Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რიმალდასის „რეალური სამყარო“


29 მაისს გაიხსნა თბილისის ფოტოფესტივალი, რომელსაც წელს 5 წელი შეუსრულდა. ფესტივალის ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს იუბილე განსაკუთრებულად აღენიშნათ და ფოკუსირება სოციალურ პროექტზე გააკეთეს. ფესტივალი 29 მაისს ქართული ლიტერატურის მუზეუმში გაიხსნა ბრიტანელი ფოტოგრაფის, თანამედროვე ფოტოგრაფიის ვარსკვლავის მარტინ პარისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ლიტველი ფოტოგრაფის, რიმალდას ვიკსრაიტისის გამოფენით „ნამდვილი სამყარო“. ლიტველი ფოტოგრაფი თბილისში იმყოფება და სამი დღის განმავლობაში ფოტოგრაფიით დაინტერესებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდებისთვის ვორკშოპს ჩაატარებს.

ლიტვა. სოფელი ვალაკბუდისი. როგორც ყველა სოფელი, ვალაკბუდისიც ფერადია. სოფლური ფერები: მაგალითად, მწვანე ბალახი, ჭრელი მამალი, კომპლებიანი კაბა, ჭილის ქუდი, ყვავილებიანი თავსაფარი, ალბათ ლურჯი ან წითელი ველოსიპედი, ყავისფერი ღობე. ეს ფერები, უბრალოდ, უნდა წარმოიდგინო, სხვა გამოსავალი არ გაქვს, რადგან შენს თვალწინ ლიტვური სოფლის შავ-თეთრი ფოტოები კიდია.

სერია „დაღლილი სოფლის გრიმასები“. ფოტო ჩემს მარჯვნივ: თხა, 8-9 წლის ბიჭი. ქალი, ჭრელი კაბით. მონგრეულ სკამზე კაცი ზის, ჭიქით ხელში. სავარაუდოდ, არაყს სვამს. ფოტო ჩემს მარცხნივ: მიწაზე გაშლილი სუფრა. თეფშები. ბევრი თეფში. თეფშებზე საჭმლის ნარჩენები. საჭმელი ქვაბებშიც. ბევრი ბოთლი. ლუდის ბოთლი. არყის ბოთლებიც. ქალი მიწაზე წევს, შეტყუპებული მუხლებით. თხელი წვივები აქვს. ქალის გვერდით კაცია გაგორებული. ალბათ იცინის, სახე არ უჩანს. მისი ფეხების მოძრაობა კარნახობს ფოტოს მნახველს, რომ ეს კაცი უნდა იცინოდეს. ფოტო ცხვირწინ: სერია „სოფლის ოცნებები“: სპორტულ ტანსაცმელში გამოწყობილ შუახნის ქალს დაკლული, გაპუტული ქათმები მოაქვს. ფოტო ფოტოა, კადრი არ მოძრაობს, მაგრამ ფაქტია, რომ დაკლული ქათმები თავებს მოიქნევენ. ზურგს უკან კიდევ ერთი ფოტო: პორტრეტი. მოხუცი ქალი. ნაოჭებში მზეჩამჯდარი ქალი. გამჭვირვალე თვალებით ზურგში სიგარეტის კვამლს მაბოლებს. კოპლებიანი კაბა აცვია. მგონია, რომ კაბა წითელი უნდა იყოს, კოპლები - თეთრი.
ეს 60 წლის ლიტველი ფოტოგრაფის, რიმალდას ვიკსრაიტის ფოტოებია. ფოტოები, რომლებიც ლიტერატურის მუზეუმში თეთრ კედლებზე კიდია და ფოტოები, რომლებსაც ლიტველი გლეხების სახლებსა თუ მიწურებში, მათ სამზარეულოებში, საძინებლებსა და საპირფარეშოებში შეჰყავხარ. ფოტოები, რომლებიც თვალებზე გაფარებს რიმალდასის თანასოფლელების, მეზობლების ყოველდღიურ რეალობას, რომელიც ერთი შეხედვით შეიძლება მოსაწყენი იყოს, შეიძლება სევდიანი იყოს, შეიძლება მხიარული იყოს, შეიძლება სასტიკიც იყოს. რიმალდასის ფოტოებზე ბევრი ალკოჰოლია, ბევრი სიგარეტია, ბევრი მოხუცია. ბევრიც ბავშვია. ბევრია შინაური ცხოველიც, ოღონდ მკვდარი შინაური ცხოველი.

ფოტოსერია: „სასაკლაო“... სოფლის კაცები ღორს უყრიან ყელში დანას. სოფლის კაცი ღორის მოჭრილ თავს ყურზე კბენს...და ერთიც: ფანჯრიდან 10 წლამდე გოგო იყურება. ფანჯრის რაფაზე მოჭრილი თხის თავი დევს, რომელსაც ბეწვზე სისხლი აქვს შემხმარი.

პატარა იყო რიმალდასი, როცა ტუბერკულოზით დაავადდა. დაავადებამ ის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანად აქცია, რასაც სრულებით არ შეუშლია მისთვის ხელი, რომ ის მსოფლიოში ცნობილი ფოტოგრაფი გამხდარიყო. 2009 წელს თანამედროვე ფოტოგრაფიის წრეებში სრულიად უცნობი ლიტველი ფოტოგრაფი პრესტიჟული „არლის ფესტივალის“ პრიზის მფლობელი და აღმოჩენა გახდა.
რიმალდასს თარჯიმნის დახმარებით ველაპარაკები. მხიარული ტიპი ჩანს. ბევრს იცინის. წითელი მაისური აცვია. მეუბნება, იცი, მე მინდა, რომ ჩემი ფოტოებით სხვებს დავანახვო როგორ ცხოვრობენ ჩემს გარშემო ღარიბი ადამიანები. ისინი ჩემი თანასოფლელები, მეგობრები, მეზობლები არიან, მე მათთან ერთად გავიზარდე, ისინი მიცნობენ მე და მათ უნდა იცნობდნენ სხვები: „თბილისშიც ვნახე ადამიანები, რომლებიც ნამდვილად არ ცხოვრობენ კარგ პირობებში. ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ ადამიანებზე, რომლებსაც უჭირთ. იქნებ ამან შეცვალოს მათი ცხოვრება. საზოგადოება, ქვეყანა მზად უნდა იყოს, რომ ამ ადამიანების ცხოვრებაზე ბევრი ილაპარაკოს. ხელისუფლებამ უნდა გაახილოს თვალები და დაინახოს, რომ მათი ქვეყნის პატარა სოფლებში ცხოვრობენ ღარიბი ადამიანები, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ“.

18 წლის იყო რიმალდასი, როცა მან დამოუკიდებლად ცხოვრება და ფულის შოვნა გადაწყვიტა. 15 მანეთად იყიდა საბჭოთა ფოტოაპარატი „სმენა“ და სოფლის ქორწილების გადაღება დაიწყო.10 წლის განმავლობაში ამ გზით ირჩენდა თავს. როგორც რიმალდასი მეუბნება, 10 წლის თავზე გააცნობიერა, რომ მას ფოტოგრაფიით მხოლოდ თავის რჩენა აღარ აინტერესებდა და უნდოდა ფოტოების საშუალებით მოეთხრო ხალხისთვის რა ხდებოდა მის გარშემო, როგორ ცხოვრობდნენ ადამიანები მის მეზობლად. ბევრი ალკოჰოლია შენს ფოტოებზე, ვეუბნები რიმალდასს. იმიტომ, რომ ხალხი, რომელსაც სამუშაო არა აქვს, სვამს, მპასუხობს რიმალდასი.

რიმალდასის ობიექტივში ხვდება ისეთი კადრებიც, რომლებამდეც, როგორც წესი, ფოტოგრაფის მზერა ვერ აღწევს. ამ კადრებში უბრალოდ შიშველი ქალები ან კაცები არ არიან. აქ არიან წყვილები, რომლებმაც რიმალდასის ფოტოკამერა პირად ცხოვრებაში შეუშვეს. ვერც კი იტყვი, რომ ისინი რიმალდასის კამერის წინ პოზირებენ. უბრალოდ, ისინი აკეთებენ იმას, რასაც აკეთებენ. მაგალითად, სულ არ ადარდებს რიმალდასის ერთ-ერთი ფოტოს პერსონაჟ ქალს, რომ მას მუცელი საცვალზე ჰკიდია. როგორ ახერხებს ამას რიმალდასი? რიმალდასს ასეთი პასუხი აქვს: „მე ქალების გარემოცვაში გავიზარდე და ყველა მათი საიდუმლო ვიცი“...

​„დასაშვების და არადასაშვების ზღვარზე“ - ასე უწოდებს ამ ფოტოსერიას ფოტოგრაფი გურამ წიბახაშვილი: „რიმალდასმა მოახერხა ადამიანის ცხოვრების იმ ნაწილების გახსნა, რომლებსაც ვფარავთ, მაგრამ სინამდვილეში რატომ ვფარავთ, არავინ იცის. ეს რიმალდასმა გახსნა ისე, რომ არ გიჩნდება პროტესტი, რომ ეს არ შეიძლება, იმიტომ რომ ხვდები, რომ ის ადამიანებიც ისეთი სიყვარულით უშვებენ რიმალდასს ამ სცენაზე და ისიც უდგებოდა მათ აბსოლუტურად გულწრფელად და შედეგად ვიღებთ ასეთ უშუალო ფოტოებს, რაც ყველაზე ძნელია ფოტოგრაფიაში. ყველაზე ძნელია, რომ შეხედო ადამიანს თვალებში და დააჯერო, რომ შენი ფოტოთი მას არასდროს არაფერს დაუშავებ და რიმალდასი ამას ახერხებს. ფოტოგრაფიის მთავარი სირთულეც ეს არის, ღილაკზე თითის დაჭერა ადვილია. ურთულესია შეხვიდე ადამიანების წრეში და მათ დაიჯერონ, რომ შენ მტერი არ ხარ. ამას რიმალდასი ყველაზე კარგად ახერხებს“, - მიაჩნია გურამ წიბახაშვილს.

თბილისის ფოტოფესტივალი, რომელზეც წელს რიმალდასი განსაკუთრებული სტატუსით არის ჩამოსული, აქცენტს სწორედ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებსა და მათ განუსაზღვრელ შესაძლებლობებზე აკეთებს. რიმალდასი ფოტოგრაფიით დაინტერესებულ 15 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდას სამი დღის განმავლობაში გაუზიარებს თავის გამოცდილებას, თავის ცოდნას. როგორც ნესტან ნიჟარაძე, თბილისის ფოტოფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი, ამბობს, ეს ღონისძიება შესაძლებლობას მისცემს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდებს, მიზანი დაისახონ, საზოგადოებაში გამოჩნდნენ: „ჩვენ გადავწყვიტეთ შეგვექმნა ჯგუფი და გაგვეკეთებინა პროფესიული ვორკშოპი იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ განსხვავებული შეზღუდული შესაძლებლობები, რადგან მივედით იმ რეალობამდე, რომ თურმე მათი ძალიან დიდი ნაწილი - ალბათ 100 % - ცხოვრობს იზოლაციაში. ჩვენი ვალია მათ გავუკეთოთ ის, რაც შეგვიძლია. ფესტივალს კი ყველაზე დიდი, რაც შეუძლია გააკეთოს, არის ის, რომ შემოიკრიბოს პროფესიონალები და მათი მეშვეობით დააკომპლექტოს ჯგუფი, სადაც შშმ ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა შეისწავლონ ფოტოგრაფია. ჩვენ გვჯერა, რომ ფოტოგრაფია არის ის მედიუმი, რომელსაც შეუძლია გახდეს საყრდენი ცხოვრებაში“, - ამბობს ნესტან ნიჟარაძე.

და როგორც რიმალდასმა მითხრა, შეხვედრისას ახალგაზრდებს პირველ რიგში ეტყვის იმას, რომ ისინი არიან ადამიანები, რომლებსაც, მიუხედავად იმისა, რომ არ ესმით, მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდებიან, მიუხედავად იმისა, რომ ვერ ხედავენ, შეუძლიათ როგორც საკუთარი ცხოვრების, ისე სამყაროს შეცვლა. მთავარია მათ მონახონ ძალა და ხმა მიაწვდინონ სამყაროს, რომ ისინი აქ არიან.
XS
SM
MD
LG