Accessibility links

logo-print

უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები გაცვალეს


უკრაინის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, უკრაინამ ცხრა დაკავებული მედესანტე გადასცა რუსეთის ფედერაციას, რის შემდეგაც რუსეთის მხარემ გაათავისუფლა უკრაინის ეროვნული გვარდიის 63 ჯარისკაცი. ამის შესახებ კიევში 31 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე თქვა უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს პრესმდივანმა, ანდრეი ლისენკომ. მისივე თქმით, საქმე არ ეხება სამხედრო ტყვეების გაცვლას: "იმის გამო, რომ უკრაინა და რუსეთი არ იმყოფებიან ომის მდგომარეობაში, შეუძლებელია გვყავდეს სამხედრო ტვეები. ჩვენ გვყავს მხოლოდ „დაკავებულები" - ინდივიდები, რომლებიც უკანონოდ შემოვიდნენ უკრაინის ტერიტორიაზე“, - განაცხადა ლისენკომ. უკრაინამ გასულ კვირაში გაავრცელა ცნობა რუსი მედესანტეების დაკავების თაობაზე და ეს პირები მედიას წარუდგინა, როგორც მტკიცებულება, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში რუსი სამხედროები იბრძვიან მოსკოვის მომხრე სეპარატისტებთან ერთად. რუსეთი ირწმუნება, რომ მედესანტეები შეცდომით გადავიდნენ უკრაინის ტერიტორიაზე, საზღვარზე პატრულირებისას.

XS
SM
MD
LG