Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ სურს რუსეთს ვიქტორ ბუტის სამშობლოში დაბრუნება?


იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბუტი ბანგკოკის (ტაილანდი) სასამართლოში
იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბუტი ბანგკოკის (ტაილანდი) სასამართლოში
2 ნოემბერს ნიუ იორკის სასამართლომ განაჩენი გამოუტანა ვიქტორ ბუტს, იარაღით ცნობილ მოვაჭრეს რუსეთიდან, და ის დამნაშავედ სცნო მისთვის წაყენებულ ყველა ბრალდებაში. კრემლის მესვეურები, როგორც ჩანს, დაინტერესებული არიან ბუტი რუსეთში დააბრუნონ. რა არის ამის მიზეზი?

განაჩენის გამოქვეყნებისთანავე მოსკოვმა გამოაცხადა, რომ ყოველ ღონეს იხმარს, რათა დაიცვას რუსეთის მოქალაქის, ვიქტორ ბუტის, უფლებები და ინტერესები. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ალექსანდრ ლუკაშევიჩის თქმით, რუსეთის მიზანი ბუტის სამშობლოში დაბრუნებაა. ლუკაშევიჩმა გაიმეორა ადრინდელი ბრალდება, თითქოს ბუტი უკანონოდ დააკავეს, და თითქოს ტაილანდმა ის უკანონოდ გადასცა აშშ-ს, სადაც ბუტი მძიმე პირობებში იმყოფება, ხოლო გამოძიება საერთაშორისო სამართლის დარღვევით ჩატარდა. მიმომხილველები სვამენ კითხვას, რატომ არის მოსკოვი ასე დაინტერესებული ბუტის შინ დაბრუნებით. სამხედრო ექსპერტი, ალექსანდრ გოლცი, საინტერნეტო გამოცემა „ეჟედნევნი ჟურნალის“ რედაქტორის მოადგილე, ორ თეორიაზე საუბრობს: „პირველი ვერსია ისაა, - ამბობს გოლცი - რომ ბუტმა მართლაც რაღაც იცის: მისი მაქინაციები, ან მცდელობები, რაღაც წარმოადგინოს იარაღთან დაკავშირებულ მაქინაციად, ემყარება ან რუსეთის რომელიმე სახელმწიფო სტრუქტურის, ან მაღალი რანგის პირის მხარდაჭერას. და თავისთავად ცხადია, ეს მაღალი რანგის პირები შეშფოთებული არიან, რომ თუ ბუტს მართლაც სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, ის ალაპარაკდება და ისეთ რამეს იტყვის, რაც ძალიან უსიამოვნო იქნება ოფიციალური მოსკოვისთვის.“
ლაპარაკია დიდი რაოდენობით იარაღის ტრანსპორტზე და ამისთვის საბუთებია საჭირო, რაშიც აუცილებელია ოფიციალური პირების დახმარება. არსებობს ამის სხვადასხვა გზა...

მეორე ვარიანტად გოლცს მიაჩნია საპირისპირო ვერსია. ანუ, რომ ბუტმა არაფერიც არ იცის, მაგრამ მოსკოვი არ ენდობა აშშ-ის მართლმსაჯულებას და ამერიკის მთავრობას და თუ ბუტს ამერიკის ციხეში დიდხანს მოუწევს ყოფნა, მას აიძულებენ ისეთი რამე თქვას, რაც რუსეთის ხელისუფალთა დისკრედიტაციას მოახდენს. შესაძლოა, ამიტომაც სურს კრემლს მისი რუსეთში დაბრუნებაო, ამბობს გოლცი, რომელიც, ამასთანავე, ფიქრობს, რომ ბუტის რუსეთში დაბრუნება მოსკოვს ძალიან გაუჭირდება.

კიდევ ერთი ექსპერტი, დამოუკიდებელი მიმომხილველი, პაველ ფელგენგაუერი, მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანი კონტაქტების გარეშე რუსეთის მოქალაქეს ძალიან გაუჭირდებოდა იარაღის ბიზნესში დიდხანს ყოფნა და წარმატების მიღწევა.

„შემიძლია დაგიდასტუროთ რუსეთის საბაჟო სამსახურში ჩემი წყაროების ინფორმაცია, რომ იარაღს სჭირდება საბოლოო მომხმარებლის სერტიფიკატი, საკმაოდ დამაჯერებელი, რადგან მან საზღვარი უნდა გადალახოს. - გვეუბნება ფელგენგაუერი. - ამ იარაღს, უბრალოდ, ორფსკერიან ჩემოდანში ვერ ჩადებ. ლაპარაკია დიდი რაოდენობით იარაღის ტრანსპორტზე და ამისთვის საბუთებია საჭირო, რაშიც აუცილებელია ოფიციალური პირების დახმარება. არსებობს ამის სხვადასხვა გზა, აუცილებელი არ არის ამ საბუთების მოსკოვში მოპოვება.“

იური ვდოვინი, არასამთავრობო ორგანიზაცია „სიტიზენს უოჩის“ დირექტორის მოადგილე (მისი ორგანიზაცია რუსეთის უშიშროების უწყებებს მეთვალყურეობს) ამბობს, რომ უშიშროების ფედერალური სამსახური ცდილობს რუსეთის მთავრობის სხვადასხვა უწყების გამოყენებას ბუტის გასათავისუფლებლად, რათა თავისი მონაწილეობა ამ საქმეში დამალოს. ვდოვინის თქმით, თუ უწინ კა-გე-ბე მფარველობდა სხვადასხვა ტერორისტულ ჯგუფს მთელს მსოფლიოში, რატომ არ შეიძლება, ასეთივე პოლიტიკას დღეს უშიშროების ფედერალური სამსახური აგრძელებდეს. ვერავინ დამაჯერებს, - ამბობს ვდოვინი - რომ იარაღის ყიდვა-გაყიდვის ეს მსხვილი ოპერაციები ამ ორგანიზაციის გარეშე კეთდებოდაო. ამიტომაც ცდილობენ ახლა ისინი, გაათავისუფლონ ბუტიო, დაასკვნის რუსი ექსპერტი.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ექვსმა დეპუტატმა (ოღონდ არა მმართველი პარტიის, არამედ ოპოზიციის წარმომადგენლებმა) წერილით მიმართა ნიუ იორკის სასამართლოს. წერილში აშშ-ის მართლმსაჯულების მიმართ გამოთქმულია იგივე ბრალდებები, რომლებსაც საგარეო უწყება გამოთქვამს. ამ წერილში დეპუტატები აღნიშნავენ, რომ აშშ-ის გარკვეული წრეები ებრძვიან რუსეთთან ურთიერობის გადატვირთვის პოლიტიკას და სწორედ ეს არის ამ საქმის მიზანი. წერილის ხელმომწერები დასძენენ, რომ ვიქტორ ბუტი პატიოსანი ბიზნესმენია, არასოდეს ჰქონია კანონის დარღვევასთან დაკავშირებული რაიმე პრობლემები და, ამასთანავე, შესანიშნავი ოჯახის მამაა.

ჟურნალისტი ვლადიმირ კოზლოვსკი, რომელიც ბუტის სასამართლოზე იუწყებოდა ნიუ იორკიდან, გვიამბობს, რომ რუსეთის საკონსულო არავითარ ინტერესს არ იჩენდა სასამართლო პროცესისადმი. საკონსულოს წარმომადგენელი მხოლოდ ერთხელ ვნახე დარბაზში და ისიც პროცესის დასაწყისშიო, კოზოლოვსკი რადიო თავისუფლებასთან საუბარში და დასძენს, ბუტთან დაკავშირებული განცხადებები მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან ისმისო.

ბოლოს გეტყვით, რომ ბუტისთვის განაჩენის გამოცხადების შემდეგ, რუსეთის კონსულის მოადგილემ ალექსანდრ ოტჩაინოვმა განაცხადა, რომ საელჩო სხვადასხვა სახის საკონსულო დახმარებას უწევს რუსეთის მოქალაქესა და მის ოჯახს.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG