეში ხუთი სამხედრო მოსამსახურე დაკარგა საქართველოს სამხედრო ქვედანაყოფმა, რომელიც ავღანეთში 970-ზე მეტი ჯარისკაცით არის წარმოდგენილი.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG