Accessibility links

ვაცლავ ჰაველის ბოლო პიესის - „წასვლის“ - მთავარი პერსონაჟი რომელიღაც დაუკონკრეტებელი ქვეყნის ყოფილი ხელმძღვანელია, რომელიც ხელისუფლებიდან უნდა წავიდეს. ძალაუფლების დათმობის პროცესი მას იმდენად უძნელდება, რომ მის გარშემო მთელი სამყარო აბსურდის კონტურებს იძენს და ბოლოს ინგრევა კიდეც.
ჩვენ გვსურს თავისუფალ, დემოკრატიულ და მდიდარ ჩეხოსლოვაკიაში ვიცხოვროთ. ჩვენ გვსურს დავბრუნდეთ ევროპაში...

ამ პიესის წერა ჰაველმა ჯერ კიდევ 1988 წელს დაიწყო, თუმცა ჩეხოსლოვაკიის „ხავერდოვანი რევოლუციის“ ლიდერად, შემდეგ კი პრეზიდენტად ქცევის გამო ის დიდი ხნით გადადო გვერდზე. მაგრამ, როგორც მისი თანამებრძოლები ამბობენ, ძალაუფლების ბუნებაზე, სიმართლეზე, მორალზე, სამართლიანობასა და ისტორიაში ინდივიდის როლზე ფიქრი მას არასოდეს შეუწყვეტია - არც აქტიური პოლიტიკოსობის დროს და არც ლიტერატურული მოღვაწეობის პერიოდში.

„ჩვენ გვსურს თავისუფალ, დემოკრატიულ და მდიდარ ჩეხოსლოვაკიაში ვიცხოვროთ. ჩვენ გვსურს დავბრუნდეთ ევროპაში და ჩვენ არასოდეს დავთმობთ ჩვენს იდეალებს, რაც უნდა მოხდეს მომდევნო დღეებში“, - ამ სიტყვებით მიმართა ვაცლავ ჰაველმა 1989 წლის 23 ნოემბერს პრაღაში, ვაცლავის მოედანზე შეკრებილ 300 ათას ადამიანს ჩეხოსლოვაკიის ე.წ. „ხავერდოვანი რევოლუციის“ დღეებში, რომელმაც კომუნისტური რეჟიმის მშვიდობიანი დასასრული მოიტანა. იმავე წლის ბოლოს ჰაველი ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტად აირჩიეს. ქვეყანაში კომუნიზმის ოთხი ათწლეული ისტორიას ჩაბარდა.

1989 წლის მოვლენების სიმბოლო

ვაცლავ ჰაველმა ლეგენდარული სტატუსი შეიძინა. ის 1989 წლის შემდეგ განხორციელებული დემოკრატიული ტრანსფორმაციის სიმბოლო გახდა - ბევრი თვლის, რომ ჰაველის მსგავსი ინდივიდების გარეშე თავისუფალი ევროპა მიუღწეველ იდეალად დარჩებოდა. „ჰაველმა განმსაზღვრელი როლი შეასრულა გვიანდელი მეოცე საუკუნის ევროპაში. ის მხოლოდ დისიდენტი არ იყო - ის საკუთრივ ამ ცნების განსხეულებას წარმოადგენდა“, - წერს ბრიტანელი ისტორიკოსი, 1989 წლის შემდგომი ევროპის ანალიტიკოსი ტიმოტი გარტონ ეში 19 დეკემბრის გაზეთ „გარდიანში“ და განაგრძობს: „ის უბრალოდ ევროპელი არ ყოფილა. ის იყო ევროპელი, რომელიც პროფესიონალი დრამატურგის მჭევრმეტყველებით და ყოფილი პოლიტპატიმრის ავტორიტეტით მუდმივად შეგვახსენებდა ევროპული პროექტის ისტორიულ და მორალურ განზომილებებს. როცა ხედავ, დღეს რა დღეშია ეს პროექტი, ძალაუნებურად აღმოგხდება ძახილი: ჰაველ, ევროპას ძალიან სჭირდები!“

ბრიტანელი ისტორიკოსის აღმატებული სიტყვების მსგავს ემოციას ვხვდებით იმ უამრავ სამძიმარსა თუ წერილში, რომელიც ვაცლავ ჰაველის გარდაცვალების შემდეგ ვრცელდება. „გმირი“, „გამონაკლისი“, „შეურყვნელი“ - ასე ახასიათებენ ჰაველს მოქმედი და ყოფილი პოლიტიკოსები, ანალიტიკოსები თუ მწერლები.
გავრცელებულ განცხადებაში აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ამბობს, ჰაველის „მშვიდობიანმა წინააღმდეგობამ იმპერიის საფუძველი შეარყია, რეპრესიული იდეოლოგიის სიცარიელე გამოააშკარავა და დაამტკიცა, რომ მორალით ხელმძღვანელობა ნებისმიერ იარაღზე უფრო ძლიერი რამააო“. გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს, რომ გერმანია „დიდი ევროპელის“ დაკარგვას გლოვობს. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა კი, იეჟი ბუზეკმა, უბრალოდ თქვა, „ჰაველი გმირი იყო და ასეთად დარჩებაო“.

საქარველოს პრეზიდენტმა ვაცლავ ჰაველი ღირსების ორდენით დააჯილდოვა

საქარველოს პრეზიდენტმა ვაცლავ ჰაველი ღირსების ორდენით დააჯილდოვა

ვაცლავ ჰაველის სიკვდილს საქართველოს პრეზიდენტიც გამოეხმაურა, რომელმაც ორი თვის წინ, პრაღაში ვიზიტისას, ჰაველს დემოკრატიის განმტკიცებისა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მის მიერ გატარებული პოლიტიკისთვის მადლობა გადაუხადა და ღირსების ორდენი გადასცა. "ეს დიდი დანაკარგია მსოფლიოსა და ყველა ჩვენგანისთვის. საქართველო ყოველთვის მადლიერი იქნება მისი მხარდაჭერისთვის", - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„დისიდენტობისკენ პასუხისმგებლობის განცდა გიბიძგებს“

თუმცა, ამ მასშტაბური აღფრთოვანების მიუხედავად, ჰაველი, მისი მეგობრების და პარტნიორების დახასიათებით, ბოლომდე თავმდაბალ და ზრდილობიან კაცად დარჩა, რომელიც საკუთარ დიდებასაც მსუბუქად და იუმორით აღიქვამდა.

„დისიდენტი იმის გამო არ ხდები, რომ ერთ დღეს უბრალოდ გაიღვიძებ და გადაწყვეტ, რომ ამ უაღრესად უჩვეულო კარიერას უნდა მისდიო. ამისაკენ პირადი პასუხისმგებლობის განცდა გიბიძგებს, რასაც კომპლექსური გარეშე ფაქტორები ემატება“, - წერდა ჰაველი 1978 წელს. - „მოქმედი სტრუქტურების გარეთ რჩები და მათთან დაპირისპირებული ხარ. ყველაფერი იმით იწყება, რომ შენი საქმე გინდა კარგად აკეთო, ბოლოს კი ხალხის მტრის იარლიყს მოგაკრავენ.“

ჰაველი შეძლებულ ოჯახში დაიბადა. ბურჟუაზიული წარმომავლობის გამო კომუნისტურმა რეჟიმმა მას არ მისცა უმაღლესი განათლების მიღების საშუალება. ჰაველი ლაბორატორიაში და შემდეგ ლუდსახარშში მუშაობდა და პარალელურად წერას განაგრძობდა. კომუნისტურ რეჟიმთან დაპირისპირება ჰაველს თავიდან თავისი პიესების გამო მოუხდა, რომლებშიც მას ამ რეჟიმის პირობებში ცხოვრების აბსურდული მხარეები ჰქონდა აღწერილი. 1968 წელს, ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა ტანკების შესვლისა და იქ რეფორმატორული მოძრაობის ჩახშობის შემდეგ, ჰაველის პიესები აკრძალეს, თავად დრამატურგი კი უშიშროების მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ მოექცა.

ვაცლავ ჰაველი, 1970 წ.

ვაცლავ ჰაველი, 1970 წ.

1976 წელს ჰაველი ისტორიული დოკუმენტის - „ქარტია 77-ის“ - თანაავტორი გახდა. ქარტია კომუნისტური მთავრობისგან ადამიანის უფლებების იმ ხელშეკრულებების დაცვას მოითხოვდა, რომელზეც მას ხელი ჰქონდა მოწერილი. ქარტიის ავტორებზე რეპრესიები განხორციელდა. ჰაველი ციხეში მოხვდა.

საპატიმროში მას მნიშვნელოვნად გაუუარესდა ჯანმრთელობის მდგომარეობა - გადაბმულად ეწეოდა სიგარეტს და ფილტვის ქრონიკული პრობლემები დაეწყო. სწორედ ფილტვების და სასუნთქი გზების დაავადება იყო ერთ-ერთი ფაქტორი, რომელმაც ის 75 წლის ასაკში იმსხვერპლა.

პოლიტპატიმრიდან ის „ხავერდოვანი რევოლუციის“ ლიდერად იქცა, შემდეგ კი თავისი ქვეყნის ფილოსოფოსი-პრეზიდენტი გახდა. აქტიური პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ჰაველი ლიტერატურას დაუბრუნდა, თუმცა პოლიტიკურ ცხოვრებასა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში ბოლომდე ჩართული დარჩა.

ჰაველს ახლო ურთიერთობა ჰქონდა დალაი ლამასთან, რომელმაც ის სულ ახლახან მოინახულა პრაღაში. ჰაველმა და დალაი ლამამ ერთად მოაწერეს ხელი დეკლარაციას, რომელიც მხარდაჭერას უცხადებს ჩინეთის, ჩრდილოეთ კორეის, სირიის და სხვა ქვეყნების დისიდენტებს. რამდენიმე დღის წინ, 15 დეკემბერს, რადიო თავისუფლების ბელორუსული სამსახურის თხოვნით, მან ბელორუსიის პოლიტპატიმრებს გაუგზავნა საახალწლო მილოცვა.

საქართველოს მოქალაქეებს ალბათ ახსოვთ, რომ ჰაველი ერთ-ერთი იყო იმ ღია წერილის ხელმომწერებს შორის, რომელიც 2009 წლის სექტემბერში დასავლეთის წამყვან გამოცემებში გამოქვეყნდა და რუსეთ-საქართველოს შორის შექმნილ ვითარებას ეხებოდა. "ვაკვირდებით რა დღევანდელ ევროპას, ჩვენთვის სრულიად აშკარა ხდება, რომ ისტორია არ დასრულებულა და ის ჯერაც ტრაგიკული რჩება. ნახევარი კონტინენტის ემანსიპაციიდან ოცი წელი გავიდა, ევროპაში კი ახალი კედელი შენდება - ამჯერად საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე" - ვკითხულობთ წერილში. "ეს უაღრესად სერიოზული გამოწვევაა ევროპის მოქალაქეებისთვის, ინსტიტუტებისა და მთავრობებისთვის. მზად ვართ დავყაბულდეთ ვითარებას, როცა პატარა ქვეყნის საზღვრები ძალის გამოყენებით და ერთპიროვნულად იცვლება? მზად ვართ, მოვითმინოთ ძლიერი სახელმწიფოს მიერ უცხო ტერიტორიების დე ფაქტო ანექსია?"

ჰაველი და კონტრკულტურა

პოლიტიკური ფიგურის რანგში ჰაველის არაორდინარულობას კონტრკულტურისადმი დიდი სიყვარულიც განაპირობებდა, რომელიც მან პრაღის ციხე-სიმაგრეში, პრეზიდენტის რეზიდენციაშიც თან მიიტანა. აცხადებდა, რომ რეზიდენცია მეტისმეტად დიდი იყო ფეხით მოსავლელად და გადაადგილებისთვის მოტოროლერს იყენებდა. 1990 წელს ამერიკელი ავანგარდისტი როკმენი, ფრენკ ზაპა, ჰაველმა თავისი მთავრობის კულტურულ ელჩად დანიშნა. მეგობრობდა ნიუ-იორკის ავანგარდული როკის ინტელექტუალურ ვეტერანთან, საკულტო მნიშვნელობის ჯგუფის,“Velvet Underground”-ის ვოკალისტთან, ლუ რიდთან.

ჰაველმა პრაღაში როლინგ სტოუნსიც ჩაიყვანა. ამ ჯგუფისთვის ჰონორარის გადახდისთვის საკმარისი თანხა ქვეყანაში ვერ მოინახა, მაგრამ ჰაველის პატივსაცემად მიკ ჯაგერმა და კომპანიამ პრაღის ერთ-ერთ პარკში უფასო კონცერტი გამართეს. დღეს ბევრი ჩეხი გეტყვით, რომ კომუნისტური სისტემის დასასრული მათთვის საბოლოოდ სწორედ იმ დღეს, იმ კონცერტზე დადასტურდა.

ჰაველის სიკვდილს როკის სამყაროს წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ. ჰაველი ჩემი გმირი იყო - კომუნისტურ ციხეში ჯდომის დროს, ხავერდოვანი რევოლუციის მოლოდინში, ის სულის სიმტკიცის შესანარჩუნებლად როკ-ენ-როლს უსმენდაო, დაწერა ჯონ დენსმორმა, თანამედროვე ამერიკული კულტურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჯგუფის, „დორსის“ ყოფილმა დრამერმა.

ჩეხეთის მოქალაქეებს ახლაც ახსოვთ საახალწლო მიმართვა, რომლითაც ჰაველი მათ წინაშე 1990 წელს წარსდგა და რომელიც რადიკალურად განსხვავდებოდა იმ ფსევდოოპტიმისტური პროპაგანდისგან, რომელიც ქვეყანაში კომუნისტური მმართველობის ოთხი ათწლეულის მანძილზე ისმოდა. „ორმოცი წლის განმავლობაში ჩემი წინამორბედები ამ დღეს სხვადასხვა ფორმით ერთსა და იმავეს გეუბნებოდნენ - როგორ იფურჩქნება ჩვენი ქვეყანა, როგორი ბედნიერები ვართ“, - თქვა ჰაველმა და დასძინა, არა მგონია ამ პოსტზე იმის გამო აგერჩიეთ, რომ მეც ასეთი ტყუილები გითხრათო.

დღეს - მისი გარდაცვალების შემდეგ - ბევრი გეტყვით, რომ ეს გამოსვლა კარგად ასახავს ჰაველის ფიგურას. იმ უბრალო, გრანდიოზულობას მოკლებულ და გულწრფელ სტილს, რომელიც მან უზარმაზარი პოლიტიკური კაპიტალის და საერათაშორისო დიდების ფონზე ბოლომდე შეინარჩუნა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG