Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოციოლოგიური კვლევებით, ორი პოლიტიკური პოლუსი იკვეთება


8 დეკემბერს სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა საზოგადოებას სოციოლოგიური კვლევის შედეგები გააცნო, რომლის მიხედვითაც, გამოკითხულ ადამიანთა პოლიტიკური სიმპათიები ორ პოლიტიკურ ძალას - ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა და ბიძინა ივანიშვილის ჯერ არშექმნილ პარტიას შორის ნაწილდება. კვლევის დამკვეთი ორგანიზაცია 2011 წელს შექმნილი საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტია.
პრეზენტაცია სწორედ მისმა ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, გია ხუხაშვილმა, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტისადმი (IRI) მიმართვით გახსნა და მას მათ მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგებისა და პოლიტიკური რეიტინგების შესახებ განმარტება მოსთხოვა. IRI-ის კვლევის ზოგიერთი მონაცემი 7 დეკემბერს ქართულმა მედიამ გაავრცელა.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) გია ხუხაშვილის ადრესატი ერთი მიზეზით გახდა: საზოგადოებას, ხუხაშვილის თქმით, აინტერესებს, ვინ არის რეალურად პასუხისმგებელი 7 დეკემბერს ქართული მედიის მიერ გავრცელებული სოციოლოგიური კვლევის შედეგების რეალურობაზე, რომლის თანახმადაც, მიხეილ სააკაშვილის ნდობის რეიტინგი 70%-ის ფარგლებშია, "ნაციონალურ მოძრაობას" კი ამომრჩევლების მთლიანი რაოდენობიდან 42% უჭერს მხარს. ეს ინფორმაცია 7 დეკემბერს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გოკა გაბაშვილმაც დაადასტურა. თუმცა სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის დამკვეთები IRI-ისგან განმარტებას მაინც მოითხოვენ:

გია ხუხაშვილი
გია ხუხაშვილი
“გამოქვეყნებულ კვლევასთან დაკავშირებით გვიჩნდება გარკვეული კითხვები და კომენტარები, მაგრამ ჩვენთვის დღემდე უცნობია, ხართ თუ არა ჩვენი ადრესატი. ამიტომ ჯერჯერობით თავს შევიკავებთ მათი დასმისგან თქვენს გამოხმაურებამდე”, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

საზოგადოების დიდი ინტერესის გათვალისწინებით, 11-22 ნოემბერს ჩატარებული კვლევის შედეგების პრეზენტაცია აღარც სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა გადადო, რომლის დირექტორია სოციოლოგი, პროფესორი იაგო კაჭკაჭიშვილი. მისი თქმით, საქართველოს 11 რეგიონში, თბილისის ჩათვლით, 3000 რესპონდენტი გამოკითხეს. რამდენიმე მთავარი ტენდენცია:

”კითხვაზე, მიიღებთ თუ არა მონაწილეობას 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში, დადებითად პასუხობს 77%. ანუ მოსახლეობის მზაობა საკმაოდ მაღალია, თუმცა შეცდომა იქნებოდა გვეთქვა, რომ 2012 წელსაც ანალოგიური მზაობა იქნება, რაც კვლევამ დღეს ასახა.”

იაგო კაჭკაჭიშვილის თქმით, გამოკითხულთა უმრავლესობა ასევე მომხრეა ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლისა. გამოკითხვის ერთ-ერთი ნაწილი პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის მოსვლისა და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილებას ეხება, რასაც საქართველოს მოსახლეობის 55,3 % ემხრობა. ამავე გადაწყვეტილებას არ მიესალმება 26,7 %. ივანიშვილის პირველ ნაბიჯებს პოლიტიკაში დადებითად აფასებს გამოკითხულთა 46,2%. სად წავიდა ის 10% - მისი პოლიტიკაში მოსვლის მხარდამჭერებისა?

იაგო კაჭკაჭიშვილი
იაგო კაჭკაჭიშვილი
”ეს ათი % არ გადასულა ძალზე უარყოფითი ან უარყოფითი შეფასების ორბიტაზე, ეს 10% ნეიტრალურ განწყობაში გადანაწილდა.”

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს, რომელ პოლიტიკურ ძალას დაუჭერდით მხარს? - ჰკითხეს რესპონდენტებს. შედეგები კი ასეთია: „ნაციონალური მოძრაობა“ - 36%, ბიძინა ივანიშვილის პარტია - 32%. და შემდგომ მოდიან დანარჩენი პარტიები. ამ დიაგრამის ყველაზე აშკარა ინოვაცია, იაგო კაჭკაჭიშვილი თქმით, იყო გრაფის ”მიჭირს პასუხის გაცემა” 13%-იანი მაჩვენებელი, რომელიც აქამდე ჩატარებულ ყველა კვლევაში 25%-ს არ ჩამოსცილებია. კვლევის საყურადღებო დეტალია ისიც, რომ ივანიშვილის პოლიტიკური ძალა აღმოჩნდა ის ძალა, რომელიც ართმევს ხმებს ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს, კერძოდ, ქრისტიან-დემოკრატებს, „ეროვნულ ფორუმსა“ და ლეიბორისტულ პარტიას და პროცენტებში ეს მაჩვენებელი 18%-ს შეადგენს. 3%-იანი მაჩვენებლით, მაგრამ მაინც იკვეთება თავად „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეების ივანიშვილის პოლიტიკური ძალისკენ გადაბირების ტენდენციაც. კვლევის მიხედვით, ასევე ჩანს, რომ არჩევნების დღეს ჩატარების შემთხვევაში 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი სხვა პოლიტიკურ ძალთაგან „ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას“ აქვს (4,4%). რაც ეხება მხარდაჭერას რეგიონების მიხედვით:

”ივანიშვილის პოლიტიკური ძალა აშკარა უმრავლესობას ინარჩუნებს თბილისში (40% - 24%-ის წინააღმდეგ), იმერეთსა და მცხეთა-მთიანეთში. „ნაციონალური მოძრაობა“ კი აშკარა ლიდერია ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში. დანარჩენ რეგიონებში კი ამ ორ პოლიტიკურ ძალას შორის კონკურენციაა.”

კვლევის მიერ დახატული სურათიდან ფსიქოლოგი მარინა ჩიტაშვილი მისთვის რამდენიმე მნიშვნელოვან ტენდენციას გამოყოფს. პირველი, ეს არის ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლის მსურველთა მაღალი მაჩვენებელი:

”მეორეც ის, რომ გამოკითხვამ აშკარად აჩვენა, პოლიტიკურ არენაზე პოლარიზაციის მომენტი დღეს დაკვეთაა და ვინც ამ ფაქტორს არ გაითვალისწინებს, თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდება. მე ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია ასევე ის, რომ შემცირებულია მაჩვენებელი პასუხისა ”მიჭირს პასუხის გაცემა”, არჩევნებზე წასვლასთან დაკავშირებით. ეს ნიშნავს, რომ ადამიანებს გადაწყვეტილი აქვთ არჩევნებზე წასვლა. ანუ ისინი მზად არიან გაჰყვნენ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას.”

მარინა ჩიტაშვილი ამბობს, რომ არავინ იცის შენარჩუნდება თუ არა ეს რეიტინგი არჩევნებამდე როგორც რეგიონებში, ისე დედაქალაქში. დღეს არსებული აქტუალური განწყობების ცვლილება მთლიანად დამოკიდებულია კონკრეტული სოციალური მოთამაშეების ქცევაზე.

კვლევის შედეგები საყურადღებო გზავნილი უნდა გახდეს დაბალი რეიტინგის მქონე პარტიებისათვის, - ფიქრობს რამაზ საყვარელიძე, - მათ ან ერთი, ან მეორე მხარე უნდა დაიჭირონ, რომ საარჩევნო ხმები ნაკლებად გაიფანტოს.

ხელისუფლებას კი მოუწევს დაფიქრება, თუ რისი ნიშანია ის, რომ ბიძინა ივანიშვილის პარტია, რომელიც ჯერ არც კი არსებობს, გამოკითხვაში საკმაოდ მაღალი რეიტინგით სარგებლობს:
”ივანიშვილის რეიტინგის თანაავტორი ხელისუფლებაცაა, რადგან საზოგადოების ამ ნაწილს რაღაც გაუჭირდა და ამიტომ გააკეთა არჩევანი ივანიშვილზე, თორემ კარგად მყოფი ადამიანი ამაზე არ ფიქრობს - ვისთანაც კარგადაა, მასთან რჩება.”

კვლევამ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისადმი ამომრჩეველთა დამოკიდებულების კიდევ არაერთი ტენდენცია აჩვენა. მასში ასევე აისახა დამოკიდებულებები და ნდობის ხარისხი სხვადასხვა ინსტიტუტების მიმართ. მაგალითად, ამ სიაში ეკლესია კვლავაც ლიდერია, პროკურატურა და ჯანდაცვის სამინისტრო კი უარყოფით ველშია მოქცეული. კვლევის შედეგების სრულად ნახვა შეგიძლიათ მისიმართზე www.gdri.ge
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG