Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”დამოკიდებულება ციხის ადმინისტრაციასა და პატიმრებს შორის ძალიან კარგია”


დღეს საქართველოში პირველი სამუშაო ვიზიტი დაასრულა გაეროს თვითნებური დაკავების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის დელეგაციამ, რომელიც 10 დღის განმავლობაში საქართველოს პენიტენციარულ სისტემაში არსებულ მდგომარეობას შეისწავლიდა. დელეგაციის მიზანი თავისუფლების აღკვეთის კუთხით ქვეყანაში მოქმედი ინსტიტუციონალური და სამართლებრივი ნორმების შეფასება იყო. ჯგუფის მიერ მომზადებული დასკვნითი ანგარიში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 2012 წლის მარტში წარედგინება.
ჩვენ ხელისუფლებას ვუთხარით, რომ პროკურორს აქვს ძალიან დიდი ძალაუფლება, რომ მოსამართლე არ არის დამოუკიდებელი...

გაეროს თვითნებური დაკავების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელმა და მთავარმა მომხსენებელმა ელ ჰადჯი მალიკ სოუმ დელეგაციის ვიზიტის შემაჯამებელ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ საქართველოს პენიტენციარულ სისტემაში, ისევე როგორც მასთან დაკავშირებულ ინსტიტუციონალურ-საკანონმდებლო სტრუქტურაში, არის როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური ინოვაციები.

”ჩვენ ხელისუფლებას ვუთხარით, რომ პროკურორს აქვს ძალიან დიდი ძალაუფლება, რომ მოსამართლე არ არის დამოუკიდებელი. ჩვენ ვთქვით, რომ დაკავებებს აქვს სისტემატური ხასიათი. ჩვენ ვთქვით, რომ დაკავების ალტერნატიული აღკვეთის ღონისძიებები არ გამოიყენება. ჩვენ ვთქვით, რომ სისტემა არის დისკრიმინაციული. ასე შემიძლია გაგრძელება კიდევ”, - აღნიშნა ჯგუფის ხელმძღვანელმა ელ ჰადჯი მალიკ სოუმ, რომლის შეფასებითაც, საგანგაშოა ის ფაქტი, რომ საქართველოში სასამართლო საქმეების 90 პროცენტი მოსამართლეთა მხრიდან მინიმალური ჩარევით, საპროცესო გარიგების საფუძველზე სრულდება, ხოლო დარჩენილი 10 პროცენტის მიმართ, უმეტეს შემთხვევაში, მკაცრი განაჩენი გამოაქვთ. ელ ჰადჯი მალიკ სოუმ ხაზი გაუსვა იმ გარემოებასაც, რომ საპროცესო გარიგების შემთხვევაში ბრალდებულს სოლიდური თანხის გადახდა უწევს, რისი საშუალებაც ყველას არა აქვს და რაც ადამიანებს არათანაბარ პირობებში აყენებს.
მე მსოფლიოს 23 ქვეყნის საპატიმროები მაქვს მონახულებული და მართლაც გაოცებული დავრჩი იმით, რომ დამოკიდებულება პატიმრებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს შორის ძალიან კარგია...

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობა ზოგადად სათანადო დაცვასა და მიუკერძოებელ სასამართლო სისტემას ითვალისწინებს, სასამართლოს შიგნით არსებული პრაქტიკა შესაბამისობაში არ მოდის ადამიანის უფლებათა საერთაშორისოდ აღიარებულ ნორმებთან, - აღნიშნავს ჯგუფის ხელმძღვანელი და დასძენს, რომ ნებისმიერი მოქალაქის თავისუფლების უფლება მნიშვნელოვნად ზიანდება, თუ არ არის გარანტირებული სასამართლოს დამოუკიდებლობა. ელ ჰადჯი მალიკ სოუ ამასთანავე მიიჩნევს, რომ სასამართლოს ფუნქციონირებაში სახელმწიფოს სხვადასხვა შტო არ ერევა.

რაც შეეხება სასჯელაღსრულებით დაწესებულებებს, გაეროს თვითნებურად დაკავების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის მანდატი ციხეებში არსებული პირობების შეფასებას არ ითვალისწინებდა. ციხის ადმინისტრაციისა და პატიმრების ურთიერთობის შესახებ კი ჯგუფის წევრმა რომერტო გარეტონიმ აღნიშნა, რომ ვითარება გაუმჯობესებულია:

"მე მსოფლიოს 23 ქვეყნის საპატიმროები მაქვს მონახულებული და მართლაც გაოცებული დავრჩი იმით, რომ დამოკიდებულება პატიმრებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს შორის ძალიან კარგია. ასეთი დამოკიდებულება, შეიძლება ითქვას, არსად არ მინახავს. მე ვიტყოდი, რომ ეს ასახავს სახელმწიფო პოლიტიკას პატიმრების მიმართ და პატიმრები ამას ასევე აღიქვამენ, რომ ეს არის რეალური რეაბილიტაციის პოლიტიკა.”

გაეროს დელეგაციის წევრები ვიზიტის განმავლობაში კონფიდენციალურად დაახლოებით 160 პატიმარს გაესაუბრნენ. მათ მოინახულეს როგორც ციხეები და იზოლატორები, ასევე არასრუწლოვანთა სასჯელაღსრულებითი დაწესებულებები და ფსიქიატრიული საავადმყოფოები. პატიმართა საკითხებზე ისაუბრეს სამოქალაქო ორგანიზაციებთან შეხვედრებზეც. როგორც რომერტო გარეტონი ამბობს, პატიმართა წამება არასამთავრობო სექტორთან გამართულ სპეციალურ შეხვედრაზე მხოლოდ ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ახსენა, დანარჩენი ორგანიზაციები კი ძირითადად თავისუფლების აღკვეთის ადგილებში ცუდი მოპყრობის ფაქტებს აღნიშნავდნენ.
ელ ჰადჯი მალიკ სოუ

გაეროს თვითნებური დაკავების საკითხებზე მომუშავე ჯგუფი საქართველოში მთავრობის მოწვევით იმყოფებოდა. მთავრობის წევრებთან გამართული შეხვედრებისას მათ ხაზი გაუსვეს როგორც სისხლის სამართლის, ისე ადმინისტრაციულ სამართალწარმოების კოდექსის ცალკეულ ნაკლოვანებებს. მაგალითად, ადმინისტრაციული კანონდარღვევის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილების 24 საათის განმავლობაში გამოტანა განხილულ იქნა, როგორც უდანაშაულობის პრეზუმფციის არარსებობა. პრობლემათა შორის დასახელდა ასევე სასჯელის ვადის გაზრდა 90 დღემდე, რაც, გაეროს დელეგაციის წარმომადგენელთა შეფასებით, იმას ნიშნავს, რომ პირმა მკაცრი და ხანგრძლივი ვადა დროებითი დაკავების იზოლატორში იმ დაცვის გარანტიების გარეშე უნდა მოიხადოს, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისთვის დაკავებულ პირს ენიჭება.

გაეროს თვითნებური დაკავების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის პირველი ვიზიტი საქართველოში 15 ივნისს დაიწყო და 24 ივნისს დასრულდა. ჯგუფის ანგარიშის ადრესატი, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს გარდა, საქართველოს მთავრობაც იქნება.
XS
SM
MD
LG