Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მუბარაქი დღეს საღამოსვე გადადგება?


ეგვიპტის არმიამ ხუთშაბათს საღამოს გააკეთა განცხადება ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით. განცხადებით, რომელიც სახელმწიფო ტელევიზიაში წაიკითხეს, სამხედროები მიმართავენ „ზომებს ხალხის დასაცავად და ხალხის კანონიერი მოთხოვნების მხარდასაჭერად“. ჯერ ნათელი არ არის, რა ზომებს გულისხმობენ განცხადების ავტორები. თუმცა, საყურადღებოა შემდეგი გარემოება: განცხადება მოიხსენიეს, როგორც „კომუნიკე ნომერი ერთი“, ეს კი, მიმომხილველების შეფასებით, შესაძლოა, სამხედრო გადატრიალებაზე მიანიშნებდეს.

დღესვე ეგვიპტის პრემიერ-მინისტრმა აჰმედ შაფიკმა განუცხადა ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია BBC-ის, რომ პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი შესაძლოა, გადადგეს და რომ ვითარება მალე გაირკვევა. მეტიც: ვაშინგტონიდან გავრცელებული ინფორმაციით, დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს ხელმძღვანელმა, ლიონ პანეტამ განაცხადა, რომ ადვილი შესაძლებელია, მუბარაქი დღეს საღამოსვე გადადგეს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ამერიკის სადაზვერვო უწყების უფროსს ხელი მიუწვდება ინფორმაციაზე, რომელიც სხვებისთვის გასაიდუმლოებული რჩება, მისი ვარაუდი, ალბათ, საფუძვლიანად უნდა მივიჩნიოთ... ყოველ შემთხვევაში, ეგვიპტის ტელევიზიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მუბარაქი დღეს გამოვა თანამემამულეებისადმი მიმართვით.

გავრცელებული ცნობები მიუთითებს იმაზე, რომ ეგვიპტეში საპროტესტო აქციები ფართოვდება. დღეს ათასობით მონაწილე დაემატა პრეზიდენტ მუბარაქის რეჟიმის მოწინააღმდეგეთა დემონსტრაციებს მთელს ქვეყანაში მიუხედავად ხელისუფალთა მუქარისა, რომ მკაცრ ზომებს მიმართავდნენ კონტროლის აღსადგენად.

კაიროში დემონსტრანტები ორ ადგილას არიან დაბანაკებული: ტაჰრირის მოედნის გარდა, სადაც აქცია უკვე მე-17 დღეა, გრძელდება, პარლამენტის შენობასთან, მისი შესასვლელის დასაბლოკად.

გავრცელებული ინფორმაციით, კაიროში დემონსტრანტები გაამხნევა ცნობებმა, რომ პროფკავშირებმა გააფართოვეს აქციები კორუფციისა და სიღარიბის დასაგმობად. სწორედ კორუფცია და სიღარიბეა, ადამიანის უფლებების დარღვევასთან ერთად, ის საკითხები, რომელთა გამო უკმაყოფილების გამოთქმითაც დაიწყო ანტისამთავრობო გამოსვლები იანვარში.

ეგვიპტის მეზობლები ვაშინგტონს მოუწოდებენ, ზურგი უცებ არ შეაქციოს მუბარაქს და ამით არ გაამხნევოს ოპოზიცია, რადგან ოპოზიციის რიგებში რადიკალი ისლამისტებიც დგანან და მათი გაძლიერება კიდევ უფრო გაართულებდა ვითარებას ახლო აღმოსავლეთში. ოთხშაბათს შეერთებული შტატების პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა საუდის არაბეთის მეფე აბდულა, რომელმაც, გავრცელებული ინფორმაციით, განაცხადა, რომ მზად არის, მუბარაქს მეტი მხარდაჭერა გაუწიოს, თუ ეგვიპტის ლიდერს ზურგს შეაქცევს შეერთებული შტატები. თავის მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მეფე ადბულასთან საუბარში გამოთქვა პოზიცია, რომლის შესახებ განცხადება თეთრი სახლის პრესმდივანმა, რობერტ გიბსმაც გააკეთა, რომ ვაშინგტონი მოელის რეალურ კონკრეტულ ნაბიჯებს 82 წლის მუბარაქის ხელიდან ძალაუფლების სხვა ძალებისთვის გადასაბარებლად.

მანამდე ვაშინგტონმა მხარდაჭერა გამოუცხადა ეგვიპტის ვიცე-პრეზიდენტ ომარ სულეიმანს, როგორც გარდამავალ პერიოდში მისაღებ ზომებზე პასუხისმგებელ პირს.

ომარ სულეიმანს - ეგვიპტის დაზვერვის სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს, კაცს, რომელიც ათწლულების მანძილზე მართავდა ეგვიპტის საპატიმროების სისტემას - მხარდაჭერას უცხადებს ისრაელიც.

შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდერ ვერშბოუმ ოთხშაბათს ისრაელში, უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე განაცხადა, რომ ვაშინგტონი კვლავაც მხარს უჭერს კემპ დევიდის შეთანხმებას ეგვიპტესა და ისრაელს შორის და აგრძელებს ახლო აღმოსავლეთში ძალადობასთან და ექსტრემიზმთან დაპირისპირების პოლიტიკას.

„ძლიერი ეგვიპტური სამხედრო ძალები, გამყარებული შეერთებულ შტატებთან თავდაცვის სფეროში მტკიცე ურთიერთობით, შეძლებს, იყოს ძალა, მიმართული ზომიერებისაკენ და ისრაელთან სამშვიდობო ხელშეკრულების მხარდაჭერის გაგრძელებისაკენ, ეგვიპტეში გარდაქმნის პროცესის დროს“, - განაცხადა შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა კი გამოთქვა შეფსება, რომელიც ეხება არაბი ლიდერების მზარდ შეშფოთებას, რომ საპროტესტო აქციები და გაფიცვები საფრთხეს უქმნის მმართველ რეჟიმებს მთელს რეგიონში. კლინტონის თქმით, სხვა არაბული ქვეყნების მმართველთათვის თავის დასაცავი საუკეთესო გზაა ანგარიშის გაწევა საკუთარი ხალხის უკმაყოფილებისათვის.
XS
SM
MD
LG