Accessibility links

logo-print

პარლამენტში განიხილეს რეზერვის სისტემის კონცეფცია


თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში განიხილეს თავდაცვის რეზერვის სისტემის კონცეფციის პროექტი. დოკუმენტი, რომელიც უშიშიროების საბჭომ წარადგინა, განსაზღვრავს მთავრობის პოლიტიკას საქართველოს თავდაცვის რეზერვის სისტემის ფორმირებისა და შემდგომი განვითარებისათვის. კონცეფციაში გაჩნდა ახალი კომპონენტი, - ტერიტორიული თავდაცვის, ანუ ნებაყოფლობითი, რეზერვი, - რომლის საპილოტე პროგრამის ფარგლებშიც, როგორც ირკვევა, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 13 000 რეზერვისტი მომზადდა.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა, რომელზეც პარლამენტის შვიდმა კომიტეტმა თავდაცვის რეზერვის სისტემის კონცეფციის პროექტი განიხილა, გახსნა მისმა თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ და, სანამ თავად კონცეფციის შესახებ იტყოდა რამდენიმე სიტყვას, ჯერ ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის ირაკლი ალასანიას ერთი თვის წინანდელ განცხადებას გამოეხმურა იმის თაობაზე, რომ სამეგრელოში შეიარაღებული დაჯგუფებების გადაადგილება შეინიშნებოდა.

”პოლიტიკური სიბეცე, მავნებლობა და არაკაცობა”, - ამ სიტყვებით შეაფასა მან ალასანიას მიერ გავრცელებული ინფორმაცია და ისიც დაამატა, მის განცხადებაზე ეს ჩემი პირველი კომენტარიაო:

“ვიტყვი სულ სამი წინადადებით. პოლიტიკური თვალსაზრისით ეს იყო უბრალოდ სიბეცე, ქვეყანასთან მიმართებაში ეს იყო მავნებლობა და, ადამიანური თვალსაზრისით, არაკაცობა.”

ანუ ის, რასაც ირაკლი ალასანიამ დაახლოებით ერთი თვის წინ "გაურკვეველი შეიარაღებული დაჯგუფებები" უწოდა და მათს შესახებ უშიშროების საბჭოს დოკუმენტებიც გადაუგზავნა, გივი თარგამაძის თქმით, იყო ტერიტორიული თავდაცვის რეზერვის საპილოტე პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, უკანასკნელი თვეების განმავლობაში 13 ათასი რეზერვისტი მომზადდა. თავად ტერიტორიული თავდაცვის რეზერვი კი თავდაცვის რეზერვის სისტემის კონცეფციის ახალი კომპონენტია, ანუ, სხვანაირად რომ ვთქვათ, კონცეფციაში გაჩნდა ნებაყოფლობითი რეზერვი, რომელიც საომარი მოქმედებების დროს ძირითადად პასუხისმგებელია სამოქალაქო თავდაცვისა და ზურგის ოპერაციებზე. მომზადების ვადა 5-დან 7 დღემდე მერყეობს. ტერიტორიული თავდაცვის რეზერვი, საჭიროების შემთხვევაში, ეხმარება რეზერვის სისტემის კიდევ ერთ - სახმელეთო ჯარების რეზერვს, ანუ მათ, ვისი ძირითადი ამოცანაცაა საომარი მოქმედებების დროს შეიარაღებული ძალების მოქმედი ქვედანაყოფების მხარდაჭერა და, საჭიროების შემთხვევაში, მათი სრულფასოვანი ჩანაცვლება. გეტყვით, რომ სახმელეთო ჯარების რეზერვი კომპლექტდება სავალდებულო ან ნებაყოფლობითი გაწვევის პრინციპით.
კონცეფცია განსაზღვრავს პრინციპებს. რაც შეეხება ასაკს, წვრთნის რაოდენობას, ხანგრძლივობას როგორც ერთჯერადად გაწვევის, ისე მთლიანად წლის განმავლობაში, ეს გაწერილი იქნება დოქტრინალურ დოკუმენტში...

მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში შეკრებილმა კომიტეტის წევრებმა კონცეფცია ძირითადად დადებითად შეაფასეს და საკუთარი მოსაზრებები, თუ შეიძლება ასე ითქვას, მხოლოდ და მხოლოდ მოსაზრებებისათვის წარმოთქვეს, მაინც გაჩნდა მცირედ კრიტიკული შეფასება იმასთან დაკავშირებით, რომ კონცეფციაში არ არის გათვალისწინებული ის შეცდომები, რომლებიც 2008 წლამდე არსებულ სარეზერვო სისტემაში არსებობდა. ამ შეფასების ერთ-ერთი ავტორი ქრისტიან-დემოკრატი ნიკა ლალიაშვილია.

”მაინტერესებს როგორ მომზადდება კონკრეტული ტიპის რეზერვი, როგორ მოხდება მათი მართვა, რეკრუტირება, განაწილება, როგორ ითანამშრომლებს მთელი ეს სისტემა ადგილობრივ თვითმმართველობებთან და ა.შ. არც ერთი ეს საკითხი კონცეფციაში დაზუსტებული არ არის. იმედი მაქვს, საბოლოო დოკუმენტში ყველა ამ საკითხს დაზუსტებული სახით მივიღებთ”, - ამბობს ნიკა ლალიაშვილი.

თუმცა ნიკა ლალიაშვილის საპირისპიროდ შეიძლება ითქვას, რომ კონცეფციის პირველივე აბზაცში მითითებულია, რომ დოკუმენტის შემუშავებისას გათვალისწინებული იყო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს მიღებული გამოცდილების ანალიზი და დასკვნები.

ის, რომ კონცეფცია მეტ დეტალიზაციას მოითხოვს, ამის შესახებ რადიო თავისუფლებასთან "თავდაცვისა და უსაფრთხოების სამოქალაქო საბჭოს" გამგეობის წევრი თეონა აქუბარდიაც ლაპარაკობს. მეტიც, მისი თქმით, 2006 წელს სამხედრო-სარეზერვო სამსახურის შესახებ მიღებულ კანონსა და ახალ კონცეფციას შორის განსხვავება მინიმალურია. ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანი ის არის, რომ თუკი 2008 წლამდე რეზერვში მიჰყავდათ სრულიად გამოუცდელი სტუდენტები, ახალი კონცეფციის მიხედვით, სავალდებულო რეზერვში, ანუ სახმელეთო ჯარების რეზერვში, გაწვეული იქნებიან გაცილებით მომზადებული ადამიანები:.
თეონა აქუბარდია

თეონა აქუბარდია


”განსხვავება არის ის, რომ 2008 წლამდე, მაგალითად, სტუდენტები მზადდებოდნენ 18 დღის განმავლობაში, დღეს ამ კომპონენტმა გადაინაცვლა ტერიტორიული თავდაცვის რეზერვის ფარგლებში და მომზადების მოცულობა მერყეობს 5-დან 7 დღემდე. რაც შეეხება სავალდებულო, ანუ სახმელეთო, რეზერვს, იქ გაიწვევიან უკვე რეზერვისტები, რომლებსაც აქვთ დამთავრებული ე.წ. სამხედრო კათედრა ან ჯარი აქვთ მოვლილი. აგვისტოს ომის შემდეგ რაც შეიცვალა ამ კომპონენტში, არის ასევე ის, რომ სახმელეთო რეზერვისტები მომზადდებიან ჩვეულებრივ რეგულარულ არმიასთან ერთად და, შესაბამისად, ომის შემთხვევაში მათ უფრო კარგი კოორდინაციის უნარი ექნებათ”, - მიაჩნია თეონა აქუბარდიას.

ამჯერად, საპირისპიროდ თეონა აქუბარდიას აზრისა, რომ კონცეფციას დეტალიზაცია აკლია, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის ბათუ ქუთელიას სიტყვებს მოვიყვანთ და გეტყვით, რომ, მისი თქმით, მაგალითად, ისეთი დეტალები, თუ რა ასაკისა და რა რაოდენობის რეზერვი უნდა მომზადდეს, კონცეფციის შემადგენელი ნაწილი არც უნდა ყოფილიყო:

”კონცეფცია განსაზღვრავს პრინციპებს. რაც შეეხება ასაკს, წვრთნის რაოდენობას, ხანგრძლივობას როგორც ერთჯერადად გაწვევის, ისე მთლიანად წლის განმავლობაში, ეს გაწერილი იქნება დოქტრინალურ დოკუმენტში.”

უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის თქმითვე, მას შემდეგ, რაც კონცეფციაზე დაყრდნობით საქართველოს თავდაცვის სამინისტრო შეიმუშავებს თავდაცვის რეზერვის განვითარების სტრატეგიას და დოქტრინას, ეს დოკუმენტი განიხილება ბრიუსელში, ნატო-საქართველოს კომისიის თანამშრომლობის ფარგლებში, და მხოლოდ ამის შემდეგ დაამტკიცებს დოკუმენტს საქართველოს პრეზიდენტი, როგორც შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG