Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანია და საქართველო-რუსეთის დიალოგის პერსპექტივები


”რუსები, როგორც წესი, გამირბიან”, - უთხრა გერმანული გაზეთის ”თაგესშპიგელის”კორესპონდენტს საქართველოს პრეზიდენტმა, როცა ის მოსკოვთან დიალოგის პერსპექტივასა და ამ პროცესში გერმანიის კანცლერის შესაძლო როლზე ლაპარაკობდა. საუბარი სასტუმრო ”ბაიერიშერ ჰოფში” (Bayerischer Hof) შედგა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი სააკაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების 47-ე საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს შეხვდა. რა როლის შესრულება შეუძლია გერმანიას იმ დიალოგის დაწყებაში, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთს არაერთხელ შესთავაზა, მაგრამ - უშედეგოდ?
გერმანიამ უნდა გამოიყენოს კონტაქტები და რუსეთს უთხრას, რომ მან უარი თქვას დაპირისპირებაზე, შეწყვიტოს შეიარაღება საზღვართან და დაუშვას დიალოგის შესაძლებლობა...

”აუცილებელი არ არის, რომ პირველი კონტაქტი პირდაპირ პრეზიდენტ მედვედევთან ანდა პრემიერ-მინისტრ პუტინთან შედგეს... რანგი ამ შემთხვევაში არანაირ როლს არ თამაშობს... თუკი გერმანია ასეთ დიალოგს წარმართავდა, საქართველო მეტად მოხარული იქნებოდა”, - წერს 7 თებერვლის გამოცემაში გერმანული ”თაგესშპიგელი”, პრეზიდენტ სააკაშვილთან საუბარზე დაყრდნობით.

”გერმანიამ უნდა გამოიყენოს კონტაქტები და რუსეთს უთხრას, რომ მან უარი თქვას დაპირისპირებაზე, შეწყვიტოს შეიარაღება საზღვართან და დაუშვას დიალოგის შესაძლებლობა”, - აი, სტატიის მიხედვით, როგორ წარმოუდგენია გერმანიის შუამავლობა საქართველოს პრეზიდენტს და, სტატიის ავტორის აზრით, განსაკუთრებული იმედები გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის როლს უკავშირდება.

იმ დროს, როდესაც პრეზიდენტი სააკაშვილი ”თაგესშპიგელის” კორესპონდენტს ელაპარაკებოდა, სტატიის მიხედვით, უკვე ჩავლილი იყო მიხეილ სააკაშვილისა და ანგელა მერკელის შეხვედრა. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში 5 თებერვალს გამართულმა ამ შეხვედრამ თბილისი დიდად კმაყოფილი დატოვა. მაგალითად, საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი გვატყობინებს, რომ ”მერკელის განმარტებით, ოფიციალურ მოსკოვთან შეხვედრისას მუდმივად დგება დღის წესრიგში 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულების საკითხი”. ითქვა ასევე, რომ გერმანიის კანცლერმა 5 თებერვლის შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა. მართალია, თბილისს არაფერი უთქვამს, თუ როგორ აპირებს გერმანია მონაწილეობა მიიღოს საქართველო-რუსეთს შორის დიალოგის აღდგენის პროცესში, თუმცა გამოითქვა ვარაუდი და იმედი, რომ გერმანია განაგრძობს მოლაპარაკებებს რუსეთთან, რათა მოსკოვმა უპასუხოს საქართველოს სამშვიდობო ინიციატივებს.
აქ მოვედი, რომ გავიმეორო მარტივი მესიჯი - მშვიდობა ერთადერთი გამოსავალია, ხოლო ამის მისაღწევ ერთადერთ გზას ყოვლისმომცველი პოლიტიკური დიალოგი წარმოადგენს...

ძალის გამოუყენებლობის ცალმხრივი სამშვიდობო ინიციატივა, უპირობო დიალოგის დაწყების წინადადებასთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტმა რუსეთს პირველად ევროპარლამენტის ტრიბუნიდან გასული წლის ნოემბერში შესთავაზა. 6 თებერვალს კი, როდესაც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოდიოდა სიტყვით, მიხეილ სააკაშვილმა საერთაშორისო თანამეგობრობას კიდევ ერთხელ შეახსენა რუსეთის მიერ სრულიად იგნორირებული ინიციატივის არსი:

”აქ მოვედი, რომ გავიმეორო მარტივი მესიჯი - მშვიდობა ერთადერთი გამოსავალია, ხოლო ამის მისაღწევ ერთადერთ გზას ყოვლისმომცველი პოლიტიკური დიალოგი წარმოადგენს. მაგრამ როგორ პასუხობს მეორე მხარე ჩვენს მოწოდებებს? სამწუხაროდ, ისინი კვლავაც ცდილობენ შექმნან ვითარება და მიიღონ ისეთი სტრატეგიული სარგებელი, როგორიც ვერ შეძლეს მიეღოთ 2008 წელს. არათუ მხოლოდ უარი თქვეს ძალის გამოუყენებლობაზე, არამედ გვიპასუხეს სამხედრო ძალების დაჩქარებული კონცენტრირებით ოკუპირებულ რეგიონებში”.

რუსეთის შემდგომი აგრესიის შეჩერებისა და ჩიხიდან თავდახსნის გზად ასევე დიალოგის აღდგენას მიიჩნევს ანალიტიკოსების დიდი ნაწილი. ისინი ასევე თანხმდებიან, რომ მხარეებს შორის დიალოგის აღდგენის პროცესში საკმაოდ დიდი როლის შესრულება შეუძლია გერმანიას. პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ მაშინ, როცა მოსკოვი საერთაშორისო ურთიერთობებში სტაბილური პარტნიორის იმიჯის დამკვიდრებას ცდილობს, გერმანია მისთვის ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენს:
თუ დარწმუნდა მოსკოვი, რომ მისი სიჯიუტე უარყოფითად იმოქმედებს ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობაზე, რასაკვირველია, ის უკან დაიხევს...

”მსოფლიოში რამდენიმე ქვეყანაა, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს რუსეთზე და მათ შორის არის გერმანიაც. გერმანია, რა თქმა უნდა, თავადაც საკმაოდ არის დამოკიდებული რუსეთზე, მაგალითად, ენერგორესურსებისა თუ რუსეთში განთავსებული ინვესტიციების თვალსაზრისით, მაგრამ გერმანიასთან ურთიერთობა რუსეთისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია”.

გერმანიის როლს საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგის აღდგენის კონტექსტში ასევე დადებითად განიხილავს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე. თუმცა, მისი აზრით, რუსეთის დიალოგზე დაყოლიება ევროპის ერთიანი პრინციპული მიდგომის შემთხვევაშია შესაძლებელი. ასეთ პირობებში რუსეთმა შესაძლოა არაკონსტრუქციული, ჯიუტი პოზიციაც სწრაფად შეიცვალოს:
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე

”დიპლომატიაში ძალიან ხშირად მომხდარა ის, რომ რასაც ხელისუფლება წლების განმავლობაში ამტკიცებდა, მერე ის ერთ კვირაში შეცვლილა... გააჩნია, დასავლეთ ევროპის მონდომებას და პრინციპულობას. თუ ევროპამ ისე, სხვათა შორის უთხრა რუსეთს, რომ, აი კარგი იქნება, თუ დაიწყება დიალოგი, რუსეთს შეუძლია ამის იგნორირება. მაგრამ თუ დარწმუნდა მოსკოვი, რომ მისი სიჯიუტე უარყოფითად იმოქმედებს ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობაზე, რასაკვირველია, ის უკან დაიხევს...”

სოსო ცინცაძის აზრით, რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგი ამ ეტაპზე მხოლოდ გარკვეულ ტექნიკურ საკითხებზეა შესაძლებელი და ეს პროცესი შესაძლოა შეეხოს, მაგალითად, პროდუქციის ექსპორტთან, ვიზების გაცემასა თუ საჰაერო მიმოსვლასთან დაკავშირებულ თემებს. თუმცა პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ ”დიალოგი არ უნდა აგვერიოს ორ ქვეყანას შორის სიტუაციის ნორმალიზებაში”, რაც ამ ეტაპზე - ოკუპაციის პირობებში - პრაქტიკულად შეუძლებელია.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG