Accessibility links

logo-print

კოსმოსის სფეროში აშშ-ისა და იუგოსლავიის საიდუმლო „გარიგება“


დაუჯერებელ ამბავს ჰყვებიან სლოვენიელი კინემატოგრაფისტები თავიანთი ჯერ არგამოსული დოკუმენტური ფილმის ტრეილერში: ვითომ იუგოსლავიის ყოფილმა მმართველმა, იოსიპ ბროზ ტიტომ, აშშ-ს კოსმოსის კვლევის საიდუმლო პროგრამა მიჰყიდა, რამაც შეაძლებინა ამერიკელებს მთვარეზე გაფრენა. ასე რომ, თუ დავუჯერებთ ფილმის ინტერნეტით, „იუთიუბით“, 9 იანვარს გავრცელებული ამ ტრეილერის ავტორებს, ამერიკელი ასტრონავტის ნილ არმსტრონგის მიერ 1969 წელს მთვარეზე დაშვებისას წარმოთქმული სიტყვები, რომ ეს არის ადამიანისთვის ერთი პატარა ნაბიჯი, მაგრამ კაცობრიობისთვის -უზარმაზარი ნახტომი, შეიძლებოდა არა ამერიკულ-ინგლისურად, არამედ სერბო-ხორვატიულად წარმოთქმულიყო. ნახეთ ეს ტრეილერი და თვითონ შეიტყობთ, რას ინახავდა იუგოსლავიის კოსმოსური საიდუმლო. ტრეილერის დიქტორი დამაჯერებელი ხმით მოგახსენებთ შემდეგს:
ტრეილერი ერთმანეთს უკავშირებს მოვლენებს, რომლებიც შეიძლება მოხდა ან შეიძლება არც მომხდარა; ამავე დროს, ერთმანეთს აბამს ამბებს ...

„1960-იან წლებში ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ დაადგინა, რომ იუგოსლავია უკვე ფლობს კოსმოსში გაფრენის მოქმედ ტექნოლოგიას. იუგოსლავიამ 1961 წლის მარტში მთლიანად მიჰყიდა პროგრამა აშშ-ს. მაისში პრეზიდენტმა კენედიმ გამოაცხადა, რომ აშშ-მა გადაწყვიტა გაფრინდეს მთვარეზე.“

ეს სლოვენიური, როგორც ავტორები უწოდებენ, დოკუმენტური დრამა, სახელწოდებით „ჰიუსტონ, პრობლემა გვაქვს“, ამ ტრეილერის წყალობით ძალიან პოპულარული გახდა და, ინტერნეტის მომხმარებელთა მრავალფეროვნებას თუ გაითვალისწინებთ, ბევრმა იოლად დაიჯერა კიდეც მასში გამოთქმული აზრები. ტრეილერი ასიათასობით ადამიანმა ნახა. ერთნი ტიტოს აქებენ, სხვები, ვისაც, ჩანს, იმ პერიოდში იუგოსლავიაში უცხოვრია ან წაუკითხავს რამე მის შესახებ, ვერ იჯერებენ გაგონილს. ზემოხსენებული ინფორმაცია არადამარწმუნებელია ექსპერტებისთვის აშშ-შიც და ბალკანეთშიც. ბილ ბერი, აშშ-ის აერონავტიკის და კოსმოსის მართვის ცენტრის, „ნასას“ ისტორიკოსი ამბობს:

„ტრეილერი ერთმანეთს უკავშირებს მოვლენებს, რომლებიც შეიძლება მოხდა ან შეიძლება არც მომხდარა; ამავე დროს, ერთმანეთს აბამს ამბებს, რომლებიც სულაც არ არის ურთიერთკავშირში. არის დამთხვევები დროში. მაგრამ მოვლენები, რომლებიც ერთმანეთს მისდევს, სულაც არ ნიშნავს, რომ ერთმანეთს უნდა უკავშირდებოდეს. ძალიან დამაინტერესებდა, ამ თეორიის დამადასტურებელი ერთი ისტორიული ფაქტი მაინც რომ არსებობდეს.“
ეს იყო ძალიან გასაიდუმლოებული ობიექტი და იქ შეღწევა იოლი არ იყო. ამ მიწისქვეშა ობიექტში მხოლოდ რჩეულებს უშვებდნენ...

ტრეილერში, ამბობს ბერი, სიმართლეა ის, რომ მეოცე საუკუნეში კოსმოსის და, საერთოდ, აერონავტიკის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა სლოვენიელმა ინჟინერმა ჰერმან პოტოჩნიკმა, რომელსაც ჰერმან ნორდუნგად იცნობენ. მან 1929 წელს ამავე გვარით გამოსცა წიგნი „კოსმოსში გამგზავრების პრობლემა - რაკეტის ძრავა“ და მალევე გარდაიცვალა. ამიტომ აცხადებენ ტრეილერის ავტორები, განმარტავს ბერი, რომ არსებობდა პოტოჩნიკის სადუმლო დღიურები. მისი აზრით, შეიძლებოდა არსებულიყო იუგოსლავიის კოსმოსური საიდუმლო პროგრამა, მაგრამ ის, რომ კენედის ესარგებლა უცხოეთის პროგრამით, არაა დადგენილი, ამბობს ბერი, ეს მასალები გულმოდგინედ არის შესწავლილიო. ისვე აცხადებს, საიდუმლო პროგრამა, ალბათ, აშშ-ის საჰაერო ძალებისთვის უნდა მიეყიდათ და არა ცენტრალური სადაზვერვო უწყებისთვისო. ტრეილერში ნათქვამია აგრეთვე, პოტოჩნიკის წიგნი გერმანელი მეცნიერის, ყოფილი ნაცისტის ვერნერ ფონ ბრაუნისათვის, აშშ-ის კოსმოსური პროგრამის სულისჩამდგმელისთვის, ინსპირაციის წყარო იყოო. ტრეილერი იუწყება, სხვა წიგნები, აგრეთვე გამოუქვეყნებელი დღიურები პოტოჩნიკისა, სადაც შესანიშნავი იდეები იყო აღწერილი, ცენტრალურმა სადაზვერვო უწყებამ ვერ ნახა, მაგრამ ტიტოს საიდუმლო სამსახურმა მიაგნო მათო. ეს „იუგოსლავიის კოსმოსური პროგრამა“, სლოვენი რეჟისორის ფილმის ტრეილერის მიხედვით,“ 505-ე ობიექტზე ხორციელდებოდა“. ეს არის მართლაც არსებული, დღეს ბოსნია-ხორვატიის საზღვარზე მდებარე სამხედრო ობიექტი, რომელზეც იუგოსლავიის არმიის ყოფილი ოფიცერი ივან პერშა შემდეგს ამბობს:

„ეს იყო ძალიან გასაიდუმლოებული ობიექტი და იქ შეღწევა იოლი არ იყო. ამ მიწისქვეშა ობიექტში მხოლოდ რჩეულებს უშვებდნენ. ამიტომაცაა, რომ დღემდე უცნობია საზოგადოებისთვის, რა ხდებოდა ზელიავას აეროპორტში და რა საიდუმლოს ინახავს ის. ფაქტია, რომ ეს იყო ძალიან ძლიერი სამხედრო-საჰაერო ბაზა, რომელსაც ჰქონდა 50-მდე თვითმფრინავი და რომელიც ფლობდა ძლიერ შეიარაღებას იუგოსლავიის საჰაერო სივრცის დასაცავად.“

ფილმის ავტორი, სლოვენი რეჟისორი ჟიგა ვირცი, ჩვენს რადიოს ეუბნება, რომ ტრეილერის მიზანი იყო პროდიუსერებისა და პარტნიორებისთვის განზრახვის გაცნობა, და იქვე ამატებს, ფილმზე მუშაობა მიმდინარეობს, გასაკეთებელი ძალიან ბევრიაო:

„ახლა ფაქტების შეგროვების ეტაპზე ვართ, მაგრამ მაინც მეტი საბუთი გვჭირდება. გვჭირდება მეტი დოკუმენტი და საარქივო მასალა, მართლაც რომ დავამტკიცოთ. ამ საკითხში ზედმეტი სენსაციურობის მომხრე არა ვარ.“

თუმცა ვირცი იქვე ამბობს, რომ ტრეილერში გამოთქმული მოსაზრებები, მათი 80-90 პროცენტი, მეტ-ნაკლებად დადასტურებულია, სიმართლეა. ამ ფაქტების შესახებ ინტერნეტშიც კი შეგიძლიათ წაიკითხოთო. ის არ ამხელს თავისი წყაროების ვინაობას, ამერიკელი და ყოფილი იუგოსლაველი პარტნიორების გვარებს, რადგან მუშაობა ჯერ გრძელდება. ფილმის სცენარისტი ბოშტან ვირცი აცხადებს, რომ მის მიერ აღწერილი ისტორია ეფუძნება ნამდვილ ამბებს, რომლებიც ზოგჯერ გადაჭარბებული და გაზვიადებულია. მაგრამ საქმე ისაა, რომ ტრეილერში ავტორები ამბობებ, ეს იქნება დოკუმენტური დრამა, დოკუმენტური ფილმიო. როჯერ ლონიუსი, რომელიც ვაშინგტონის სმიტსონის სახელმწიფო საჰაერო და კოსმოსური კვლევის მუზეუმის ისტორიის განყოფილებაში მუშაობს, შენიშნავს:

„ფილმის ავტორს სურს, მისი ნამუშევარი რაც შეიძლება მეტად პროვოკაციული იყოს. ეს გააღვიძებს ინტერესს, მოიზიდავს მყიდველს და სპონსორს, თუ საჭირო გახდა. მაგრამ როგორია პასუხისმგებლობა, თუ გსურს, რომ ამბები ისტორიულად და სინამდვილედ იქნეს მიჩნეული? როგორია ამის შენარჩუნების პასუხისმგებლობა?“

თუ ფილმის ავტორებმა ფული იშოვეს და ყველაფერი გეგმით წარიმართა, ამ დოკუმენტურ ფილმს (თუ სამეცნიერო-ისტორიულ ფანტასტიკას, ეს გამოჩნდება) 2013 წელს ვიხილავთ.
XS
SM
MD
LG