Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონეცკში ეუთოს მანქანები დაწვეს


უკრაინის ქალაქ დონეცკში გაანადგურეს ეუთოს მეთვალყურეთა საგანგებო მისიის ოთხი ჯავშნიანი ავტომანქანა. არავინ დაშავებულა. მისიის „ტვიტერის“ გვერდზე 9 აგვისტოს გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ ავტომანქანები დონეცკში, მისიის შენობასთან წინა ღამეს სავარაუდოდ ცეცხლის წაკიდებით გაანადგურეს. მოგვიანებით გავრცელდა მისიის პრესრელიზი, რომელშიც მითითებული იყო, რომ მანქანებს ცეცხლი წაუკიდეს დაახლოებით დილის 2:30-ზე. სამი ავტომანქანა მთლიანად განადგურდა, ერთი ძლიერ დაზიანდა და კიდევ სამი ნაწილობრივ დაზიანდა. სააგენტო „როიტერზს“ ეუთოს მისიის ხელმძღვანელმა ალექსანდერ ჰაგმა განუცხადა, რომ ინციდენტი იყო „დაშინების“ მაგალითი, რომლის „მიზანია ეუთო აიძულოს შეწყვიტოს ინფორმაციის გავრცელება რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე“. რუსეთის მედია ავრცელებს დონეცკის სეპარატისტების ლიდერ დენის პუშილინის სიტყვებს. მას განუცხადებია, რომ ინციდენტი „აღმაშფოთებელია“ და ყველაფერს გააკეთებს დამნაშავეების გამოსავლენად: „ჩვენს ინტერესებში სრულებით არ შედის დონეცკში მისიის მუშაობის შეწყვეტა“, - განაცხადა პუშილინმა. 7 აგვისტოს ეუთოს მეთვალყურეთა საგანგებო მისიამ გაავრცელა ინფორმაცია დონეცკის აეროპორტში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლის შეწყვეტის პირობების დარღვევების „მნიშვნელოვან ზრდაზე“. იმავე დღეს დაახლოებით 300-მა ადამიანმა გააპროტესტა მისიის შენობასთან მისი მუშაობა. ისინი ეუთოს „დუმილისა და სიბრმავის“ გამო აკრიტიკებდნენ, შენობის მიმდებარე გზა წითელი საღებავით შეღებეს. ეუთოს მისიას ევალება მინსკის თებერვლის შეთანხმებების შესრულების მეთვალყურეობა.

XS
SM
MD
LG