Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მე-9 არხის“ პრობლემების გავრცელება


ტელეკომპანია „მე-9 არხის“ განცხადებით, სწორედ ის წარმოადგენს ხელისუფლებისგან მომდინარე იმ არაერთი პრობლემის მიზეზს, რაც ამ დრომდე ექმნება თავად მას და მასთან დაკავშირებულ კომპანიებს. „მე-9 არხის“ გამო ”დასჯილთა” შორის, უპირველეს ყოვლისა, სახელდება ”სტერეო +” და ”გლობალ ტივი”, რომელთა დამფუძნებლებიც ბიზნესის დაღუპვასა და ხელისუფლების მხრიდან გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაზე ლაპარაკობენ. პრობლემების ფართო სპექტრზე საუბარს მიეძღვნა 12 ივნისს ”თბილისი მერიოტში” გამართული ერთობლივი პრესკონფერენციაც.

კომპანია ”გლობალ ტივის” შესაძლოა საქართველოს მასშტაბით დამონტაჟებული ყველა სატელიტური მიმღების, ანუ ეგრეთ წოდებული თეფშის, ჩამოხსნა მოუწიოს, მიუხედავად იმისა, რომ კომპანია, მისივე განცხადებით, საკაბელო ქსლის მეშვეობით აღარ ახორციელებს ტელეკომპანიების ”რუსთავი 2-ისა” და ”იმედის” სიგნალების რეტრანსლირებას. როგორც ”გლობალ ტივის” ამერიკელმა დამფუძნებელმა ალექსანდრ რონჟესმა განუცხადა მედიის წარმომადგენლებს 12 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე, ხუთი ტელეკომპანიის მოთხოვნის საფუძველზე, მათი პროგრამების რეტრანსლირების პროცესი მარტის შემდეგ შეწყდა. თუმცა ოდნავ მოგვიანებით ”რუსთავი 2-მა” და ”იმედმა” მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სიგნალის ნებისმიერი სახით რეტრანსლირების შეწყვეტის მოთხოვნით და სასამართლომ მათი განცხადებები მაისის დასაწყისში დააკმაყოფილა.

ალექსანდრ რონჟესი ამბობს, რომ, რადგანაც თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში რეტრანსლირების სრულად შეწყვეტა წარმოუდგენელია, ”გლობალ ტივის” ერთადერთი გზა რჩება - მან საქართველოს მასშტაბით სატელიტური თეფშები უნდა ჩამოხსნას.

ამიტომაც ამჟამად საქართველოში არსებული ვითარების გამო მე ქართველი ხალხის მდგომარეობა მაღელვებს. მაღელვებს, რადგანაც ხელისუფლება არ იცავს გამოხატვის თავისუფლების ფუნდამენტურ უფლებას ...
ალექსანდრ რონჟესი
რონჟესი შიშობს, რომ ”გლობალ ტივი”, რომელიც 11 ათას მომხმარებელს ითვლის, პრაქტიკულად დაღუპვის საფრთხის წინაშე დგას, რადგანაც, უკვე ხსენებული პრობლემის გარდა, კომპანიის მომსახურებაზე წელს უარი განაცხადა დაახლოებით 50-მა სახელმწიფო უწყებამ და ასევე კომპანიას ეკრძალება სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობა. ამერიკელი ბიზნესმენი დარწმუნებულია, რომ მისი მაგალითი წარმოადგენს ხელისუფლების მიერ გაგზავნილ უარყოფით მესიჯს მედიასექტორის სხვა უცხოელი ინვესტორებისთვის. ამასთან, რონჟესი ამ პრობლემას სამოქალაქო უფლებების შეზღუდვის ჭრილშიც განიხილავს:

”ერთ-ერთი, რასაც ყველაზე მეტად ვაფასებ ჩემი ქვეყნის დემოკრატიაში - ეს ფუნდამენტური უფლებების დაცვაა. ამიტომაც ამჟამად საქართველოში არსებული ვითარების გამო მე ქართველი ხალხის მდგომარეობა მაღელვებს. მაღელვებს, რადგანაც ხელისუფლება არ იცავს გამოხატვის თავისუფლების ფუნდამენტურ უფლებას... განვიცდი, რომ მათ ურჩევნიათ გაანადგურონ კომპანია, რათა გააჩუმონ საინფორმაციო წყარო, ვიდრე მისცენ საშუალება ამ კომპანიას გაფართოვდეს და სარგებელი მოუტანოს ეკონომიკას.”

უცხოელი და ქართველი ინვესტორების უფლებების ხელყოფაზე ილაპარაკა 12 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე შპს ”სტერეო +”-ის დამფუძნებელმა და დირექტორმა დავით ზილფიმიანმაც. როგორც ცნობილია, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გამართულ სხდომაზე შპს „სტერეო+“–ს გაფრთხილება მიეცა და, ასევე, 5 ათასი ლარით დაჯარიმდა. გატარებული ზომების ერთ-ერთ საფუძვლად კომისიამ დაასახელა ის ფაქტი, რომ „სტერეო +“-მა ”მეცხრე არხის” სიგნალი ეგრეთ წოდებული ”ღია ლინკის” საშუალებით ღია ეთერში გაავრცელა. საუბარია იმაზე, რომ 4 ივნისიდან, 2 დღის განმავლობაში, თბილისის მოსახლეობამ „მე-9 არხის“ მიღება უბრალო სატელევიზიო ანტენის საშუალებით შეძლო.

როგორც კომუნიკაციების ეროვნული კომისია იტყობინება, ”სტერეო +” ტელეკომპანიის მომსახურებას რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის ფარგლებში ახორციელებდა და, შესაბამისად, წინააღმდეგობაში მოდიოდა სალიცენზიო პირობებთან. კომისიის მიერ 12 ივნისს გავრცელებული განცხადების მიხედვით, ”გლობალ ტივის” სრულიად სამართლიანად აეკრძალა ლიცენზიის პირობებით გაუთვალისწინებელი საქმიანობა და ”სტერეო +”-ის დამფუძნებელს, როდესაც მის წინააღმდეგ მიმართულ უკანონობაზე საუბრობს, მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავს.

თუმცა დავით ზილფიმიანისთვის ცხადია და ეს მან 12 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზეც აღნიშნა, რომ, ვიდრე ჰორიზონტზე „მე-9 არხი“ გამოჩნდებოდა, მისი კომპანია 6 წლის მანძილზე წარმატებით და უპრობლემოდ ემსახურებოდა არაერთ სხვა კლიენტს:

ხელისუფლების აგრესია პირდაპირ მიმართულია „მე-9 არხის“ განადგურებისკენ, რათა შეუქმნან პრობლემა, რომ არ შედგეს ეს არხი ...
კობა ბექაური.

”საკმარისია ჩამოვთვალოთ ისეთი კომპანიები, როგორიც არის ”მზე”, ”ალანია”, ”პიკი”, ”საქართველო”, ”აჭარის ტელევიზია”... ეს სია მოიცავს თითქმის ყველა კომპანიას, ერთი-ორი გამონაკლისის გარდა. და ორმაგი სტანდარტიც აშკარაა - პრობლემები მაშინ დაიწყო, როდესაც მსგავსი მომსახურების გაწევა ოპოზიციურ არხს შეეხო.”

თავად „მე-9 არხის“ ხელმძღვანელობაც დარწმუნებულია, რომ ყველაფერი, რაც ამ ეტაპზე ხდება, უშუალოდ მათი ტელეკომპანიის წინააღმდეგ არის მიმართული და რომ, არხის მუშაობისთვის აუცილებელი დაახლოებით 2 მილიონი დოლარის ღირებულების ტექნიკის შეგნებულად დაზიანების გარდა, ხელისუფლების ქმედებები ამ არხის მაუწყებლობის გავრცელების ხელშეშლაზეა ორიენტირებული. გენერალური დირექტორი კობა ბექაური პარტნიორთა პრობლემების სათავედაც სწორედ „მე-9 არხს“ მიიჩნევს:

”ხელისუფლების აგრესია პირდაპირ მიმართულია „მე-9 არხის“ განადგურებისკენ, რათა შეუქმნან პრობლემა, რომ არ შედგეს ეს არხი. უქმნიან პრობლემას ყველა იმ კომპანიას, რომელთანაც „მე-9 არხმა“ რაღაცა ტიპის თანამშრომლობა დაიწყო. და ვფიქრობ, ეს ფაქტები ნათლად მეტყველებს იმაზე, თუ რა ხდება დღეს მედიაბიზნესში და როგორ არის დაცული საქართველოში ადამიანის ერთ-ერთი მთავარი უფლება - ინფორმაციის მიღების უფლება და რა მდგომარეობაშია სიტყვის თავისუფლება.”

ყველა იმ ძირითად პრობლემასთან დაკავშირებით, რაზეც 12 ივნისის პრესკონფერენციაზე იყო საუბარი, ადვოკატ ალექსანდრე ბარამიძის თქმით, დაზარალებული მხარე აუცილებლად მიმართავს სასამართლოს. თუმცა იმის გამო, რომ საქართველოში თავისუფალი სასამართლო და სამართლიანი მართლმსაჯულება არ ეგულება, ბარამიძე დარწმუნებულია, რომ საბოლოოდ ყველა ეს საქმე სტრასბურგამდე მიაღწევს.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG