Accessibility links

პირველი ივლისიდან დასუფთავების ტარიფი თბილისის მოსახლეობისთვის მოხმარებული ელექტროენერგიის მიხედვით განისაზღვრება - ყოველ ერთ კილოვატსაათ ელექტროენერგიაზე 5 თეთრი იქნება. ეს გადაწყვეტილება თბილისის საკრებულომ 24 ივნისის სხდომაზე დაამტკიცა - მას შემდეგ, რაც საკითხს სამჯერ უყარეს კენჭი. მიუხედავად ოპოზიციის მოთხოვნისა, ერთი თვით გადაედოთ საკითხის განხილვა, საკრებულოს 34-მა წევრმა 8-ის წინააღმდეგ მაინც დაუჭირა მხარი დედაქალაქში დასუფთავების მომსახურებისათვის გადასახადის დაანგარიშების წესის შეცვლას.
ჩვენი გათვლებით, შემოსავალი სამი მილიონი ლარი მაინც უნდა ყოფილიყო, მაგრამ, დღევანდელი მონაცემებით, ფაქტობრივი შემოსავალი 2 მილიონი ლარია...

თბილისის მერია დარწმუნებულია, რომ ამ ეტაპზე მან ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც რეალურ გათვლებს ეფუძნება. თბილისის მერის მოადგილემ ტარიელ ხიზანეიშვილმა 24 ივნისს საკრებულოს სხდომაზე თქვა, რომ მას შემდეგ, რაც მერიამ ექვსი თვის წინ გაზარდა დასუფთავების მოსაკრებელი და გახადა 2.50 თეთრი, გაიზარდა იმ მოქალაქეების განცხადებების რაოდენობაც, რომლებიც ამბობდნენ, რომ მათ ბინაში მითითებულზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობს და მონაცემების კორექტირებას მოითხოვდნენ.

ხიზანეიშვილი ამბობს, რომ შემოსავლები დღითი დღე მცირდება. ამის გამო მერიას თვეში ამ დარგის მილიონლარიანი სუბსიდირება უწევს:

”ჩვენი გათვლებით, შემოსავალი სამი მილიონი ლარი მაინც უნდა ყოფილიყო, მაგრამ, დღევანდელი მონაცემებით, ფაქტობრივი შემოსავალი 2 მილიონი ლარია.”
ეს პრობლემები, რაც არსებობს, გამოწვეულია იმით, რომ ამ ქალაქში არ არის მოწესრიგებული აღრიცხვიანობა...

მერია მივიდა დასკვნამდე, რომ გამოსავალი თელასის მრიცხველია:
მერიის პოზიცია ამ ეტაპზე შემდეგია: რეალურად, ამ გადაწყვეტილებით დასუფთავების გადასახადი გაეზრდება თბილისის მოსახლეობის დაახლოებით 25 პროცენტს, შედარებით მაღალი შემოსავლის მქონე ნაწილს, და მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება სოციალურად დაუცველთა ბაზაში მყოფ ოჯახებს. საკრებულოს სხდომაზე წარმოდგენილი არაერთი სტატისტიკური მონაცემისა და გათვლების მიუხედავად, ოპოზიცია მთელი სხდომის განმავლობაში მოითხოვდა საკითხის ერთი თვით გადადებას მაინც, თუმცა საკრებულოს უმრავლესობამ ამ მოთხოვნას მხარი არ დაუჭირა.

ოპოზიციის წარმომადგენელმა რესპუბლიკური პარტიიდან, თინათინ ხიდაშელმა მას შემდეგ, რაც მოისმინა თბილისის მერის მოადგილის, ტარიელ ხიზანეიშვილის არგუმენტები, თუ რატომ გადაწყვიტა მერიამ სწორედ ელექტროენერგიის ტარიფისათვის მიება დასუფთავების მოსაკრებელი (ყოველ დახარჯულ ერთ კილოვატსაათზე 5 თეთრი), თქვა, რომ ხელისუფლებამ პრობლემებთან ბრძოლის არასწორი გზა აირჩია და საკუთარი ფორმულა შესთავაზა:
თინათინ ხიდაშელი

”ეს პრობლემები, რაც არსებობს, გამოწვეულია იმით, რომ ამ ქალაქში არ არის მოწესრიგებული აღრიცხვიანობა. და როცა არ ვიცით, რამდენი ადამიანი ცხოვრობს სულ, ბუნებრივია, შეუძლებელია დავეყრდნოთ იმ მრიცხველების მონაცემს, რომლებიც ოჯახებშია და არანაირ ცნობას სულადობის შესახებ არ გვაძლევს. ჩემი ფორმულა ასეთია: ვთქვათ, ვიცით, რა ჯდება დასუფთავება, ისიც ვიცით, რა მოცულობის ნარჩენები გროვდება ქალაქში. ერთადერთი, რაც არ ვიცით, არის ადამიანების რაოდენობა ამ ქალაქში და თუ ეს სამი აბსოლუტური მონაცემი გვაქვს ან გვექნება, მაშინ ძალიან ადვილია დავადგინოთ, რა ჯდება ერთი ადამიანი, ნარჩენების თვალსაზრისით. მარტივი არითმეტიკაა.”

საკუთარი ინიციატივით გამოვიდა საკრებულოს კიდევ ერთი წევრი ოპოზიციიდან, კობა დავითაშვილი:
ეს არის ულოგიკო გადაწყვეტილება და მე გთავაზობთ, გათბობის სეზონზე, ნოემბრიდან მარტის ჩათვლით, მოხდეს ამ თანხის განახევრება...

”ზამთარში ელექტროენერგიის ხარჯი იზრდება, ხოლო ნარჩენები ზაფხულის სეზონზე უფრო მეტია. აქედან გამომდინარე, გამოდის, რომ ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, მაშინ, როდესაც ნარჩენები მეტია, გადასახადი არის ნაკლები და როდესაც ნარჩენები ნაკლებია, გადასახადი არის მეტი. ამიტომ ეს არის ულოგიკო გადაწყვეტილება და მე გთავაზობთ, გათბობის სეზონზე, ნოემბრიდან მარტის ჩათვლით, მოხდეს ამ თანხის განახევრება.”

ხმამაღალი დებატებისა და იმის მიუხედავად, რომ საკრებულოს სხდომას დასუფთავების გადასახადის წესის შეცვლის მოწინააღმდეგე მოქალაქეებიც ბლომად ესწრებოდნენ, საკრებულომ მაინც მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ძალაში 1 ივლისიდან შევა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG