Accessibility links

logo-print

კომისია - საარჩევნო სიის დამდგენი ახალი ინსტანცია


პარლამენტის სხდომა

პარლამენტის სხდომა

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საარჩევნო კოდექსში ცვლილებების იმ კანონპროექტს, რომელიც ამომრჩეველთა სიების დამდგენი სპეციალური კომისიის შექმნას ითვალისწინებს. სიების დაზუსტების მექანიზმს საარჩევნო კოდექსზე მომუშავე პარტიული ჯგუფის შეთანხმება ითვალისწინებს. ამ შეთანხმების თანახმად, სპეციალურ კომისიას სიების გადამოწმება 2011 წლის 1 ოქტომბერს უნდა დაეწყო და 2012 წლის 1 ივლისს დაესრულებინა. შესაბამისად, პარლამენტი კომისიის შექმნის შესახებ საკითხს დაჩქარებული წესით განიხილავს.
დღეს არის 28 სექტემბერი და ერთი მოსმენა უკვე განხორციელდა, ვფიქრობ, რომ კანონმა უკვე საბოლოო სახე სადღაც ოქტომბრის პირველ დეკადაში უნდა მიიღოს...

საარჩევნო კოდექსზე მომუშავე სარედაქციო ჯგუფის მიერ ვენეციის კომისიაში გაგზავნილი ცვლილებების პროექტში 9 საკითხი მოხვდა. ამ საკითხების რიგში არ არის მოლაპარაკებების დამატებითი 3 საგანი, ანუ 3 დამოუკიდებელი კომისიის შექმნა. ესენია საარჩევნო სიების დაზუსტების, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და მედიამონიტორინგის კომისიები. ამ სამი კომისიიდან 27 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა სიების დამდგენი კომისიის შექმნის საკითხზე მსჯელობა პლენარულ სხდომაზე დაიწყო. სარედაქციო კომისიის ერთ-ერთი წევრის, მემარჯვენე მამუკა კაციტაძისათვის ძნელია იმის ზუსტად განსაზღვრა, როდის დასრულდება კომისიის შექმნის პროცედურა, თუმცა აღიარებს, რომ საქმე საშურია:

”თუ ავიღებთ, რომ დღეს არის 28 სექტემბერი და ერთი მოსმენა უკვე განხორციელდა, ვფიქრობ, რომ კანონმა უკვე საბოლოო სახე სადღაც ოქტომბრის პირველ დეკადაში უნდა მიიღოს და შემდეგ უკვე კომისიის ფორმირებას სჭირდება შესაბამისი წარდგინებების გაკეთება როგორც ხელისუფლებიდან, ასევე პოლიტიკური ორგანიზაციებიდან და ასევე არასამთავრობოებიდან. მე ვფიქრობ, რომ ოქტომბრის თვეს ეგ საკითხი არც ერთ შემთხვევაში არ გასცდება.

საარჩევნო სიის დამდგენი კომისია, პროექტის თანახმად, პარიტეტული პრინციპით უნდა დაკომპლექტდეს. ჯგუფში შეთანხმების მონაწილე 7 პარტიას თითო წარმომადგენელი ეყოლება, 7 წარმომადგენელი ეყოლება ხელისუფლებას, თითო კი იმ 8 არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლებიც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მოლაპარაკებების პროცესში თავიდანვე იყვნენ ჩართულნი. თუმცა, როგორც ირკვევა, ამ ორგანიზაციათა ნაწილმა, ინტერესთა შეუთავსებლობის მოტივითა და პრინციპული მოსაზრებით, შესაძლოა, უარიც კი თქვას კომისიის მუშაობაში მონაწილეობაზე. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი ამბობს:
სახელმწიფოში არსებობს უწყებები, რომლებიც პასუხისმგებლები უნდა იყვნენ და რომლებსაც ძალიან დიდი რესურსი აქვთ, რომ ნამდვილად კარგი სია შეადგინონ...

”ჩვენ კომისიის ამ ფორმით შექმნას ან ზოგადად კომისიის იდეას პრინციპულად ვეწინააღმდეგებით. სახელმწიფოში არსებობს უწყებები, რომლებიც პასუხისმგებლები უნდა იყვნენ და რომლებსაც ძალიან დიდი რესურსი აქვთ, რომ ნამდვილად კარგი სია შეადგინონ. შესაბამისად, ამ ფორმით კომისიის შექმნა ძალიან ბევრ კითხვებს იწვევს ჩვენთვის. ჩვენთვის არ არის ბოლომდე გასაგები მანდატი, როგორ ადგენს კომისია სიებს.”

თამარ ჩუგოშვილი ფიქრობს, რომ საქმე გვაქვს სიების სისწორეზე პასუხისმგებლობის არასამთავრობო სექტორზე გადანაწილების მცდელობასთან, რის გამოც სამოქალაქო სექტორი კომისიაში მონაწილეობაზე არ უნდა დათანხმდეს.

რაც შეეხება მანდატს და საარჩევნო სიის გადამოწმების მექანიზმს, წინასწარი მონაცემებით, კომისიას უნდა ჰყავდეს ცენტრალური აპარატი და წარმომადგენლობები ქვეყნის რეგიონებში; უნდა შეიქმნას სპეციალური მობილური ჯგუფები, რომლებიც სიას „კარდაკარის“ პრინციპით დააზუსტებენ. ეგრეთ წოდებული საველე სამუშაოების გარდა, ინფორმაციის ძირითად წყაროებად რჩებიან სახელმწიფო უწყებები - სამოქალაქო რეესტრი, დევნილთა სამინისტრო, საზღვრის დაცვის დეპარტამენტი და სხვა. კომისიის მუშაობას ძირითადად სახელმწიფო ბიუჯეტი დააფინანსებს.

შეთანხმების ერთ-ერთი აქტიური მონაწილის, ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წევრი ლევან ვეფხვაძე, თავის მხრივ, იმ საკითხებს აკონკრეტებს, რომლებზეც კომისიას განსაკუთრებულად მოუწევს ყურადღების გამახვილება. ამ საკითხებს შორის იგი ძირითადად სპეცუბნების ხარჯზე სიის გაორებისა და საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა აღრიცხვიანობის მოგვარების აუცილებლობას გამოყოფს:
ლევან ვეფხვაზე

”ისინი ცხოვრობენ უცხოეთში, რეგისტრაცია არ აქვთ გავლილი, მათი დიდი ნაწილი არის არალეგალი და ამიტომ საკონსულო აღრიცხვაზე არ ადიან. ჩვენი კოდექსი მოითხოვს, რომ მათ გასწვრივ ეწეროს, რომ საზღვარგარეთ იმყოფებიან. ეს მონაცემები 2007-2008 წლამდე არ არსებობს. ბოლო ორი წლის მონაცემები აქვს მარტო საზღვრის დაცვას და ეს თუ კარდაკარ არ გადაამოწმე, ხალხი, რომელთა რიცხვი 600-700 ათასს აღწევს და მეტიც არის, ბუნებრივია, ეს მონაცემები საარჩევნო სიაში ვერ აღმოჩნდება.”

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი კი, ეუთოსა და ოდირის დასკვნებზე დაყრდნობით, აღნიშნავს, რომ 2010 წლის მიხედვით, საარჩევნო სიის უზუსტობის მაჩვენებელი საქართველოში მხოლოდ 1 პროცენტის ფარგლებში მერყეობს. თუმცა, ამის მიუხედავადაც, მმართველი პარტია მზადაა ყველაფერი გააკეთოს საარჩევნო პროცესისადმი საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების ნდობის ასამაღლებლად:

”მთავარი შეთანხმება არის ის, რომ სიები, რომლებიც, საბოლოო ჯამში, ფორმირებული იქნება, ამ გადამოწმების კამპანიის წარმოების შემდგომ იქნება სავალდებულოდ გასათვალისწინებელი საარჩევნო პროცესში, ანუ არ იარსებებს რომელიმე მესამე ინსტანცია, რომელიც შემდგომში ამ საარჩევნო სიებს გადახედავს.”
XS
SM
MD
LG