Accessibility links

თვითგამოცხადებული პრეზიდენტი თუ პოლიტიკური დევნილი


ალა ჯიოევა

ალა ჯიოევა

დღეს ცხინვალში 25 მარტს დანიშნული ხელახალი არჩევნების მხარდამჭერთა მიტინგი გაიმართა. ოსური საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, აქციაზე ათასზე მეტი ადამიანი მივიდა. ორგანიზატორი დე ფაქტო რესპუბლიკის საზოგადოებრივი პალატა იყო. აქციაზე შეკრებილთა აზრით, გაზაფხულის არჩევნები ერთადერთი გზაა პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად და სტაბილიზაციის მისაღწევად. ოპოზიციური ინტერნეტგამოცემების ინფორმაციით კი, დე ფაქტო ხელისუფლებამ ეს აქცია ჯიოევას ინაუგურაციის საწინააღმდეგოდ გამართა და მასში მონაწილეობას იღებდნენ საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული ადამიანები, რომლებსაც ცხინვალის ცენტრში მიტინგზე გასვლას ავალებდნენ. ხვალ კი, 12 საათზე, ალა ჯიოევა საკუთარ ინაუგურაციას გამართავს. ინაუგურაცია გაიმართება ჩკალოვის ქუჩაზე, ძამბოლათ თედეევის სახლთან, სადაც ამჟამად ოპოზიციის შტაბია მოწყობილი. ჩვენი რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში ალა ჯიოევამ განაცხადა, რომ, ხელისუფლების მიერ შექმნილი ბარიერების მიუხედავად, ინაუგურაციას მაინც ჩაატარებს.

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ ეს ინაუგურაცია უფრო ჯიოევას ღირსების გადასარჩენად იმართება და მას რეალურ ძალაუფლებას არავინ მისცემს. მისი აზრით, ხელისუფლება თუ ამ აქციას ჩაშლის, ჯიოევას დევნილის სტატუსს მიანიჭებს.

ცხინვალში არ გამორიცხავენ, რომ ხელისუფლებამ ჯიოევას ინაუგურაციას ხელი ძალისმიერი მეთოდებით შეუშალოს. გუშინ დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეციალური განცხადება გაავრცელა: ვალერი ვალიევის უწყება თვითაღიარებული რესპუბლიკის მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ არასანქცირებულ შეკრებებში მონაწილეობისგან თავი შეიკავონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. ეს განცხადება ჯიოევას მომხრეებმა ინაუგურაციის ჩაშლის მცდელობად შეაფასეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას წინ დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის ინფორმაცია უძღოდა. ოსური უშიშროება ოფიციალურ თბილისს დასავლეთის მხარდაჭერით შიდაპოლიტიკური ვითარების გამწვავებაში ადანაშაულებს. ბორის ატოევის უწყება ქართულ სპეცსამსახურებს მარტის არჩევნების ჩაშლის, პროვოკაციებისა და ტერაქტების მოწყობის მცდელობაში ბრალს სდებს. პაატა ზაქარეიშვილის აზრით, ქართულ სპეცსამსახურებს იმხელა გავლენა და ძალა არ გააჩნიათ, რომ ცხინვალში არჩევნები ჩაშალონ. იგი არ გამორიცხავს, რომ არჩევნების ჩაშლის სცენარს კრემლში განიხილავდნენ და ამის გადაბრალებას ქართული სპეცსამსახურებისთვის ცდილობდნენ.

ალა ჯოევას ხელახალ არჩევნებში მონაწილეობის სურვილი რომც ჰქონოდა, ამას, დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის მიერ საარჩევნო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებით, მაინც ვერ შეძლებდა. ახალი ცვლილებით, მოუხსნელი და დაუმთავრებელი ნასამართლეობის მქონე პირს არჩევნებში მონაწილეობა ეკრძალება, ჯიოევას კი ამ დროისთვის პირობითი სასჯელის ვადა ჯერ არ დასრულებია.

დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსმა მესაზღვრეებმა ახალგორის შესასვლელი ჩაკეტეს. ახალგორელების აზრით, ეს ალა ჯიოევას ინაუგურაციასთან არის დაკავშირებული. ადგილობრივების თქმით, ახალგორისკენ მოძრაობა დიდთოვლობის გამო ისედაც შეზღუდულია, ხოლო გზა ახალგორიდან ცხინვალამდე საერთოდ გაუვალია.

დღეს დე ფაქტო რესპუბლიკის საარჩევნო კომისიამ საინიციატივო ჯგუფების რეგისტრაცია დაასრულა. ამ ჯგუფებმა კანდიდატების საბოლოო რეგისტრაციისთვის 10 დღის ვადაში მინიმუმ 500 ხელმოწერა უნდა შეაგროვონ. წინასწარი ინფორმაციით, დე ფაქტო რესპუბლიკას 20-მდე ეგრეთ წოდებული პრეზიდენტობის კანდიდატი ეყოლება.
XS
SM
MD
LG