Accessibility links

logo-print

კომისია, რომელიც დღის წესრიგიდან არ იხსნება


ამომრჩეველთა სიის დამდგენი კომისიის წევრების შეხვედრა ცესკო-ში. 2011 წლის 21 ნოემბერი

ამომრჩეველთა სიის დამდგენი კომისიის წევრების შეხვედრა ცესკო-ში. 2011 წლის 21 ნოემბერი

საარჩევნო კოდექსის ცვლილებების კანონპროექტს პირველი მოსმენით საქართველოს პარლამენტი მომავალ კვირაში რიგგარეშე სხდომაზე განიხილავს. მანამდე კი, 19 დეკემბერს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კიდევ ერთხელ შეაჯერებს იმ ორ ათეულამდე ცვლილებას, რომელთა შესახებ საპარლამენტო პარტიები და სამოქალაქო სექტორი ჯერაც დავობენ. მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, სადავოდ რჩება, მაგალითად, საარჩევნო სიის დაზუსტების უკვე ამოქმედებული მექანიზმი - სპეციალური კომისია.

ამომრჩეველთა სიის დამდგენი სპეციალური კომისია 8 პოლიტიკური პარტიისა და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ბაზაზე დაფუძნდა. ამ კომისიის შექმნას და სიის სიზუსტეზე პასუხისმგებლობის მასში შემავალი სუბიექტებისთვის დაკისრებას, მაშინ როცა სახელმწიფოში მოსახლეობის რაოდენობის სიზუსტის უზრუნველმყოფი რამდენიმე სტრუქტურა მუშაობს, ოპონენტები თავიდანვე მრავლად გამოუჩნდნენ. მათ შორისაა საპარლამენტო პარტია ”ქართული დასი”, რომლის ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ 13 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კიდევ ერთ გარემოებას გაუსვა ხაზი. იგი ფიქრობს, რომ კომისიის წევრი პოლიტიკური სუბიექტების რაოდენობა მმართველმა პარტიამ ხელოვნურად შეზღუდა:
„ნაცმოძრაობამ“ კანონი ასე დაწერა, რომ მარტო „ნაცმოძრაობა“ და ის პარტიები გადაამოწმებენ სიებს, რომლებმაც ხელი მოაწერეს სკანდალურად ცნობილ დოკუმენტს...

”ჩვენც - „ქართულ დასს“ და ყველა სხვა პარტიას - გვქონდა სურვილი მიგვეღო მონაწილეობა სიების გადამოწმებაში. უბრალოდ, „ნაცმოძრაობამ“ კანონი ასე დაწერა, რომ მარტო „ნაცმოძრაობა“ და ის პარტიები გადაამოწმებენ სიებს, რომლებმაც ხელი მოაწერეს სკანდალურად ცნობილ დოკუმენტს, რომელიც წარმოადგინა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, თავისი რაღაც შემოთავაზება საარჩევნო კოდექსზე, რომელიც იწყებოდა, პირველი მუხლი იყო ასეთი, რომ ვინც ამ დოკუმენტზე ხელს მოაწერს, ის მიიღებს ერთ მილიონ ლარს. ეს იყო პირდაპირი, აშკარა, საჯარო მოსყიდვა პარტიების. რა თქმა უნდა, ამ დოკუმენტზე ჩვენ ხელს არ მოვაწერდით.”

ჯონდი ბაღათურია გულისხმობს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით განსახორციელებელი ცვლილებებისა და ღონისძიებების ათპუნქტიან შეთანხმებას, რომელიც მიმდინარე წლის 27 ივნისს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ხელისუფლებამ და ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ გააფორმეს. მოგვიანებით მათ კიდევ სამი პარტია მიუერთდა. რაც შეეხება სამოქალაქო სექტორს, კომისიაში საკუთარ კვოტაზე კატეგორიული უარი თქვეს საარჩევნო თემატიკაზე მომუშავე ისეთმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, როგორებიც არიან ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, ”სამართლიანი არჩევნები” და ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო”. საარჩევნო კოდექსის პროექტის საკომიტეტო განხილვაზე მათ კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ კომისია არ უნდა შექმნილიყო. პოზიციები არ დათმეს არც კომისიის მომხრეებმა - მათ შორის, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა.
პავლე კუბლაშვილი

პავლე კუბლაშვილი


”სიებთან დაკავშირებით თურმე გაუარესებულია სიტუაცია, რომელიც არის კოდექსში ჩანაწერის სახით, როცა ადრე ეს უფლებამოსილება იყო მხოლოდ ცესკოში და ახლა არის ცალკე კომისია, რომელსაც აქვს შესაბამისი რესურსი და რომელშიც არის არასამთავრობო სექტორიც და პოლიტიკური პარტიებიც, აქვთ რესურსი, რომ გადაამოწმონ ეს სიები. ეს ყოფილა თურმე გაუარესება. ასეთ რაღაცებს როცა იტყვით, მეგობრებო, ყველა სხვა შეფასებას თქვენსას ასევე, გარკვეულწილად, სანდოობა დაეკარგება”, - განაცხადა პავლე კუბლაშვილმა ოპონენტი არასამთავრობო ორგანიზაციების მისამართით.

ჯონდი ბაღათურიას კი ბრალდებაზე, როგორც თვითონ ამბობს, „ნაციონალური მოძრაობის“ ნაცვლად აბსურდული პასუხი გასცა შეთანხმების ერთ-ერთმა ხელმომწერმა, ქრისტიან-დემოკრატიულმა პარტიამ, კერძოდ, დეპუტატმა ლევან ვეფხვაძემ. მან საარჩევნო სიის დამდგენ კომისიაში მონაწილეობის მოწინააღმდეგე პარტიები სიის გადამოწმების ეგრეთ წოდებული ძველი, „კარდაკარის“ მეთოდისადმი სიმპათიაში დაადანაშაულა. „კარდაკარის“ ფონდი 2010 წლის ადგილობრივ არჩევნებში 1 200 000 ლარი იყო. მასში ჩართულმა თითოეულმა პარტიამ 100 000 ლარი მიიღო:
ლევან ვეფხვაძე

ლევან ვეფხვაძე


”ზოგმა მანქანა იყიდა, ზოგმა ჰალსტუხი იყიდა, ძვირად ღირებული, და ასე შემდეგ. როგორც ჩანს, მიაჩნიათ, რომ ეს არის კარგი მოდელი სიების გადამოწმების და ის ურჩევნიათ. ამ სისტემაში კი ვერავინ ფულს ვერ ჩადებს, იქნება კონკრეტული ბურთი და მოედანი და გადაამოწმებენ. ამ მოდელში იმიტომ არ შემოვიდნენ ეს პარტიები, რომ ჰალსტუხს და მანქანებს ვერ იყიდიან და ეს პასუხისმგებლობის აღებაც არ სჭირდებათ.“

ლევნ ვეფხვაძე ფიქრობს, რომ საარჩევნო სიის მონიტორინგის მოქმედი მექანიზი, ეგრეთ წოდებული კომისია, ერთ-ერთი ყველაზე სანდო მოდელია და გამოყენებულ უნდა იქნეს მანამ, სანამ ქვეყანაში საარჩევნო პროცესისადმი ნდობა არ აღდგება.
კომისია საქართველოს პრეზიდენტის 15 ნოემბრის ბრძანებულებით შეიქმნა. საარჩევნო სიის დახვეწაზე საქმიანობას იგი 2012 წლის 1 ივლისამდე განაგრძობს. უფრო ზუსტად, სიის დამდგენი სახელმწიფო კომისია ამომრჩეველთა დაზუსტებულ სიას ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 2012 წლის 1 ივლისისთვის გადასცემს. კანონის თანახმად, კომისიის მიერ ცესკოსთვის გადაცემული სია ამომრჩეველთა ერთიანი სიაა და მასში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე კორექტივები პრაქტიკულად აღარ შევა, მცირედი გამონაკლისის გარდა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG