Accessibility links

რა აჩვენა თვითმმართველობის არჩევნებმა


N32 საარჩევნო უბანი ანაკლიაში

N32 საარჩევნო უბანი ანაკლიაში

როგორ აფასებენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს საქართველოში და რა რჩება საარჩევნო პროცესის მთავარ გამოწვევად? საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე თბილისში 15 ივნისის არჩევნების შეფასებას იძლევიან. ხელისუფლებისთვის ეს არჩევნები „უპრეცედენტოდ სამართლიანი“ და „ისტორიულია“, ოპოზიციური პარტიები კი კვლავაც არჩევნების გაყალბებასა და პოლიტიკური ნიშნით ზეწოლაზე ლაპარაკობენ. ხარვეზების შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ სადამკვირვებლო ორგანიზაციებიც.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს შეფასებას აძლევენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ისტორიული უწოდა. ეს იყო საქართველოს ისტორიაში პრაქტიკულად პირველი არჩევნები, როდესაც მოქალაქეებმა თავად გადაწყვიტეს, ვინ აერჩიათ თავიანთ ქალაქში, რაიონსა თუ სოფელში, თან ისე, რომ აქცენტი კონკრეტულ კანდიდატებზე კეთდებოდა და არა მათ პარტიულ კუთვნილებაზეო, განაცხადა ღარიბაშვილმა:

„პირველად ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის განმავლობაში ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ მართლაც დემოკრატიული, სამართლიანი და თავისუფალი თვითმმართველობის არჩევნები - არჩევნები, რომელშიც 16 000 კანდიდატი მონაწილეობდა. ეს იყო, მართლაც, უპრეცედენტო რაოდენობა და ხალხს მიეცა საშუალება, აერჩია, დაახლოებით, 2000 კანდიდატი. ყველა ამომრჩევლის ხმა იყო დაცული და საარჩევნო ადმინისტრაციები მუშაობდნენ გამართულად და ხელისუფლება არ ჩარეულა მათ მუშაობაში“.
პოლიტიკური დევნა, ფიზიკური ანგარიშსწორება და დაპატიმრება, რაც თან ახლდა წინასაარჩევნო პერიოდს, კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“, მისმა ხელმძღვანელმა ბიძინა ივანიშვილმა, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა არჩევნების დღეს საარჩევნო ოლქების მნიშვნელოვან ნაწილში ხალხის არჩევნების გაყალბებით დაასრულეს...


ოპოზიცია საარჩევნო პროცესის მიმართ კრიტიკული რჩება - მაგალითდ, არ იზიარებენ პრემიერისა და, ზოგადად, მმართველი გუნდის პათოსს. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ 16 ივნისს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, ირმა ნადირაშვილმა, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უკან გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა, როგორც 2010 წელს ჩატარებულ თვითმმართველობის, ასევე საქართველოში ბოლოს გამართულ ორ საპარლამენტო და ორ საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით, და ეს დასკვნა შემდეგი არგუმენტებით გაამყარა:

„პოლიტიკური დევნა, ფიზიკური ანგარიშსწორება და დაპატიმრება, რაც თან ახლდა წინასაარჩევნო პერიოდს, კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“, მისმა ხელმძღვანელმა ბიძინა ივანიშვილმა, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა არჩევნების დღეს საარჩევნო ოლქების მნიშვნელოვან ნაწილში ხალხის არჩევნების გაყალბებით დაასრულეს. იმის გამო, რომ საქართველოს საზოგადოებას ვერ შესთავაზეს განვლილ წელიწადსა და რვა თვეში გაკეთებული საქმე, თუნდაც ერთი გადაჭრილი პრობლემა, ქვეყნის განვითარების სწორი ხედვა, მთავრობამ ძალაუფლების შენარჩუნება ხელის გადაგრეხით და ძალადობით სცადა. უპრეცედენტო გაყალბებისა და ძალადობის მიუხედავად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გამარჯვებისთვის იბრძოლებს თბილისში, მეორე ტურში“.
დამკვირვებლის უფლების უკანონოდ შეზღუდვის 5 ფაქტი, საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადო წარმოების 8 შემთხვევა, წილისყრის ჩატარების წესის დარღვევის 3 ფაქტი...

თუმცა სადამკვირვებლო ორგანიზაციები არ ლაპარაკობენ უპრეცედენტო დარღვევებსა და გაყალბების ფაქტებზე.16 ივნისს საარჩევნო მედიაცენტრში დილიდან ყოველ ნახევარ საათში იმართებოდა საინფორმაციო ბრიფინგი განახლებული მონაცემების თაობაზე როგორც პარალელურ დათვლასა, ისე საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით. საჩივრები და შენიშვნები ძირითადად შეეხებოდა დამკვირვებლების უფლებამოსილების უხეშ დარღვევებს და წილისყრის პროცედურების დროს გარკვეულ ხარვეზებს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე კახა კოჟორიძემ ასევე არამიზანშეწონილად ჩათვალა წინასწარი მონაცემების შედეგების საფუძველზე გადაწყვეტილად კონკრეტული კანდიდატისათვის არჩევნებში გამარჯვების მილოცვის აღნიშვნა. საიას ეს შენიშვნა „ქართული ოცნების“ მიმართ გაისმა.

ორგანიზაცია „მრავალეროვანი საქართველოს“ მიერ დაფიქსირებულ 121 ინციდენტს შორის მუქარისა და ზეწოლის 5 ფაქტი და საარჩევნო აგიტაციის 12 შემთხვევა გამოვლინდა. როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელი ალექსანდრა კალატოზიშვილი აცხადებს, იყო სხვა სახის დარღვევებიც:

„დამკვირვებლის უფლების უკანონოდ შეზღუდვის 5 ფაქტი, საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადო წარმოების 8 შემთხვევა, წილისყრის ჩატარების წესის დარღვევის 3 ფაქტი, იყო ასევე მარკირების შემოწმების გარეშე ხმის მიცემის ფაქტები“.

15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეაფასეს საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლებმაც. კერძოდ, ევროსაბჭოს რეგიონალური კონგრესის დელეგაციის (15 ევროპული ქვეყნის 22 წევრი) წევრებმა 16 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ არჩევნები მშვიდ და წყნარ ატმოსფეროში ჩატარდა. დელეგაციის წევრების განცხადებით, პოლიტიკურ ოპონენტებს წინასაარჩევნოდ ჰქონდათ მედიის თანაბარი ხელმისაწვდომობა, თავად მედია იყო ნაკლებად პოლარიზებული და, მათივე თქმით, ელექტორატი, განსაკუთრებით კი საჯარო მოხელეები არ განიცდიდნენ ზეწოლას“.

თვითმმართველობის არჩევნებს შეფასებას აძლევენ პოლიტოლოგებიც. მათ ნაწილს მიაჩნია, რომ შედეგი, რაც ამ არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო, - კერძოდ, მეორე ტურის ჩატარების აუცილებლობა არაერთ თვითმმართველ ერთეულში, - ამ პოლიტიკური ძალისათვის დაშვებული შეცდომების გააზრების ბიძგი უნდა გახდეს. ასე ფიქრობს, მაგალითად, პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე:

„ჩვენ აქამდე შეჩვეულები ვიყავით, რომ მმართველი პარტია არათუ სამი-ოთხი პროცენტით განსხვავებას ფარავდა ხმების დათვლის დროს, არამედ მისთვის საჭირო 20 და 30%-საც იღებდა. ასეთი ფაქტი ამჟამად არ მომხდარა და ეს ნამდვილად მისასალმებელი ეტაპია. თუმცა, ვფიქრობ, „ქართულ ოცნებას“ აქვს დასაფიქრებელი, რატომ ვერ მიიღო მან ისეთი ტრიუმფალური სვლა, როგორსაც აპირებდა. ისიც უნდა ვთქვათ, რომ 50%-იანი ბარიერი, რომელიც დააწესა ხელისუფლებამ, თვითონ მისთვისაც სირთულე აღმოჩნდა, ესე იგი ხელისუფლება არ თამაშობდა ორმაგ თამაშებს - სათავისოს თუ სხვისას - და ესეც თავისებური სასიამოვნო სიახლეა“.

ევროპული ფასეულობების ინსტიტუტის თანადამფუძნებელი მამუკა ჟღენტი კი რადიო თავისუფლებასთან საუბარში დამაფიქრებელ გარემოებად ამომრჩევლის პასიურობას ასახელებს. ზოგადად, ჩატარებულ არჩევნებს წინგადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს, თუმცა იმ ხარვეზებზეც ამახვილებს ყურადღებას, რაც არჩევნების პროცესში დაფიქსირდა:

„ე.წ. მიწერების პრობლემა წელსაც დაფიქსირდა. მრავალი ფაქტი იყო ასეთი, როდესაც არაერთი ადამიანი იყო მიწერილი ამა თუ იმ უბანზე. პრობლემები იყო დათვლის პროცესშიც: ზოგან შუქი ჩაქრა, ზოგან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტებიც იყო, მაგალითად, მცხეთაში, ერთ-ერთ უბანთან ერთი კონკრეტული სტრუქტურის ხელმძღავნელი იდგა საარჩევნო უბანთან და აკვირდებოდა მისი რომელი თანამშრომელი მივიდოდა უბანზე ხმის მისაცემად“, - აცხადებს მამუკა ჟღენტი.

რადგან წინ არჩევნების მეორე ტურია, საბოლოო შეფასებაც, თუ როგორ ჩაიარა საქართველოში 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა, სწორედ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი. წინასწარი ინფორმაციით, არჩევნების მეორე ტური ივლისის ბოლოს უნდა გაიმართოს.
XS
SM
MD
LG