Accessibility links

logo-print

უფლებათა დამცველები ციხეებში წამების ფაქტების შესახებ საუბრობენ


ადამიანის უფლებათა დამცველები და ადვოკატები სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში ტუბერკულოზით გარდაცვალებისა და წამების ფაქტების გახშირებაზე საუბრობენ. ერთ-ერთი ბოლო პატიმარი, რომელიც ტუბერკულოზის ეროვნულ ცენტრში, ე.წ. ”ხუდადოვის კლინიკაში”, 6 მარტს გარდაიცვალა, 31 წლის მალხაზ მუზაშვილია. გარდაცვლილის ახლობლების მტკიცებით, მას სხეულზე წამების კვალი აღენიშნებოდა. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტრო კითხვებზე პასუხის გაცემას თავს არიდებს. 18 მარტს მედიაკავშირი ”ობიექტივი” პატიმრების მხარდასაჭერად აქციას მართავს, სახელწოდებით ”მეც პატიმარი ვარ”.
’ხუდადოვის კლინიკაში’ ჩემი ძმა უგონო მდგომარეობაში, სასტიკად ნაცემი მიიყვანეს, ბადრაგებს მასთან ერთად კიდევ რვა პატიმარი უწამებიათ...

მადონა მალხაზ მუზაშვილის დაა. ის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში წამების ფაქტებზე ღიად საუბარს აღარ ერიდება. მიზეზი მარტივია: მისი 31 წლის ძმა ცოცხალი აღარ არის, ის 6 მარტს ე.წ. ”ხუდადოვის კლინიკაში” გარდაიცვალა. ასე რომ, მადონას თქმით, ციხის ადმინისტრაციის მხრიდან მის ძმას საფრთხე აღარ ემუქრება.
„’ხუდადოვის კლინიკაში’ ჩემი ძმა უგონო მდგომარეობაში, სასტიკად ნაცემი მიიყვანეს, ბადრაგებს მასთან ერთად კიდევ რვა პატიმარი უწამებიათ. ექიმებმა გვითხრეს მალხაზი ფილტვის უკმარისობით გარდაიცვალაო. მართალია, ის ბოლო პერიოდში ავადმყოფობდა, მაგრამ მე შემიძლია ვთქვა, ჩემი ძმა წამებით მოკლეს”, - ამტკიცებს მადონა მუზაშვილი: ”გამოვიდა ინფორმაცია, რომ რვა პატიმარი საშინლად უწამებიათ და უცემიათ ბადრაგებს. პატიმრები ამბობენ, დათვრებიან ბადრაგები, მერე შემოცვივდებიან და მძინარეებს ”დუბინკებით” გვირტყამენო. ჩემს ძმას ცხვირი ჰქონდა გატეხილი. ფეხი კოჭში ჰქონდა გადატეხილი. კისრისა და ყელის მიდამოებში დიდი სიწითლეები ჰქონდა, ფეხებზე კი ხორცი ჰქონდა გადახეთქილი”.

მალხაზ მუზაშვილის დედას შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ”ხუდადოვის კლინიკის” ექთანმა აცნობა, რის გამოც ექთანი სამსახურიდან დაითხოვეს, დედას კი მომაკვდავი შვილის ნახვის უფლება არ მისცესო, იხსენებს მადონა მუზაშვილი.

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ლორთქიფანიძე ადასტურებს, რომ ციხეებში ძალიან ხშირია წამების ფაქტები. მისივე თქმით, უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებიან ტუბერკულოზით დაავადებული პატიმრები. დიმიტრი ლორთქიფანიძე, რომელიც პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტთან არსებული საპატიმროების მუდმივმოქმედი მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენელი იყო, დღესდღეობით საპატიმროში შესვლას ვეღარ ახერხებს. მისი თქმით, მოულოდნელად და გაურკვეველი მიზეზების გამო, ის როტაციის წესით შეცვალეს. ამჟამად ციხეებში არსებული მდგომარეობის შესახებ დიმიტრი ლორთქიფანიძე ინფორმაციას პატიმრებისგან იღებს.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ლორთქიფანიძე

”ყოველდღიურად სხვადასხვა სასჯელაღსრულებით დაწესებულებიდან ჩემს ტელეფონზე დაახლოებით 15-20 ზარი შემოდის. პატიმრები მაწვდიან ინფორმაციას ციხეებში არსებული პრობლემების შესახებ, მათ შორის ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა ტუბერკულოზით დაავადებულთა მდგომარეობაა. ჯერჯერობით არ მინდა გავამხილო წყარო, თუმცა ჩემთან იმყოფებოდა პიროვნება, რომელსაც უშუალო შეხება აქვს ქსანში მდებარე სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებასთან. მან მომაწოდა შოკისმომგვრელი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა პრაქტიკასთან გვაქვს საქმე ტუბდაწესებულებაში: კვირაში ერთხელ სკრინინგის შედეგად გამოვლენილი დაავადებული პატიმრები გადაჰყავთ ქსანში არსებულ ტუბდაწესებულებაში. მათი რაოდენობა ყოველკვირა 35-დან 40 პატიმრამდე მერყეობს. ამ ადამიანებს ყრიან საკნებში, სადაც არ არის დასაწოლი. იქ ტოვებენ რამდენიმე დღის განმავლობაში და შემდეგ უკვე ანაწილებენ იმ დაწესებულებებში, რომლებსაც სამკურნალო დაწესებულებები ჰქვია, მაგრამ იმათაც პირობითად ჰქვია სამკურნალო დაწესებულებები, გარდა მულტირეზისტენტული ფორმის სამკურნალოსი, რომელიც გაარემონტეს”, - ამბობს დიმიტრი ლორთქიფანიძე.
ტუბერკულოზით დაავადებულთა დაწესებულებიდან პაციენტები ხშირად გადაჰყავთ სასჯელაღსრულების სხვა დაწესებულებებში მაშინ, როდესაც მკურნალობის კურსი დასრულებული არ არის...

დიმიტრი ლორთქიფანიძე ცინიკურს უწოდებს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის, ხათუნა კალმახელიძის, განცხადებას იმის თაობაზე, რომ სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში პატიმრები ხანდაზმულობის გამო იღუპებიან.

”გარდაცვლილთა ასაკი 23-დან 48 წლამდე მერყეობს. 2010 წლის პირველ ნახევარში 57 გარდაცვლილიდან 30 ტუბერკულოზით იყო ავად, წლის ბოლომდე 100 გარდაცვლილიდან 72 პატიმარია ტუბერკულოზით გარდაცვლილი”, - ამბობს დიმიტრი ლორთქიფანიძე.

სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში, რომელიც საქართველოს პენიტენციარულ სისტემაში არსებულ ჯანმრთელობის პრობლემებს მიეძღვნა, ვკითხულობთ: „ტუბერკულოზით დაავადებულთა დაწესებულებიდან პაციენტები ხშირად გადაჰყავთ სასჯელაღსრულების სხვა დაწესებულებებში მაშინ, როდესაც მკურნალობის კურსი დასრულებული არ არის. მკურნალობის შეწყვეტის ამგვარი ხელოვნური გზა პირდაპირ განაპირობებს ტუბერკულოზის მძიმე ფორმის ჩამოყალიბებას, რაც პირდაპირ აისახება პატიმართა ავადობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელზე.“
არის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის, სისტემატური ცემის ფაქტები, რასაც მე ვადასტურებ. ყველა საპყრობილეში პატიმრის შეყვანისთანავე ხდება მათი ე.წ. ფიზიკური დამუშავება...

ადვოკატ მანანა კობახიძის დაცვის ქვეშ ამჟამად ტუბერკულოზით დაავადებული არაერთი პატიმარი იმყოფება. როგორც ის რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, მათი მკურნალობის დაწყება გაურკვეველი მიზეზების გამო ჭიანურდება, რაც საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ დაავადებულთა სიცოცხლეს, არამედ მათ გვერდით მყოფი სხვა პატიმრების ჯანმრთელობასაც. მანანა კობახიძე პატიმრების მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე ამახვილებს ყურადღებას:

”მათ სცემენ და არის პატიმართა გარდაცვალების რაოდენობის ძალიან მნიშვნელოვანი ზრდა. არის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის, სისტემატური ცემის ფაქტები, რასაც მე ვადასტურებ. ყველა საპყრობილეში პატიმრის შეყვანისთანავე ხდება მათი ე.წ. ფიზიკური დამუშავება. პატიმრები ამაზე, უბრალოდ, ვერ საუბრობენ, მათი ოჯახებიც დაშინებულნი არიან.”

რადიო თავისუფლებამ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს ორი კითხვით მიმართა: როგორ ხორციელდება ტუბერკულოზით დაავადებულ პატიმართა მკურნალობა? რა არგუმენტებს დაუპირისპირებენ ისინი ადამიანის უფლებათა დამცველებისა და ადვოკატების ბრალდებებს საპყრობილეებში პატიმართა წამების ფაქტების შესახებ? - სამინისტროს წარმომადგენლები აღნიშნულ კითხვებზე პასუხს არ იძლევიან.
XS
SM
MD
LG