Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლატვიელები ყოფილი პრეზიდენტის საფლავს გორში ეძებენ


სტალინის სახლ-მუზეუმის სპეციალისტი ლარისა გაზაშვილი და ლატვიის ელჩი საქართველოში ანდრის ვილცანსი
სტალინის სახლ-მუზეუმის სპეციალისტი ლარისა გაზაშვილი და ლატვიის ელჩი საქართველოში ანდრის ვილცანსი
ლატვიის მთავრობა რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტის, კარლის ულმანისის საფლავს გორში ეძებს. დღეს ლატვიის ელჩი საქართველოში ანდრის ვილცანსი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს და იმ ადამიანებს შეხვდა, ვისაც ულმანისის საფლავის შესახებ ინფორმაცია აქვს.

კარლის ულმანისი ლატვიის პრეზიდენტი 1934 წლიდან 1940 წლამდე იყო. 1940 წელს, საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, იგი ქვეყნიდან გადაასახლეს. ოფიციალური ვერსიით, იგი თურქმენეთში, ქალაქ კრასნოვოდსკში გადაიყვანეს. გზაში ავად გახდა და 1942 წელს გარდაიცვალა.
არსებითად ეს ვერსია ახალი არ არის და მანამდეც ცნობილი იყო, მაგრამ ამჟამად არსებობს საფუძველი, რომ ამ ვერსიას კვლავ დავუბრუნდეთ...

თურქმენეთში ლატვიის ყოფილი პრეზიდენტის საფლავი აღმოჩენილი არ არის, გორში კი გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ულმანისი გორში, კვერნაქის სასაფლაოზეა დაკრძალული. ლატვიის ელჩის ანდრის ვილცანსის განცხადებით, ვიდრე საფლავი ნაპოვნი არ არის, ყველა ვერსიას არსებობის უფლება აქვს:

„არსებითად ეს ვერსია ახალი არ არის და მანამდეც ცნობილი იყო, მაგრამ ამჟამად არსებობს საფუძველი, რომ ამ ვერსიას კვლავ დავუბრუნდეთ. ისტორიკოსები ჯერჯერობით სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რადგან, ძირითადი ვერსიით, ბატონი კარლის ულმანისი შინაგან საქმეთა სახალხო კომიტეტის ციხეში გარდაიცვალა კრასნოვოდსკში, ამჟამინდელ თურქმენბაშიში, თუმცა საფლავი აღმოჩენილი არ არის და არც რაღაც სხვა ვარიანტებია გამორიცხული“, – ამბობს ლატვიის ელჩი.

40-იან წლებში გორის სასაფლაოს ხელმძღვანელის ვაჟმა, აკაკი დარახველიძემ, ელჩს ის ადგილი უჩვენა, სადაც, მამის გადმოცემით, ლატვიის ყოფილი პრეზიდენტია დასაფლავებული. ახლა ამ ადგილას რკინის მაგიდა დგას, იქვეა ვარდისფერი ქვა, რომელზეც ლატვიური ორნამენტია გამოსახული.

„პრეზიდენტი აქ მარხიაო. თუ რაღაცა იყოს და ვინმემ გკითხოს, უთხარი, რომ აქ არისო. ჰოსპიტალში წოლილა ეს და იქ მომკვდარა“, – აცხადებს აკაკი დარახველიძე.

დარახველიძისგან განსხვავებულ ვერსიას ჰყვება სტალინის სახლ-მუზეუმის სპეციალისტი ლარისა გაზაშვილი. მისი აზრით, ლატვიის პრეზიდენტი პირველად ნანახი ადგილიდან დაახლოებით 50 მეტრში, საერთო სასაფლაოზე უნდა იყოს დასაფლავებული. ამ სასაფლაოზე ახლა წითელარმიელთა მონუმენტი დგას, მანამდე კი, გაზაშვილის თქმით, იქ უცხოელ ტყვეებს და პოლიტპატიმრებს მარხავდნენ. ლარისა გაზაშვილის ინფორმაციით, რამდენიმე წლის წინ საერთო სასაფლაოზე, სპეციალურ დაფაზე ულმანისის სახელი და გვარიც ეწერა, მაგრამ ახლა ეს დაფა დაკარგულია.
ნახეს წარწერა: ეს იყო შავი პატარა რკინის ბოძი, თავისი დაფით. გაწმინდეს და წაიკითხეს კარლის ულმანისის დაბადებისა და გარდაცვალების წლები...

„ეს საფლავები იყო გერმანელი ტყვეების, პოლიტპატიმრებისა და უპატრონო ჯარისკაცების. ნახეს წარწერა: ეს იყო შავი პატარა რკინის ბოძი, თავისი დაფით. გაწმინდეს და წაიკითხეს კარლის ულმანისის დაბადებისა და გარდაცვალების წლები. ამის შესახებ მე შევიტყვე მხოლოდ 94-ში. ამის მერე, როცა მოსაძებნად ამოვიდნენ, ის ადგილი ვეღარ იპოვეს, ის რკინის ბოძებიც აღარ იყო. ამოაძრეს და ალბათ ჯართში ჩააბარეს. მაგრამ ადგილი ვიცი: ეს არის ობელისკიდან დასავლეთის მხარეს დაახლოებით 20 მეტრის რადიუსში. გამოსაკვლევი და გადასასინჯია არქივები“, – ამბობს ლარისა გაზაშვილი.

არქივებში დოკუმენტაციის მოძიების შემთხვევაში, ლატვიის ელჩი არ გამორიცხავს, რომ საფლავის მოძებნის სამუშაოები დაიწყოს, რასაც გვამის ექსჰუმაცია და დეენემის ანალიზის ჩატარება უნდა მოჰყვეს. თუმცა ამ დროისთვის მხოლოდ ვერსიები არსებობს, ამ ვერსიებს კი გამყარება სჭირდება.
XS
SM
MD
LG