Accessibility links

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შეფასებას კატეგორიულად არ ეთანხმებიან საგარეო საქმეთა სამინისტროში


პრეზიდენტის ადმინისტრაციის შეფასებას, რომ საქართველოს პრეზიდენტის ვინაობის შესახებ გაეროს არაინფორმირებულობა ქვეყნის დიპლომატიური მისიის შეცდომაა, კატეგორიულად არ ეთანხმებიან საგარეო საქმეთა სამინისტროში. მან დღეს საჯაროდ გამოაქვეყნა პრეზიდენტად გიორგი მარგველაშვილის არჩევის შემდეგ მისთვის გაეროს გენერალური მდივნის, ბან კი მუნის მიერ ჯერ კიდევ შარშან ნოემბერში გაგზავნილი მისალოცი წერილი. რაც შეეხება პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას, რომ 25 თებერვლით დათარიღებული წერილი გაეროს გენერალური მდივნის ხელმოწერით გამოგზავნილია გიორგი მარგველაშვილის და არა მიხეილ სააკაშვილის სახელზე, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს განუმარტა, რომ საქართველოს მისიის მიმართვის შემდეგ გაერომ ახალ წერილში პრეზიდენტის სახელი და გვარი შეასწორა, თარიღი 25 თებერვალი კი უცვლელად დატოვა. საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს საჯაროდ გამოაქვეყნა გაეროს თავდაპირველი, შეცდომით შედგენილი მიწვევაც, რომელშიც პრეზიდენტად მიხეილ სააკაშვილია მითითებული.

XS
SM
MD
LG