Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

1947 წლის 26 მაისს, სტალინის თავში


1947 წლის 26 მაისს სტალინი გააუქმებს სიკვდილით დასჯას. როგორც დიდი ბელადი გაზეთ პრავდაში წერდა, „საბჭოთა ხალხის ისტორიული გამარჯვება ფაშისტი აგრესორის წინააღმდეგ არა მარტო დასტურია საბჭოთა სახელმწიფოს სიძლიერისა, არამედ ეს ნათელი ნიშანია საბჭოთა ხალხის არნახული ერთგულებისა თავის სამშობლოსი და მისი მთავრობის მიმართ. (...) ამ სიტუაციაში საბჭოთა მთავრობა მიიჩნევს, რომ მშვიდობიან პერიოდში სახელმწიფოს მიერ სიკვდილით დასჯა კარგავს საჭიროობას“.

ჰო, აქვე აღვნიშნავ, რომ სტალინს დაავიწყდება დაემატებინა ორი პატარა დეტალი: ჯერ ერთი, ნაცისტი აგრესორის წინააღმდეგ ომის დროს თითქმის 300 ათასი წითელარმიელი სამხედროს (მათ შორის ასზე მეტი გენერლის) მიმართ იქნება გამოტანილი სიკვდილით დასჯის განაჩენი. და მეორეც - იმავე 1946 წელს სულ რაღაც 8 672 საბჭოთა მოქალაქე იქნება დახვრეტილი საბჭოთა მთავრობის მიერ.

მაგრამ სტალინის არგუმენტაცია ამ შემთხვევაში მეორეხარისხოვანია. მთავარი სხვა რამ არის: პირველად თავის ისტორიაში ბოლშევიკური მთავრობა უარს აცხადებდა სიკვდილით დასჯაზე. პირველად სერიული მკვლელი სტალინი, რომელსაც მხოლოდ 1937-1938 წლებშიპირადად აქვს ხელი მოწერილი ორმოცი ათასზე მეტი ადამიანის დახვრეტაზე (დიდი ტერორის დროს სულ 700 000-მდე ადამიანი იქნა დახვრეტილი) გადაწყვეტს, ვეგეტარიანულ დიეტაზე დაჯდეს....

უცნაურია არა? ხომ ჰგავს ცოტა ზღაპარს ვეგეტარიანელ ლომზე?

არ გაგიგიათ ეს ზღაპარი?

აი ისიც:

The Veggy Lion (ვეგეტარიანელი ლომი)

I'm a vegetarian Lion,
I've given up all meat,
I've given up all roaring
All I do is go tweet-tweet.

მე ვარ ვეგეტარიანელი ლომი,
თავი დავანებე ყველანაირი ხორცის ჭამას,
შევწყვიტე ყოველგვარი ღრიალი
და ახლა მხოლოდ ჩიტივით ვჭიკჭიკებ.

(...)

I used to be ferocious,
I even tried to kill!
But the sight of all the blood
made me feel quite ill.

იყო დრო, როცა ვიყავი მძვინვარე
და როცა მკვლელობაც კი განვიზრახე,
მაგრამ სისხლის დანახვამ
ძალზე ცუდად გამხადა.

(...)

Now I just eat carrots,
They're easy to kill,
'Cos when I pounce upon them,
They all remain quite still!

და ახლა გეახლებით მხოლოდ სტაფილოს,
რადგან მათი მოკვლა ადვილია
და როგორც არ უნდა ჩავჭიდო მათ ბრჭალები,
ისინი მაინც ხმას არ იღებენ...

ბოროტი ხმები ამტკიცებენ, რომ ცნობილმა ბრიტანელმა კომიკოსმა ამ ლექსის დაწერა მაშინ გადაწყვიტა, როცა შეიტყო, რომ სტალინმა საბჭოთა კავშირში სიკვდილით დასჯა გააუქმა...

ეს სავსებით შესაძლებელი, თუმცა ჩვენთვის მოკლებულია მნიშვნელობას... სამაგიეროდ ჩვენთვის სასურველია შევძლოთ პასუხი გავცეთ ერთ კითხვას, რომელზეც დღემდე იტეხენ თავს ისტორიკოსები, მაგრამ ახსნა-განმარტება ვერ უპოვიათ: რატომ გააუქმა სტალინმა 1947 წლის 26 მაისს ის, რასაც აღადგენს სულ რაღაც 960 დღეში (1950 წლის 12 იანვარს სტალინი დააბრუნებს დახვრეტის მუხლს)?

რატომ გადაწყვეტს სტალინი მაინც და მაინც 26 მაისს გამოაცხადოს 960-დღიანი მარხვა?

იქნებ მკითხველმა შემაშველოს ხელი... მოხარული ვიქნები, თუ ბელადის ამ გადაწყვეტილების სავარაუდო ახსნა-განმარტებას მომაწვდის...

ყოველი შემთხვევისათვის, მე სტალინისეული ამ ჰუმანური აქტის ჩემებური ინტერპრეტაცია მინდა მივაწოდო მკითხველს: იქნებ საქართველოს კრიპტო-პატრიოტ სტალინს ასე, სიმბოლურად, უნდოდა საყვარელი სამშობლოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა?.. იქნებ ყოფილ სემინარისტ ჯუღაშვილს ასე, 960-დღიანი მარხვით, უნდოდა ყველა ქართველებისთვის ეჩვენებინა, რომ ეს იყო ჟამი მწუხარებისა და გლოვისა, რადგან მან, თავის საყვარელ სამშობლოს, დამოუკიდებლობა ვერ შეუნარჩუნა?..

შესაძლებელია ეს?

შენ რას იტყოდი, მკითხველო?

დაწერეთ კომენტარი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG