Accessibility links

logo-print
„რობერტ სტურუას გათავისუფლებით მამა დავკარგე“ -აღნიშნა მსახიობმა ია სუხიტაშვილმა რობერტ სტურუას მხარდამჭერთა მიტინგის დასრულების შემდეგ. და დააყოლა: „თუმცა, ამას არავის ვაპატიებ. ვიბრძოლებთ მანამ, სანამ ხელოვანი ხალხი არ დაფასდება.“

ხელოვანი ხალხი... გულწრფელი ნათქვამია (თუ „წამოცდენა“)! „ხელოვანი ხალხი“ საქართველოში მაშინ უფრო ბრაზდება, როცა პირადად ექმნება დისკომფორტი. ამ შემთხვევაში კი მართლა „პირადად“ შეექმნა; აბა, ვის წარმოუდგენია რუსთაველის თეატრი რობერტ სტურუას გარეშე? ვის შეუძლია დადგას იმ დონის სპექტაკლები, რომელსაც სტურუა დგამდა?

როგორც ჩანს, არავის. ეს ფაქტია და საეჭვოა, ეს მოსაზრება თვით ხელისუფლებამაც კი არ გაიზიაროს.

არავის. ეს კარგად იციან სტურუას მსახიობებმა და, რაც მთავარია, კარგად იცის თავად რობერტ სტურუამაც. იგი, შეიძლება, არასდროს ყოფილა ასეთი გამარჯვებული. ხუმრობა ხომ არ არის, თეატრის რეჟისორის მხარდამჭერთა მიტინგზე თბილისის ცენტრალური ქუჩა გადაიკეტა!

ასეთი რამ პარიზში მოხდა 1968 წელს. როცა კულტურის მინისტრმა, ანდრე მალრომ ფრანგული სინემატეკის დირექტორის პოსტიდან დაითხოვა ანრი ლანგლუა, ყველასთვის მოულოდნელად, დაიწყო საპროტესტო გამოსვლები თანამდებობაზე ლანგლუას აღდგენის მოთხოვნით - გადაიკეტა პარიზის ცენტრალური ქუჩები. „სინემატეკის ამბოხება“, ფაქტობრივად, რევოლუციაში გადაიზარდა.

აგერ ბატონ რეზო ამაშუკელსაც უთქვამს, სტურუას გათავისუფლებას საქართველოში მეორე რევოლუცია მოჰყვებაო.

მოჰყვებოდა. აუცილებლად მოჰყვებოდა, რომ არა ერთი სერიოზული პრობლემა, რომელიც საქართველოში, შეიძლება ითქვას, ჯერაც ტაბუდადებულია: თაობების ურთიერთობების, „მამათა და შვილთა ბრძოლის“ პრობლემა. პარიზელი სტუდენტებისგან გასხვავებით, რომელთა უმრავლესობა შეძლებულ ოჯახებში გაიზარდა და არასდროს სცოდნია, რა არის შიმშილი, ქართველი ტინეიჯერებს, ძირითადად, მშობლებთან ერთად რომ ცხოვრობენ და ფინანსურად მათზე თითქმის მთლიანად არიან დამოკიდებული, ბუნებრივია, გაუჭირდებათ, „დაიწყონ“ რევოლუცია ოჯახში, იმ ფასეულობების წინააღმდეგ, რომელთაც მშობლები ამკვიდრებდნენ და ამკვიდრებენ. ოჯახი კი ის უჯრედია, საიდანაც იწყება ამბოხებები. თუ მორჩილი ხარ და მამა-ბატონის წკეპლის გეშინია, საეჭვოა, უსამართლობის წინააღმდეგ ხმა ამოიღო და სოლიდარობის გრძნობა გამოხატო ჩაგრულის მიმართ. ასეთი მორჩილება ხელს აძლევს ყველას, პირველ რიგში კი იმ მამებს, რომელთა ხელშია ძალაუფლება. მამები მზად არიან, ღრმა სიბერემდე შეინარჩუნონ ეს ძალაუფლება და ყურადღებით ადევნონ თვალი თავიანთ შვილებს, რათა - ღმერთო, ამისგან დაიფარე სრულიად საქართველო! - ოიდიპოს მეფის აჩრდილმა არ გადაუაროს ქვეყანას!

ანრი ლანგლუა ჩვენთან რა მოსატანია! ლანგლუას მეგობარმა და თანამებრძოლმა, ანდრე ბაზენმა, რომლის სახელსაც უკავშირდება ფრანგული სინემატეკის, საერთოდ, 50-იანი წლების ფრანგული კინოს აღორძინება, ჟურნალ „კაიე დიუ სინემას“ დაარსებამდე შეკრიბა თავისი მოსწავლეები და უთხრა: „მე კათოლიკე ვარ და კათოლიკურ მორალს ვქადაგებ. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენც იგივე უნდა გააკეთოთ. მოდით, ვისწავლოთ და ვიბრძოლოთ. ვიცი, რომ გაიმარჯვებთ, მაგრამ ჩემს პრინციპებს ასე ადვილად არ დავთმობ!“

კათოლიკე ბაზენის საყვარელი მოწაფე, ჟან-ლუკ გოდარი, კინაღამ მაოისტი გახდა. მეორე, ასევე საყვარელმა მოსწავლემ, კლოდ შაბროლმა, უარი თქვა „ონტოლგიური კინოს“ ესთეტიკაზე, რომელსაც ბაზენი ქადაგებდა და სრულიად სხვა სტილს მიანიჭა უპირატესობა. ბაზენმა, ანრი ლანგლუასთან ერთად, შექმნა სკოლა, რომელსაც არ ჰყავდა ერთი ლიდერი და, რაც მთავარია, ბაზენმა და ლანგლუამ ფრანგულ კინოს აღუზარდეს თავისუფალ ადამიანთა მთელი არმია, რომელმაც მოგვიანებით, 1968 წელს, „პარიზის გაზაფხული“ მოაწყო. ფრანგული კულტურისთვის, ფრანგული საზოგადოებისთვის, ალბათ, პირველ რიგში ეს - თავისუფალი ადამიანი - არის მთავარი და მერე „ახალი ტალღის“ რეჟისორების შედევრები.

საქართველოში? ერთხელ დაწერა ბატონმა ლევან ბერძენიშვილმა, საქართველოში ყველას მასწავლებლობა უნდაო და დავეთანხმე. მაგრამ იმ ამბების მერე, რაც ამ დღეებში მოხდა თბილისში, სექტემბრის ამ პირველ დღეს, სულ სხვა აზრი გამიჩნდა: საქართველოში არ შეუძლიათ მასწავლებლობა! საქართველოში, როგორც წესი, შეუძლიათ მხოლოდ მამობა (ანდა, დედობა), რადგან მამა (ან დედა), რაც უნდა მოხდეს, „ყოველთვის მართალია“.

ნოდარ კაკაბაძეც გამახსენა ამ ამბებმა. უცნაური კაცი იყო. თითქოს ამოვარდნილი იმ საზღვრებიდან, რასაც „თაობა“ ჰქვია. ყოველ შემთხვევაში, რასაც „ქართველი 60-იანელები“ ჰქვია.

90-იან წლებში, როცა სახელმწიფო ტელევიზიაში გადაცემა „სარკმელი“დახურეს, ტელევიზია იძულებული გახდა, გაზეთების საშუალებით აეხსნა მაყურებლისთვის, რომ გვახარია რაღაც საზიზღრობის ჩვენებას აპირებდა და რომ „ფილმები, რომლებშიც დიდი რაოდენობით პათოლოგიური მოვლენებია და ეს ავტორის დაკვირვების მთავარი ობიექტია, მგონია, ყველაზე მასობრივი კომუნიკაციისთვის, ის, როგორც ტელევიზიაა, არაა განკუთვნილი" (გაზეთი „რეზონანსი“, 1996 წლის 13 ივნისი. სტილი დაცულია). ნანა ჯაფარიძემ ამ ამბავს „პრესსტუდიის“ (იყო ასეთი გადაცემა) სპეციალური გამოშვება მიუძღვნა. მიიწვიეს „საზოგადოების წარმომადგენლები“: ნოდარ კაკაბაძე, ელდარ შენგელაია, თამუნა ჩიქოვანი, გიორგი მაისურაძე... ტელევიზიის დირექცია ამას არ ელოდა: ყველამ დაიცვა გადაცემა და ცენზურის შემოტევაზე დაიწყო ლაპარაკი. ასეთი „ასიმეტრიით“ დაბნეულმა ნანა ჯაფარიძემ ძველ ჟურნალისტურ ხერხს მიმართა და გადაცემის ბოლოს „მაყურებლის წერილი“ წაიკითხა: „აი, ახლა დარეკა მაყურებელმა. მორჩით ამდენ ლაპარაკს და დაიწყეთ ‘ველური გული’“...

იმის დასადასტურებლად, რომ ქართველ მაყურებელს არ ჭირდება „სარკმელი“. მას „ველური გული“ მოსწონს.

ტელევიზიის ხელმძღვანელებმა ნოდარ კაკაბაძე და ელდარ შენგელაია იმიტომ მიიწვიეს, რომ იფიქრეს, ავტორიტეტიანი ხალხია, ფასბინდერი, მთელი მისი „ლესბიანკებით“, მათთვის მიუღებელი იქნება და მხარს დაუჭერენ გადაცემის დახურვასო. ნანა ჯაფარიძე გაოცებული უყურებდა ნოდარ კაკაბაძეს, რომელმაც ფასბინდერს „დიდი ხელოვანი“ უწოდა. უფრო ადრეც, 80-იანი წლების ბოლოს, როცა საქართველოში ფარაჯანოვის წინააღმდეგ დიდი კამპანია დაიწყო და როცა ვერავინ გაბედა პრესაში დაეცვა რეჟისორი, ნოდარ კაკაბაძე ერთადერთი აღმოჩნდა, რომელმაც უპასუხა არა მარტო ნაციონალიზმითა და ქსენოფობიით, არამედ შურით, ბოღმით აღსავსე ქართველ ხელოვანებს, კრიტიკოსებს, რომლებიც ერთხმად ამტკიცებდნენ, შუშანიკს „გაასომხებს“, არ უნდა მივცეთ გადაღების ნებაო.

ნოდარ კაკაბაძე (და კიდევ რამდენიმე კაცი) იშვიათი გამონაკლისია ქართველ 60-იანელებს შორის (პირობითად ასე რომ ვუწოდოთ ამ თაობას), რომელთაც ჰყავთ მოწაფეები. კარგი მოწაფეები. აი, ამაყად რომ იტყვიან „მე ნოდარ კაკაბაძის მოწაფე ვარ!“ არა ასლები, არამედ მოწაფეები. რადგან ჰყავდათ მასწავლებელი, რომელმაც ისინი, გერმანულ ლიტერატურასთან ერთად, თავისუფლებას აზიარა.

ქართულ თეატრს ჰყავს რობერტ სტურუა, რომელმაც არ შექმნა სკოლა. ეპიგონები - იცოცხლე, რამდენიც გინდა! სკოლა - არა.

ქართულ კინოს ჰყავს ოთარ იოსელიანი, რომელმაც არ შექმნა სკოლა. ეპიგონები - კი. სკოლა - არა.

ამ ადამიანთა წასვლა კინოდან, თეატრიდან, მართლაც შექმნის საშიშროებას, მოკვდეს ქართული კინოც, თეატრიც. მათი სპექტაკლები და ფილმები დარჩება, მაგრამ კარგმა კინომ და თეატრმა შეიძლება აღარ იარსებოს. ერთი უბრალო მიზეზით: მათ და სხვა ქართველ 60-იანელებს იმაზე არ უზრუნიათ, რომ ქვეყანას თავისუფალ ხელოვანთა ახალი თაობა ჰყოლოდა. შეიძლება, პირიქითაც კი მოხდა.

ამიტომ ბუნებრივია ეს კითხვა: „აბა, სხვა ვინ?“

ხომ გახსოვთ: „სააკაშვილი თუ არა, აბა, სხვა ვინ?“ რატომაა, ვითომ, სულელური კითხვა? ქვეყანაში, სადაც ადამიანები დროსაც კი იმორჩილებენ და არ უნდათ... დიახ, არ უნდათ ჰყავდეთ თავისუფალი მემკვიდრეები - მათ მიმართ კრიტიკულები, მათი ფასეულებების უარმყოფელნი - არა, მტრები არა... უბრალოდ, სხვანაირები... ამ ქვეყანაში ეს კითხვა ვითომ რატომაა სულელური?

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG