Accessibility links

logo-print
ოთხი მარტის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარდაჭერისკენ მოუწოდა თანამოქალაქეებს რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა, რომელმაც ხუთშაბათს მოსკოვის ცენტრში, სტადიონზე შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა. ამ მიმართვაში პუტინმა თანამოქალაქეები დაარწმუნა, რომ არ დაუშვებს უცხოეთის ჩარევას ქვეყნის საშინაო საქმეებში. მან გამარჯვების სრული რწმენა გამოთქვა მომავალ არჩევნებში, რომელსაც რუსეთის მომავლისთვის ბრძოლა უწოდა. ეს ბრძოლა გრძელდება, გამარჯვება ჩვენ დაგვრჩებაო, განაცხადა პუტინმა:

„ჩვენ ვართ ერი, რომელიც ყოველთვის იმარჯვებს. ეს ჩვენს გენებშია, ჩვენს გენურ კოდში, რომელმაც თაობები გამოიარა. და ახლა, დღესაც, გამარჯვებული დავრჩებით“.

პუტინის გამოსვლას, პოლიციის თანახმად, მოსკოვის „ლუჟნიკის“ სტადიონზე მისული ასი ათასი ადამიანი ისმენდა. შეხვედრის მთავარი ლოზუნგი იყო: „რუსეთს ვუჭერთ მხარს“. იქვე ნახავდით ტრანსპარანტებს, წარწერით: „პუტინის არჩევა - სამართლიანი არჩევნები“, „ვინ, თუ არა პუტინი?“, „ჩვენ პუტინთან ერთად ვართ“. სტადიონზე შეხვედრას ესწრებოდა სვეტლანა, 18 წლის მოსკოველი გოგონა, რომელიც პირველად მონაწილეობს არჩევნებში და პუტინს აძლევს ხმას. ვლადიმირ ვლადიმიროვიჩს დავუჭერდი მხარსო, ამბობს სვეტლანა, მან თავი კარგად წარმოაჩინა პრეზიდენტობის პირველ ორ ვადაშიო. და, ცხადია, რუსეთისთვის ნათელი მომავალი მსურსო. პუტინი, ბოლო ხანს რუსეთის პრემიერ-მინისტრი, 2000-დან 2008 წლამდე იყო რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი. მისი და პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის თანამშრომლობა ყოველთვის განიხილებოდა უცნაურ ტანდემად. ახლა მოელიან, რომ პრემიერი იოლად გაიმარჯვებს. თუმცა იმასაც იუწყებიან, რომ ყველა ნებაყოფლობით არ მისულა სტადიონზე. ჩვენი რადიოს კორესპონდენტი გვატყობინებს, რომ ეკატერინბურგიდან 700 ადამიანი ჩაიყვანეს მოსკოვში, ძირითადად -ქარხნის მუშები, პროფკავშირების ლიდერები და „ედინაია როსიას“ - პუტინის პარტიის - აქტივისტები. მოსკოვის იაროსლავის სარკინიგზო სადგურზე მათ ელოდნენ ავტობუსები, რომლებმაც ისინი ცენტრში გადაიყვანა. ბოლო მონაკვეთი „ლუჟნიკის“ სტადიონამდე სტუმრებმა ფეხით გაიარეს. რადიო თავისუფლების რუსულენოვანი რედაქციის კორესპონდენტი იუწყება, რომ ზოგიერთი მათგანი მეტროში მიმალვას შეეცადა, მაგრამ პოლიციამ არ მისცა საშუალება სტადიონისკენ გზისთვის გადაეხვიათ. ჩამოსულებს გზად ჩაის და ბლინებს სთავაზობდნენ უფასოდ. ბოლო გამოკითხვებით, პუტინს რუსეთის ამომრჩევლების 58 პროცენტი მიემხრობა კენჭისყრაში, რომელშიც მისი მთავარი მეტოქე კომუნისტური პარტიის ლიდერი იური ზიუგანოვია. ბოლო თვეებში, დეკემბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, არაერთი საპროტესტო გამოსვლა მოეწყო რუსეთში. ოპოზიციური ძალები ამ არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG