Accessibility links

ოსი სამოქალაქო აქტივისტები დახმარებისთვის დასავლეთს მიმართავენ


ცხინვალი, 2012 წლის 9 თებერვალი

ცხინვალი, 2012 წლის 9 თებერვალი

სამხრეთ ოსეთის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დახმარებისთვის საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს მიმართავენ. მიმართვაში ნათქვამია, რომ სამხრეთ ოსეთში პოლიტიკური ვითარება უკიდურესად გამწვავებულია და ამაში ჩართულნი არიან სახელისუფლებო და ძალოვანი უწყებები.

ოსი სამოქალაქო აქტივისტების თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებში ალა ჯიოევას გამარჯვების შემდეგ დაპირისპირება მის მომხრეებსა და ძალოვანებს შორის ყოველდღიურად მწვავდება. ადამიანები, რომლებიც ამა თუ იმ მხარეს არიან, ქუჩებში მიტინგებით და საპროტესტო აქციებით გამოდიან, პოლიტიკური კრიზისი კი შესაძლოა სამოქალაქო ომში გადაიზარდოს. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები შიშობენ, რომ ვითარება სამხრეთ ოსეთში ძალისმიერი სცენარით განვითარდება, რასაც ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევა მოჰყვება. დღესაც ხელისუფლების მხრიდან ირღვევა ჟურნალისტების და იმ ადამიანების უფლებები, რომლებიც ჯიოევას მომხრეები არიან. ამიტომ ოსი აქტივისტები საერთაშორისო სამოქალაქო და უფლებადამცველ ორგანიზაციებს მოუწოდებენ დაეხმარონ მათ, პირველ რიგში, ობიექტური ინფორმაციის გავრცელებაში. მათი აზრით, ასევე მნიშვნელოვანია შეიქმნას მონიტორინგის საერთაშორისო ჯგუფი, რომელიც სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევებს დააფიქსირეებს და მათზე რეაგირებას მოახდენს.

მიმართვას ხელს ათი სამოქალაქო აქტივისტი აწერს. ხელმომწერებს შორისაა ჟურნალისტი მარია პლიევა, რომელსაც რადიო თავისუფლება დაუკავშირდა. პლიევას აზრით, თანამოაზრეებთან ერთად ეს ნაბიჯი იმის გამო გადადგა, რომ როგორმე შეაჩეროს ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვება სამხრეთ ოსეთში.

აქამდე ოსი უფლებადამცველები და სამოქალაქო აქტივისტები მხოლოდ რუს კოლეგებს მიმართავდნენ ხოლმე დახმარებისთვის, მაგრამ ახლა ისინი პირდაპირ მოითხოვენ, რომ დასავლური ორგანიზაციების მიერ შეიქმნას მონიტორინგის ჯგუფი სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ. ქართულ-ოსური სამოქალაქო ფორუმის წევრი ზურაბ ბენდიანიშვილი მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი დე ფაქტო რესპუბლიკაში რუსული პოლიტიკის შედეგია, რის შედეგადაც ფეხქვეშ გაითელა ოსი ხალხის არჩევანი და ამით ანტირუსული განწყობის ზრდას შეეწყო ხელი.

ოსი სამოქალაქო აქტივისტების მიმართვა მხოლოდ ინტერნეტით გავრცელდა. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციებისგან ამას რეაგირება ჯერ არ მოჰყოლია. ქართულ-ოსურ სამოქალაქო ფორუმში მიიჩნევენ, რომ ცხინვალში ადამიანის უფლებების საკითხებზე განგაში ქართულმა ორგანიზაციებმაც უნდა ატეხონ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG