Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დამარხული იარაღი


შინაგან საქმეთა სამინისტრო
შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და მთავარ პროკურატურასთან ერთად, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს ტერიტორიაზე საბრძოლო მასალისა და ცეცხლსასროლი იარაღის მარაგს მიაკვლია, განაცხადა შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის უფროსმა მიხეილ ძაგნიძემ 29 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე. მისივე ცნობით, საბრძოლო მასალა შენიღბულად 2009-2011 წლებში უნდა დაემარხათ.

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის უფროსის, მიხეილ ძაგნიძის, განცხადებით, გამოძიებამ დაადგინა, რომ საქართველოში რამდენიმე ადგილიდან ამოღებული დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, ფეთქებადი ნივთიერებები და ასაფეთქებელი მოწყობილობები 2009-2011 წლებშია დამარხული:

დამარხული იარაღი
please wait

No media source currently available

0:00 0:05:44 0:00
გადმოწერა

„კერძოდ, სხვადასხვა გეოგრაფიული ადგილმდებარეობიდან ამოღებული იქნა დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, ფეთქებადი ნივთიერებები და ასაფეთქებელი მოწყობილობები. გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული საბრძოლო მასალის შენიღბულად დამარხვა 2009-2011 წლების განმავლობაში განხორციელდა. სამართალდამცველებმა სოფელ ნორიოს მიმდებარე ტერიტორიაზე და გორის რაიონში, ქვის სამტვრევი ქარხნის მიმდებარედ, ტყის მასივში, მიწის ქვეშ იპოვეს და ამოიღეს სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა“.

შინაგან საქმეთა სამინისტროში არ დაუზუსტებიათ არსებობს თუ არა სავარაუდო ეჭვმიტანილი, თუმცა რადიო თავისუფლებასთან საუბარში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი დავით დარჩიაშვილი ამბობს, რომ ეს არის წინა ხელისუფლების მიერ გაკეთებული სამალავები, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის მხრიდან შესაძლო აგრესიის მოგერიებისთვის გაკეთდა და, სავარაუდოდ, ამის თაობაზე მოქმედი ხელისუფლებაც ინფორმირებული უნდა ყოფილიყო ხელისუფლების გადაბარების პროცესში:

დავით დარჩიაშვილი
დავით დარჩიაშვილი

„საქმე ეხებოდა საქართველოში რუსეთის არმიის ხელახლა შეჭრის შემთხვევაში წინააღმდეგობის უჯრედების მომზადებას, რაც სავსებით ლეგიტიმური ნაბიჯია და თუ რამე არსებობს ამასთან დაკავშირებით დღეს ანტისახელმწიფოებრივი კანონდარღვევითი მოქმედება, ეს არის ამ ყველაფრის გამჟღავნება, მაგრამ იმდენი სახელმწიფოებრივი საიდუმლოებებია გაცემული რუსული აგენტურისათვის ამ ხელისუფლების მხრიდან, რომ ერთით მეტი თუ ერთით ნაკლები ვითარებას არ ცვლის. უბრალოდ, ამ ყველაფერს აბამენ თავისივე შექმნილ მითებს იმის შესახებ, რომ თითქოს ოპოზიცია აპირებს დესტაბილიზაციას“.

სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის“ რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ შეიარაღების სიას თუ გავაანალიზებთ, რომელიც სამ სხვადასხვა ადგილას ამოიღეს, შეიძლება ჩამოყალიბდეს აზრი, რომ ამ შეიარაღებით მოწინააღმდეგის რეგულარული დანაყოფის მოგერიება შეუძლებელია, ეს აღჭურვილობა პატარა შეიარაღებული დივერსიისთვის თუ გამოდგება. ირაკლი ალადაშვილის თქმით, ადრეც ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ წინა ხელისუფლებამ აგვისტოს ომის შემდეგ მოაწყო იარაღის სამალავები პარტიზანული მოქმედებებისთვის.

„გამიჭირდება თქმა, ეს კონკრეტულად ასეთ სამარხს განეკუთვნება თუ არა, მაგრამ რაც ჩანს ამოღებულიდან, ზოგი კი იყო ცელოფანის პარკში შეხვეული, მაგრამ არ არის დაზიანებული არც ვაზნები, არც თვითონ სათავსო ყუთების დაჟანგვის ხარისხია მაღალი, რაც ცოტა ეჭვს აღძრავს, ეს 7-8 წელი იდო მიწაში. შეიძლება ვცდები, მაგრამ დაჟანგვის ან დანესტიანების ხარისხი ცოტა მეტი იქნებოდა, ვიდრე რაც ვიდეოზე ჩანდა“.

ირაკლი ალადაშვილის თქმით, ერთი ნახვით მაინც ძნელია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ვიდეოდან დასკვნის გამოტანა. გასაანალიზებელია, როგორ იყო ჩამარხული, როგორ შეიძლებოდა იმ ადგილებში მისვლა,

ხშირად დროის გარკვეულ მონაკვეთში ამ ტიპის აღმოჩენები, ამ ტიპის განცხადებები თავის საქმეს აკეთებს, მაგალითად, იქმნება ის პოლიტიკური ფონი, რომელიც რომელიმე დაინტერესებულ მხარეს შეუქმნის უპირატეს მდგომარეობას წინასაარჩევნოდ...
ირაკლი ფორჩხიძე

ირაკლი ალადაშვილის თქმით, ასეთი მარაგი უბრალო დამნაშავეებს, სავარაუდოდ, ვერ ექნებოდათ და უფრო სამხედრო მიმართულებაზე მიუთითებს. თუმცა, მისივე თქმით, საქართველოს ტერიტორიაზე იარაღის აღმოჩენის ეს არც პირველი შემთხვევაა და, ალბათ, არც უკანასკნელი. 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ასეთი ათობით სამალავია აღმოჩენილი.

სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტ ირაკლის ფორჩხიძის თქმით კი, ამგვარი აღმოჩენები ძალიან საეჭვოდ ემთხვევა ხოლმე წინასაარჩევნო პერიოდს. ეს შეეხება გარკვეულ ჩანაწერებს თუ პოლიტიკური სარჩულის მქონე სხვა აღმოჩენებს. საეჭვოა ეს ყველაფერი მაშინ, როცა რჩება უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა და, შესაბამისად, არასერიოზულ შთაბეჭდილებას ტოვებს არა მხოლოდ შიგნით, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობის თვალშიც.

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მტკიცებულებებს. ასე შეიძლება ბევრი რამ აღმოვაჩინოთ მაშინ, როცა ჩვენ გვინდა, გავაკეთოთ ამის შესახებ გარკვეული განცხადებები, შევქმნათ გარკვეული ფონი, მაგრამ საგამოძიებო და სამართლებრივი მტკიცებულებებით გამაგრება სახეზე არ იყოს. ძალიან სამწუხაროა, რომ ხშირად არც გამოძიება იძლევა იმ შედეგებს, რომ საბოლოოდ დავადგინოთ, თუ რა იყო ამ ყველაფრის მოტივი, ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან და რა მიზანს ემსახურებოდა, მაგრამ ხშირად დროის გარკვეულ მონაკვეთში ამ ტიპის აღმოჩენები, ამ ტიპის განცხადებები თავის საქმეს აკეთებს, მაგალითად, იქმნება ის პოლიტიკური ფონი, რომელიც რომელიმე დაინტერესებულ მხარეს შეუქმნის უპირატეს მდგომარეობას წინასაარჩევნოდ“, - ამბობს ირაკლი ფორჩხიძე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კი შინაგან საქმეთა სამინისტროს და სხვა უწყებებს მადლობა გადაუხადა გაწეული მუშაობისთვის.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG