Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურაში მოწმის სტატუსით დაკითხეს შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე


საქართველოს მთავარ პროკურატურაში მოწმის სტატუსით დაკითხეს შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე. მან 9 დეკემბერს ღამით დასრულებული დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გამომძიებლებს დაუსახელა ის პოლიტიკოსები, რომლებიც კონკრეტული მსჯავრდებულების შეწყალების მიმართ "არაჯანსაღ აქტიურობას" იჩენენ. ზვიად ქორიძემ აღნიშნა, რომ პირადად მისთვის გამოძიების დაწყება ძალიან მნიშვნელოვანია და აქვს ინტერესი და მოლოდინი, რომ პროკურატურა საქმეს ბოლომდე მიიყვანს და საზოგადოებისთვის დეტალები ცნობილი გახდება. „ზოგიერთი რამ კონკრეტული ფაქტებითაა გამყარებული, ზოგიერთი კი მოსაზრებებითა და ფაქტების ლოგიკით, რომელზეც გამოძიებამ უნდა იმუშაოს ", - განაცხადა ზვიად ქორიძემ. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოძიება 8 დეკემბერს დაიწყო შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის ალექსანდრე ელისაშვილის საჯარო განცხადების საფუძველზე, რომლის თანახმად, ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი პატიმართა შეწყალების მიზნით ქრთამს იღებდა და მასზე ზეწოლას ახდენდა. პროკურატურამ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლით, რომელიც ზეგავლენით ვაჭრობას შეეხება. მოწმის სტატუსით ალექსანდრე ელისაშვილი პროკურატურის გამომძიებელმა 9 დეკემბერს დაკითხა.

XS
SM
MD
LG