Accessibility links

მედიის პროტესტისა და "თბილისის ომის" გახსენების კვირა


მედის წარმომადგენელთა საპროტესტო აქცია

მედის წარმომადგენელთა საპროტესტო აქცია

მედიის თემატიკა

მედიის თემატიკა სამი მიმდინარეობით გამოიკვეთა ამ კვირას. პირველი: მედია უნდა დავიცვათ გარე ზეწოლებისგან. მედიაგაერთიანება შეიკრიბა ამ კვირას და სამუშაო ჯგუფში ადამიანების გაწევრიანება გაგრძელდა. მედიაგაერთიანება შეგახსენებთ ჟურნალსიტების უფლებების დაცვას და მედიის მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. მეორე მიმართულება არა ჟურნალისტების დაცვას, პირდაპირი წესით, არამედ, პირიქით, ჟურნალისტებისგან მოქალაქეთა დაცვას ისახავს მიზნად. ანუ ამ კვირას გაისმა ხმა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისგანაც, რომელიც ორასამდე წევრს აერთიანებს. თუმცა 2011 წელს საბჭოში სულ ხუთი საჩივარი შესულა, ერთ- ერთი - ქარტიის თავმჯდომარის მიმართ. სტუდია „მონიტორის“ ხელმძღვანელი ნინო ზურიაშვილი ამბობს:

„კი გავაკეთეთ პრომოუშენი, მაგრამ არასაკმარისი პრომოუშენი გავაკეთეთ. ანუ ვიყავით რეგიონებში, მაგრამ ცოტა იყო ეს ყველაფერი. ამიტომ ხალხის ყურამდე ვერ მივიტანეთ ის, რომ მათ უფრო გაფაციცებით უყურონ ჟურნალისტების ნამუშევარს და გახადონ დისკუსიის საგანი.“

მედიის თემატიკაზე შედარებით ახალი და კონკრეტული მიდგომა გამოიკვეთა ამ კვირას გაზეთების დისტრიბუციასთან მიმართებით - მას შემდეგ, რაც პრესის დისტრიბუციის პრობლემებთან დაკავშირებით მედიის წარმომადგენლები ბიძინა ივანიშვილს შეხვდნენ. გახსოვთ, მაშინ გაკეთდა განცხადებები, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმებოდა და, აი, ამ კვირას ლაშა ტუღუშმა განაცხადა:

„მოვიფიქრეთ ასეთი რამ: იქნებ მოძრავი საშუალებები დაემატოს დისტრიბუციას. ანუ ადამიანები, ახალგაზდები, ურიკებით იმოძრავებენ ქალაქში და გაყიდიან გაზეთებს.“

ამას გარდა,ითქვა ისიც, რომ სპეციალური თბილი, ზამთრისთვის შესაფერისი, ტანსაცმლით მოხდება იმ ადამიანების აღჭურვა, ვინც ქუჩაში გაზეთებს ყიდის.

პოსტკონფლიქტური ანალიზი

ბოდიშის კამპანია

’ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ადამიანები და არა ტერიტორია’- ეს მესიჯი სულ უფრო პოპულარული ხდება საზოგადოებაშიო, გაისმა ამ კვირას პრესაში, მას შემდეგ, რაც მოეწყო ფილმის ჩვენება ’ბოდიშის კამპანიის’ თემატიკით და მესიჯით: „მე დაგასწრებ ბოდიშის მოხდას“.

’მე არაფერ შუაში ვარ, პირიქით - დაზარალებული ვარ, რატომ უნდა მოვიხადო ბოდიში? მაგრამ თუ საქმეს წაადგება, მოვიხდი’- ასეთი დისკურსიც იყო ფილმის ჩვენების შემდეგ, თუმცა ისმოდა უფრო ფუნდამენტური გააზრებაც ’ბოდიშის’ რეალური შინაარსისა. პოეტმა შალვა ბაკურაძემ თქვა:

„ჩვენი ბოდიში იქნება, როდესაც ჩვენ ბავშვებს სკოლაში ვასწავლით საქართველოს ისტორიას, რომელშიც აფხაზური ხედვაც იქნება გათვალისწინებული.“

20 წელი „თბილისის ომის“ დაწყებიდან

თბილისის ომი - ბრჭყალებში, რადგან რაციონალიზაცია იმისა, თუ რა მოხდა, ჯერჯერობით არ დასრულებულა.

კრემლიდან ინსპირირებული პუტჩი უწოდეს ამ კვირას ოცი წლის წინ თბილისის ცენტრში განვითარებულ მოვლენებს, როდესაც ცეცხლს ერთმანეთს საქართველოს მოქალაქეები ესროდნენ. ითქვა ასევე, ეს ომი არ ყოფილაო. თუმცა იმდროინდელი ამბების სხვადასხვაგვარი შეფასებების ფონზე წინა პლანზე საინტერესოდ წამოიწია პოსტრევოლუციური პარლამენტის 2005 წლის 11 მარტის ნომერ 1104 დადგენილება. გთავაზობთ ფრაგმენტებს ამ დადგენილებიდან:

”საქართველოს პარლამენტი მიესალმება საქართველოში მიმდინარე ეროვნული თანხმობის პროცესს და მიიჩნევს, რომ უახლესი ისტორიის სწორი და პირუთვნელი სამართლებრივი შეფასება აუცილებელია ახალი ქართული სახელმწიფოს მშენებლობისათვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. შესაბამისად, გადაისინჯოს სისხლის სამართლის საქმეები იმ პირთა მიმართ, რომელთა ბრალდება ემყარებოდა მითითებულ სახელისუფლებო სტრუქტურებში მათ მონაწილეობას და მათ პოლიტიკურ მრწამსს.

2. დაიგმოს 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი.


თბილისი, 2005 წლის 11 მარტი. N 1104 - Iს.”


სამართალი

’ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ’- მოგეხსენებათ, საქართველოს სახელმწიფომ სანდრო გირგვლიანის ოჯახის ერთადერთ წევრს, სანდრო გირგვლიანის მამას, 50 ათასი ევრო გადაუხადა. მესიჯიც ასეთი იყო, სახელმწიფომ ვალი მოიხადა. იუსტიციის მინისტრის მოადგილე, თინათინ ბურჯალიანი ამბობს:

„ჩვენი მხრიდან გამორიცხულია გამოძიების ხელახალი დაწყება, სასამართლოს ეს ჩვენთვის არ დაუვალებია და ეს არავის არ დაუვალებია ჩვენთვის… ჩვენ დაგვავალეს თანხის გადახდა და თანხა გადავიხადეთ.“

თუმცა, როგორც იურისტები აღნიშნავენ, სტრასბურგმა სხვა არაპირდაპირი დავალებებიც გასცა. ამას იურისტები სასამართლოს განაჩენის სტრუქტურის ანალიზიდან ასკვნიან. საქმე, იურისტების თქმით, მოქცეული იყო ’არასტანდარტული პროცედურის’ ქვეშ, ეს არასტანდარტული პროცედურა კი, იურისტების თქმით, გულისხმობს სხვა ნაბიჯების გადადგმასაც, რაც არ გამორიცხავს საქმის ხელახალ გამოძიებას.

„სასამართლომ თქვა, რომ ის გაოგნებულია იმ ფაქტით, თუ რა ურთიერთშეთანხმებულად მოქმედებენ ხელისუფლების სხვადასხვა შტოები იმისათვის, რომ საქმეზე არ განხორციელდეს მართლმსაჯულება, ნაცვლად ერთმანეთის გაკონტროლების და დაბალანსებისა.”

სამართლის სპეციალისტმა სანდრო ბარამიძემ ეს განცხადება არა პირდაპირ სტრასბურგის გადაწყვეტილების ანალიზისას გააკეთა, არამედ „ქართული ოცნების“ პირველ დარგობრივ შეკრებაზე განაცხადა. დიახ, პირველი დარგი, რომელზე მუშაობაც ღიად ცხადდება, სამართალია. სამართლის დოქტორი და პროფესორი პაატა ცნობილაძე შეხვედრაზე აცხადებს:

„ქართული სამართალი, მთელი სამართლის სისტემა აღმოჩნდა უაღრესად პოლიტიზებული და იდეოლოგიზებული. სწორედ ამის გამოა, რომ უკვე აღარ არსებობს წყალგამყოფი სამართალსა და პოლიტიკას შორის.“

პ.ს
ამ კვირას მსოფლიომ ვაცლავ ჰაველი დაკრძალა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG