Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის განრისხება ეუთოში


სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელი პეტერ სემნები
სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელი პეტერ სემნები
შეერთებული შტატები მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას ადეკვატურად უპასუხოს საქართველოს ცალმხრივ სამშვიდობო ინიციატივას ძალის გამოუყენებლობის თაობაზე. ეს და სხვა მოწოდებები ასახულია განცხადებაში, რომელიც 10 თებერვალს ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე ამერიკის მისიის ხელმძღვანელმა იან კელიმ წაიკითხა და რომლითაც ის გამოეხმაურა ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენლის სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნების ყოველწლიურ ანგარიშს. დახურულ კარს მიღმა მიმდინარე შეხვედრაზე 10 თებერვალს გაკეთებულმა განცხადებებმა რუსეთის წარმომადგენლის განრისხება გამოიწვია.

შეერთებული შტატების მისიის ხელმძღვანელმა ეუთოში იან კელიმ კიდევ ერთხელ გამოხატა ვაშინგტონის მხარდაჭერა ძალის გამოუყენებლობის თაობაზე საქართველოს ცალმხრივ დაპირებასთან დაკავშირებით და ამისკენვე მოუწოდა კონფლიქტის ყველა მხარეს. ამ მოწოდების ადრესატებს შორის, ასე ვთქვათ, საგანგებოდ და პერსონალურად არის გამოყოფილი მხოლოდ რუსეთი. საუბარია პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ გასული წლის 23 ნოემბერს ევროპარლამენტის ტრიბუნიდან გახმაურებულ სამშვიდობო ინიციატივაზე, რომლის ფარგლებშიც საქართველომ იკისრა ცალმხრივი ვალდებულება არ გამოიყენოს ძალა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად.

იან კელის 10 თებერვლის განცხადებაში ასევე რუსეთის გასაგონად მეორდება მოწოდება 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის 6-პუნქტიანი შეთანხმების შესრულების აუცილებლობასთან დაკავშირებით და აქვე საგანგებოდ არის ხაზგასმული საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საერთაშორისო მეთვალყურეთა დაბრუნების აუცილებლობაც. იან კელის განცხადების ტექსტში, რომელსაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს, აღნიშნულია ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის საგანგებო როლი მშვიდობის შენარჩუნების პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ მისია ჯერჯერობით ვერ ახერხებს შესვლას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. იან კელი აღნიშნავს, რომ შეერთებული შტატები, ევროკავშირის მსგავსად, რჩება მტკიცედ ერთგული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტისა და რომ ვაშინგტონი განაგრძობს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებისთვის აუცილებელი გზების ძიებას.

შეერთებული შტატების მისიის ხელმძღვანელი ეუთოში იან კელი ორგანიზაციის მუდმივმოქმედი საბჭოს წინაშე 10 თებერვალს მას შემდეგ წარდგა, რაც ეუთოს 56 წევრი ქვეყნის ელჩებმა პიტერ სემნების ყოველწლიურ ანგარიშს მოუსმინეს.

ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნებიმ თქვა, რომ სამხრეთ კავკასიაში არსებული მოუგვარებელი კონფლიქტები კვლავაც რჩება ”რეგიონის სტაბილურობის მთავარ საფრთხედ“ და რომ ევროკავშირმა, კონფლიქტების გამწვავების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებლად უნდა განაგრძოს ქმედითი აქტიურობა.

სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის ხელშეწყობის პროცესში აქტიურობა, პიტერ სემნების აზრით, ევროკავშირის მტკიცე პარტნიორ ეუთოსაც მოეთხოვება. ის ამბობს, რომ საქართველოში ეუთოს მისიის დახურვამ უარყოფითი შედეგები გამოიღო. გავიხსენოთ, რომ ეუთოს მისიამ საქართველოში მუშაობა 2009 წლის ივნისში შეწყვიტა რუსეთის ძალისხმევით და დღემდეც მხოლოდ რუსეთი ეწინააღმდეგება მისიის მანდატის გაგრძელებას.

”მისიის შეწყვეტამ ვაკუუმი შექმნა არა მხოლოდ კონფლიქტის პრევენციისა და მოგვარების კუთხით, არამედ დემოკრატიის განვითარებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროშიც”, - აღნიშნა ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნებიმ, რომელიც აუცილებლად მიიჩნევს ეუთოს მისიის საქართველოში დაბრუნებას. ამ ჭრილში ის ორგანიზაციის გადაუდებელ პრიორიტეტულ საქმიანობად ადამიანის უფლებათა სფეროს ასახელებს.

მშვიდობის ხელშეწყობის მიზნით საქართველოში ევროკავშირის აქტიურობის თაობაზე კი პიტერ სემნები, 10 თებერვლის დახურულ კარს მიღმა მიმდინარე სხდომის დასრულების შემდეგ, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას აღნიშნავს:

”... ვიმუშაოთ კონფლიქტის მოგვარებაზე და განვიხილოთ საკითხები სხვადასხვა დონეზე - ცხადია, სამთავრობო დონეზე და ასევე საზოგადოებრივ დონეზე... ჩვენ ვმოქმედებთ არაღიარებისა და ჩართულობის სტრატეგიის მიხედვით, რაც შეესაბამება საქართველოს სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.”


პიტერ სემნები თავს იკავებს იმაზე საუბრისგან, თუ, ასე ვთქვათ, როგორ დაესხა მას თავს 10 თებერვლის სხდომაზე რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი ეუთოში ანვარ აზიმოვი. სამაგიეროდ, რუსი კოლეგის, რბილად რომ ვთქვათ, არაკონსტრუქციულ და ემოციურ გამოსვლას ჩვენთან საუბრისას იხსენებს პაატა გაფრინდაშვილი - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და მუდმივი წარმომადგენელი ეუთოში. ის ამბობს, რომ რუსეთის წარმომადგენელი ჯერ არასდროს უნახავს მდგომარეობიდან ასე გამოსული და ასეთი განრისხებული:

”ევროკავშირის წარმომადგენელი მან დაადანაშაულა ანტირუსულ განცხადებებში და რუსეთის სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართულ პროპაგანდაში... მან თქვა, რომ ამის შესახებ ის მოახსენებს პრეზიდენტ მედვედევს და მოუწოდებს, რომ რუსეთმა გადახედოს ევროკავშირთან რუსეთის თანამშრომლობას... მან ასევე ჩვეული რიტორიკით გაიმეორა, რომ არანაირი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არ არსებობს, არანაირი ომი და კონფლიქტი არ ყოფილა რუსეთსა და საქართველოს შორის... ”

საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის ეუთოში პაატა გაფრინდაშვილის შთაბეჭდილებით, საქართველოს მხარდამჭერი არაერთი განცხადების მოსმენის შემდეგ, 10 თებერვლის სხდომაზე ანვარ აზიმოვს ისღა დააკლდა, რომ სიბრაზე ნიკიტა ხრუშოვის მსგავსი საქციელით, ანუ ფეხსაცმლის გახდითა და მაგიდაზე დაბრახუნებით გამოეხატა... თუმცა ეუთოს წევრი ქვეყნების სხვა ელჩებმა აზიმოვის ”იაფფასიან გამოხტომას”სიმშვიდით უპასუხეს და, როგორც პაატა გაფრინდაშვილი ამბობს, სხდომის მონაწილეებმა მას კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევა სამხრეთ კავკასიაში (და მათ შორის - საქართველოში) მნიშვნელოვან მიზანს წარმოადგენს როგორც თვითონ რეგიონისთვის, ასევე მთელი საერთაშორისო საზოგადოებისთვის.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG