Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მსჯელობს „ტელეკომპანია საქართველოს“ სარჩელზე


საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმწესრიგებელ სხდომაზე მსჯელობს პარლამენტის წინააღმდეგ „რუსთავი 2“-ის მფლობელი „ტელეკომპანია საქართველოს“ სარჩელზე. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის განმარტებით, დღევანდელ სხდომაზე სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, რამდენად ექვემდებარება საკითხის განხილვა მის იურისდიქციას. დავის საგანს წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მუხლები, რომლებსაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, თამაზ ურთმელიძის მიერ 5 ნოემბერს მიღებული განჩინება ეფუძნება. ამ განჩინებით, მოსამართლემ უფლებამოსილება შეუჩერა „რუსთავი 2“-ის გენერალურ და ფინანსურ დირექტორებს და ტელეკომპანიას დროებითი მმართველები დაუნიშნა. გიორგი პაპუაშვილის ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს პარლამენტის შუამდგომლობაზეც, რომელიც მოსამართლეთა აცილებას შეეხება. საკონსტიტუციო სასამართლოს საქართველოს პარლამენტმა 9 ნოემბერს მიმართა და მის წინააღმდეგ „რუსთავი 2“-ის მფლობელთა სარჩელებზე დავის ფარგლებში ითხოვა საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის თავმჯდომარის, კონსტანტინე ვარძელაშვილისა და ამავე კოლეგიის წევრის, მაია კოპალეიშვილის აცილება. შუამდგომლობაში მიზეზად დასახელებულია რამდენიმე გარემოება, რომელიც, პარლამენტის შეფასებით, საეჭვოს ხდის ვარძელაშვილის და კოპალეიშვილის მიუკერძოებლობას.

XS
SM
MD
LG