Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სამხედრო ვერტმფრენები ქართული სოფლების თავზე და სოჭის ოლიმპიადა


ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლების გასწვრივ სულ უფრო ხშირად დაფრინავენ სამხედრო ვერტმფრენები. დვანის, ზემო ხვითის, ერგნეთის, გუგუტიანთკარისა და კოშკას მცხოვრებლები საკუთარი ნაკვეთებიდან და სახლებიდან კარგად ხედავენ რუსეთის სამხედრო ვერტმფრენებს, რომლებიც დაბალ სიმაღლეზე დაფრინავენ. ადგილობრივების დაკვირვებით, ეს ვერტმფრენები ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული სამხედრო ქალაქების გასწვრივ მოძრაობენ და ხშირად ქართული სოფლების თავზეც გადმოდიან. ბოლო დროს ასეთი ფრენები გახშირდა, ამიტომ ქართულ სოფლებში მას საჰაერო პატრული უწოდეს. ვერტმფრენების გარდა, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სამხედრო მანქანებისა და ტექნიკის გადაადგილებაც შეინიშნება. სოფელ გუგუტიანთკარის მცხოვრები თენგიზ ახალკაცი აცხადებს, რომ ვერტმფრენები ხშირად ცხინვალიდან ახალგორის მიმართულებით დაფრინავენ.

5 წლის წინ, აგვისტოს ომის დასრულების შემდეგ, ქართული სოფლების თავზე რუსეთის ვერტმფრენების გამოჩენას ადგილობრივი მოსახლეობა შეშფოთებით ხვდებოდა და ბავშვების სარდაფებში ჩაყვანას ჩქარობდა ხოლმე, ახლა კი ყოველ გადაფრენას იქ მცხოვრები ადამიანები ცნობისმოყვარეობით ადევნებენ თვალს. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე ქართული მხარე საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის გამო რუსულ მხარეს ყოველთვის პრეტენზიას უყენებს. ამ პრეტენზიას შესაბამისი ფოტო და ვიდეომასალაც ერთვის ხოლმე, მაგრამ რუსეთის სასაზღვრო უწყების წარმომადგენლები ამ პროტესტზე არ რეაგირებენ. ქართულ სოფლებში მცხოვრებლები ეგრეთ წოდებულ საჰაერო პატრულირებას სოჭში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებსა და უსაფრთხოების საკითხებს უკავშირებენ.

გუგუტიანთკარისა და კოშკას მცხოვრებლები სოფლებში არსებულ პრობლემებზე საუბრობენ. გუგუტიანთკარი ეგრეთ წოდებული სასაზღვრო მავთულხლართებითა და ბანერებით 2 ნაწილად არის გაყოფილი. ამ სოფელმა საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მას შემდეგ მიიქცია, რაც რუსეთის მესაზღვრეებმა ადგილობრივ მცხოვრებს, დიმიტრი გუგუტიშვილს, მავთულხლართები სახლის კედელზე გაუბეს. ეზოს ნაწილი და საწყობი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა. ეს ყველაფერი საკუთარი თვალით ნახეს საქართველოში აკრედიტებულმა ელჩებმაც. ადგილობრივი მცხოვრები სერგო გუგუტიშვილი ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით იყო დაკავებული. მისი თქმით, სასმელი და სარწყავი წყლის სათავე ნაგებობები ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული და იქ წყლის გამოსაშვებად გადასულ ადამიანებს ხშირად აკავებენ.

ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლების მცხოვრებლები ვეღარც მიმდებარე ტყეში შედიან, რადგან იქაც რუსეთის მესაზღვრეები პატრულირებენ. ადგილობრივი მოსახლეობა მთავარ პრობლემად სასმელი და სარწყავი წყლის უქონლობას ასახელებს.

ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე ქართული სოფლების მოსახლეობა მოითხოვს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მათ მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინოს, სამართალდამცავებმა კი პატრულირება გააძლიერონ. ერგნეთის ბოლო შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ამ სოფლების გასწვრივ პოლიციის დამატებითი ეკიპაჟებით პატრულირების საკითხი დააყენა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლის კახა ქემოკლიძის აზრით, მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელია ქერე-კოშკას მონაკვეთზე პატრულირება გაძლიერდეს, რასაც ოსური მხარე არ ეთანხმება.

ერგნეთის მომდევნო შეხვედრაზე საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევისა და ქართველი პოლიციელების პატრულირების საკითხი კიდევ ერთხელ დაისმება.
XS
SM
MD
LG