Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველის ანგარიშისა და სამოქალაქო სოლიდარობის კვირა


სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში
სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში
გასულ კვირაში საქართველოს სახალხო დამცველმა ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ 2011 წლის ანგარიში წარმოადგინა, პარლამენტში სამთავრობო საათი გაიმართა, ცნობილი გახდა ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის, NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის ის ნაწილი, რომელშიც პოლიტიკური პარტიების რეიტინგზეა საუბარი. ცენზურის გამო თანამდებობა დატოვა მსოფლიოში ავტორიტეტული ჟურნალ Forbes-ის ქართული გამოცემის მთავარმა რედაქტორმა რევაზ საყევარიშვილმა. კვირის ბოლოს კი თბილისის ექვს მოედანზე გამართული სამოქალაქო სოლიდარობის აქცია შეკრული ჯაჭვით დასრულდა.

საქართველოში 2011 წელს ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ანგარიშით სახალხო დამცველი პარლამენტის წინაშე, სავარაუდოდ, აპრილში წარდგება. 28 მარტს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა ახალი ანგარიში პარლამენტს გადაუგზავნა. 650 გვერდიან ანგარიშში დიდი ადგილი ეთმობა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობას. როგორც გიორგი ტუღუში ამბობს, ამ მხრივ ომბუდსმენის ანგარიში საკმაოდ კრიტიკულია:

”კვლავ დაფიქსირდა საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი სისტემაში გარდაცვლილი პატიმრებისა. კვლავაც რჩება პრობლემად ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა, სერიოზული პრობლემები დგას რიგ დაწესებულებებში მოპყრობის კუთხით.”

ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია 2011 წლის განმავლობაში გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობისას დაფიქსირებულ დარღვევებზე; მიმოხილულია ჟურნალისტებისა და ცალკეული პირების გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის ფაქტები. ამ მხრივ, გიორგი ტუღუში განსაკუთრებულად გამოყოფს 2011 წლის 26 მაისის ღამეს, როდესაც სამართალდამცავების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ არაერთი დარღვევა დაფიქსრდა. სახალხო დამცველის ანგარიში მოიცავს სოციალურ-ეკონომიკური უფლებების ფართო სპექტრს. ანგარიშში ასევე მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებებს. სახალხო დამცველი პირდაპირ მიუთითებს კონკრეტული სამინისტროს მუშაობის პროცესში აღმოჩენილ ნაკლოვანებებზე.

26 მარტს, გვიან საღამოს, სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებისთვის ხელმისაწვდომი გახდა ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის, NDI-ის გამოკვლევის ”საზოგადოებრივი განწყობა საქართველოში” ის ნაწილი, რომელიც პოლიტიკური პარტიების რეიტინგებს შეეხება.
100% რომ ეთქვა NDI-ს ჩვენი მხარდაჭერის, ისევე არ დავიჯერებდით, როგორც არ ვიჯერებთ 10%-ს ...
მაია ფანჯიკიძე

სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული მონაცემების მიხედვით, NDI -ის მიერ დასმულ კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 47% ”ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, გამოკითხული რესპონდენტების 10% კი კოალიცია ”ქართულ ოცნებას” ასახელებს. მესამე ადგილს ამავე კითხვაზე, 3%-ით, ”ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა” იკავებს. გამოკვლევის შედეგად წარმოდგენილი დაბალი პროცენტული მაჩვენებელი ”ქართული ოცნების” პრესსპიკერს, მაია ფანჯიკიძეს, აფიქრებინებს, რომ გამოკვლევა რეალურად არსებულ სურათს არ ასახავს და ასეთი ციფრების გამოჩენა სოციოლოგიური კვლევის ჩატარების მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით კითხვებს აჩენს; ამასთან, მსგავსი შედეგებით მხოლოდ მმართველ პარტიას ეძლევა მანიპულაციის საშუალება. მაია ფანჯიკიძეს უკვირს, რატომ ცდილობს NDI მათი პოლიტიკური კოალიციის რეიტინგების შემცირებას და რატომ ზრდის ამით მისდამი უნდობლობის ხარისხს:

”100% რომ ეთქვა NDI-ს ჩვენი მხარდაჭერის, ისევე არ დავიჯერებდით, როგორც არ ვიჯერებთ 10%-ს. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, ისეთ ისტერიკაში არიან ჩავარდნილები, რომ არ უნდა ჰქონდეთ ასე საქმე, ეს ციფრები მართალი რომ იყოს. აქედან გამომდინარე, ჩვენს სტრატეგიაში არავითარ ცვლილებას არ ვაპირებთ დღეიდან ოქტომბრამდე და ამ გეგმის მიხედვით ვმუშაობთ, ყოველგვარი ციფრების ზეგავლენის გარეშე.”

მაია ფანჯიკიძე
მაია ფანჯიკიძე
მაია ფანჯიკიძისგან განსხვავებით, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალურ მდივანს, მიხეილ მაჭავარიანს, არა აქვს საფუძველი ეჭვქვეშ დააყენოს NDI-ის კვლევის შედეგები. მისი სიტყვებით, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ კვლევის შედეგები იმის მაჩვენებელია, თუ რამდენად ადეკვატურია პარტია ქვეყანაში არსებული გამოწვევების მიმართ. რეიტინგების ეჭვქვეშ დაყენება მიხეილ მაჭავარიანს საკუთარ პრობლემებზე თვალის დახუჭვად მიაჩნია:

”ამ კვლევაში ერთი რაღაც მოგეწონოს და მეორე არ მოგეწონოს და ამიტომ გაბრაზდე კვლევაზე, ეს იგივეა, გადაიღო კარდიოგრამა, არ მოგეწონოს და გაბრაზდე შენს გულზე.”

29 მარტს საქართველოს პარლამენტის სამთავრობო საათზე შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრებს ელოდნენ. თუმცა, მინისტრების ნაცვლად, დეპუტატების წინაშე მათი მოადგილეები წარდგნენ. იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა, რის შესახებაც დეპუტატები წინასწარ იყვნენ გაფრთხილებული. ამისგან განსხვავებით, უცნობი დარჩა ის ფორსმაჟორული გარემოებები, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილის სამთავრობო საათზე გამოუცხადებლობის მიზეზად დასახელდა. ვანო მერაბიშვილის პარლამენტში მიუსვლელობამ ფრაქციის ”ერთობა სამართლიანობისათვის” პროტესტი გამოიწვია. ფრაქციამ სხდომათა დარბაზი დატოვა.

”დღეს ჩვენ სერიოზულად მოვემზადეთ იმისთვის, რომ პასუხები მიგვეღო ძალიან მნიშვნელოვან კითხვებზე, რომლებიც აწუხებს არა მხოლოდ ფრაქციის თითოეულ წევრს, რომელიც ხელმომწერია ამ შეკითხვებზე, არამედ საზოგადოებას. ეს არის განსაკუთრებული საჯარო ინტერესის მატარებელი ინფორმაცია. სამთავრობო საათი ჩვენ შევათანხმეთ წინასწარ. პასუხი მივიღეთ მთავრობის საპარლამენტო მდივნისგან. გასაგებია თქვენი პოზიცია. ჩვენ ამას ვაფასებთ პოლიტიკურად როგორც გაქცევას ბრძოლის ველიდან”, აღნიშნა სხდომის პროტესტის ნიშნად დატოვების წინ ფრაქცია ”ერთობა სამართლიანობისთვის” თავმჯდომარემ დიმიტრი ლორთქიფანიძემ.
21 წლის ახალგაზრდას არც საკმარისი განათლება აქვს და, როგორც წესი, არა აქვს საკმარისი ცხოვრებისეული გამოცდილება, განსაკუთრებით - მუშაობის გამოცდილება ...
ვახტანგ ხმალაძე

ამავე კვირაში ცნობილი გახდა ინიციატივა საკონსტიტუციო ცვლილების შესახებ, რომელსაც ხელს საქართველოს პარლამენტის 80 დეპუტატი აწერს და რომელიც პარლამენტის წევრობის ასაკობრივი ცენზის 25 წლიდან 21 წლამდე დაწევას გულისხმობს. ეს გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებამ ახალგაზრდობის გააქტიურებისა და წახალისების მიზნით ახსნა.
პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს პავლე კუბლაშვილს ეს ცვლილება საპარლამენტო ცხოვრებაში ახალგაზრდების უფრო აქტიურად ჩართვის კარგ შესაძლებლობად მიაჩნია:

”მათ უნდა ჰქონდეთ თანაბარი შესაძლებლობა იყვნენ საქართველოს პარლამენტში და წარმოადგინონ იქ არა მხოლოდ თავიანთი თაობა, არამედ რაიონი, რეგიონი, და ამით, ვფიქრობ, პარლამენტის არა მხოლოდ წარმომადგენლობითობა, არამედ მისი უფლებამოსილებაც გაიზრდება.”

თუმცა ამ ინიციატივას მოწინააღმდეგენი გამოუჩნდნენ როგორც პარლამენტში, უმცირესობის სახით, ისე მის გარეთაც. მოსალოდნელ ცვლილებას გაუმართლებლად მიიჩნევს კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძეც და გვეუბნება, რომ ამ ცვლილების შედეგები მალევე საპარლამენტო არჩევნებზეც გამოჩნდება, როდესაც ამ ასაკის ახალგაზრდებით ”ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო სიები დაკომპლექტდება:

”21 წლის ახალგაზრდას არც საკმარისი განათლება აქვს და, როგორც წესი, არა აქვს საკმარისი ცხოვრებისეული გამოცდილება, განსაკუთრებით - მუშაობის გამოცდილება. ის ჯერ კიდევ სწავლის პროცესშია და პარლამენტი მისთვის შესაძლოა იყოს პირველი სამუშაო ადგილი. ასეთი გამოცდილების უქონლობა კი არასწორი გადაწყვეტილებების მიღების რისკებს ზრდის. საუკეთესო შემთხვევაში, ის დაუჯერებს ვიღაცას და ის ვიღაცა რასაც ეტყვის, იმას გააკეთებს. თუმცა მიჩნეულია, რომ თუ ამომრჩეველს მიაჩნია, რომ ესა თუ ის პიროვნება უნდა იყოს დეპუტატი და უკეთ გამოხატავს მის ინტერესებს, ეს ამომრჩევლის ნებაა - მისცეს მას ხმა, მაგრამ ასეთნაირად პარლამენტში შესაძლოა აღმოჩნდეს პირი, რომელმაც, მაგალითად, არ იცის წერა-კითხვა, იმიტომ რომ წერა-კითხვის ცენზი არც კონსტიტუციით და არც კანონით დადგენილი არ არის.”
ჟურნალი უკვე მზად იყო სტამბაში წასაღებად, როდესაც შევეჯახეთ სარედაქციო დამოუკიდებლობის შეზღუდვის მცდელობას. ეს მცდელობა მანამდეც იყო, ინტერვიუს კითხვების მომზადებისას ...
რევაზ საყევარიშვილი

კონკრეტული შეთანხმებებისა და ხელშესახები შედეგების გარეშე დასრულდა 29 მარტს საერთაშორისო მოლაპარაკებათა მე-19 რაუნდი ჟენევაში, თუმცა ქართული მხარე მაინც ამახვილებს ყურადღებას გარკვეულ პოზიტიურ დინამიკაზე, რაც ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ საკითხს - რუსეთის მიერ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულებას - შეეხება. სხვა საკითხებისგან განსხვავებით, საქართველოს დელეგაცია ამ მიმართულებით სასიკეთო შედეგებს ვარაუდობს:

”შეგვიძლია ვთქვათ, რომ დიალოგი მიდის სწორი მიმართულებით და მიდის საქართველოს იმ მიზნისკენ, რომ რუსეთმა აიღოს ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება”, - აცხადებს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე.

ამ კვირაში მსოფლიოში ავტორიტეტული ჟურნალის - Forbes-ის - ქართული გამოცემის მთავარმა რედაქტორმა რევაზ საყევარიშვილმა თანამდებობა დატოვა. 27 მარტს გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე რედაქტორობიდან წასვლის მიზეზად დამფუძნებლის მხრიდან სარედაქციო დამოუკიდებლობაში უხეში ჩარევა და მკაცრი ცენზურა დაასახელა. დამფუძნებელსა და მთავარ რედაქტორს შორის დაპირისპირების მიზეზი კი Forbes-ის მიერ ცნობილ ქართველ ბიზნესმენსა და პოლიტიკური გაერთიანება ”ქართული ოცნების” ლიდერ ბიძინა ივანიშვილთან ჩაწერილი ინტერვიუ გახდა:

“მე, როგორც რედაქტორმა, მივიღე გადაწყვეტილება ჩაგვეწერა ახალი ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან. ინტერვიუ ორსაათ-ნახევარს გრძელდებოდა, ასევე - გადაღება. მოკლედ, ჟურნალი უკვე მზად იყო სტამბაში წასაღებად, როდესაც შევეჯახეთ სარედაქციო დამოუკიდებლობის შეზღუდვის მცდელობას. ეს მცდელობა მანამდეც იყო, ინტერვიუს კითხვების მომზადებისას, და შემდეგ უკვე, როდესაც ცენზურა მასალის შინაარსსაც შეეხო, ეს მართლაც ბოლო წვეთი იყო იმისათვის, რომ მთავარი რედაქტორის პოსტი დამეტოვებინა.”

სოლიდარობის აქცია თბილისში
სოლიდარობის აქცია თბილისში
კვირის ბოლოს სამოქალაქო საზოგადოებამ თბილისის ექვს მოედანზე სამოქალაქო სოლიდარობის კამპანია წამოიწყო. სხვადასხვა ადგილას სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და დაინტერესებული მოქალაქეები მოითხოვდნენ განათლების, სიცოცხლის უფლების დაცვას, არჩევნების სამართლიანად ჩატარებას, გარემოს დაცვას, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას. ექვს მოედანზე დაწყებული აქცია ყველა მონაწილის გაერთიანებით დასრულდა თავისუფლების მოედანზე, საიდანაც კამპანიის მონაწილეებმა ხელისუფლებას საკუთარი მოთხოვნები გააცნეს.

31 მარტს საქართველო კიდევე ერთ, ამჯერად გლობალური მასშტაბის აქციას - "დედამიწის საათი 2012" - შეუერთდა. აქციის ფარგლებში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც ერთი საათის განმავლობაში ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული მნიშვნელობის ძეგლებისა და შენობების ელექტროგანათება გამოირთო.. აქცია კლიმატის ცვლილებისა და გლობალური დათბობის თემაზე მსოფლიოში საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად ტარდება.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG