Accessibility links

logo-print

მთავრობა გეგმავს საწვავისა და ავტომობილების ხარისხის კონტროლის გამკაცრებას


ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად საქართველოს მთავრობამ საწვავის და ავტომანქანების ხარისხის კონტროლის გამკაცრება გადაწყვიტა. ბენზინისა და დიზელის საწვავის ხარისხისა და შემადგენლობის ნორმების დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაწესდება. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილება, რომელიც გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ მოამზადა, მთავრობამ განსახილველად პარლამენტს წარუდგინა. კანონპროექტის თანახმად, იმპორტიორი, რომელიც ქვეყანაში შემოიტანს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ნორმებთან შეუსაბამო ბენზინს და დიზელის საწვავს, 10 ათასი ლარით დაჯარიმდება. ამავე ნორმების დარღვევით ბენზინის ან დიზელის საწვავის საქართველოს ტერიტორიაზე წარმოება 9 ათასი ლარით, შენახვა, განთავსება ან მიწოდება კი 8 ათასი ლარით დაჯარიმდება. საქართველოს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა განაცხადა, რომ რამდენიმე ქალაქში ჰაერის სინჯების კვლევამ აჩვენა, რომ ძირითადი დამაბინძურებელი წყარო ავტომობილებია. მინისტრის ინფორმაციით, კვლევამ აჩვენა, რომ თბილისის ზოგიერთ უბანში ჰაერის ხარისხი ევროსტანდარტის მიხედვით, საშუალო დონისაა. გიგლა აგულაშვილის განმარტებით, საწვავის ხარისხის გარდა პრობლემაა არასრული წვის შედეგად გამონაბოლქვში წარმოქმნილი ტოქსიკური აირი, რის გამოც აუცილებელია ავტოპარკის განახლება. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის განცხადებით, საწვავის ხარისხის შესახებ მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ნორმების დაცვა ზოგიერთმა იმპორტიორმა უკვე დაიწყო და მათ მიერ შემოტანილი საწვავის ცალკეული სახეობა უკვე შეესაბამება „ევრო 5“-ის სტანდარტს. გიგლა აგულაშვილის ინფორმაციით, გაგრძელდება, როგორც საწვავის ხარისხის შემოწმება, ასევე ჰაერის სინჯების გამოკვლევა.

XS
SM
MD
LG