Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტეფან კურტუა: ქართველ მენშევიკთა მთავრობა დიდი პოპულარობით სარგებლობდა ევროპის სოციალისტურ წრეებში


1917 წლის 7 ნოემბერს, პეტროგრადში, ბოლშევიკებს სულ 21 საათი დასჭირდათ ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად. როგორ მოახერხა ერთ-ერთმა ყველაზე მარგინალურმა პოლიტიკურმა პარტიამ მსოფლიოს უდიდესი სახელმწიფოს ხელში ჩაგდება − თითქმის 75 წლით? რამდენად განაპირობა 25 ოქტომბერი (ახალი სტილით - 7 ნოემბერი) რუსეთში არსებულმა პოლიტიკურ-რელიგიურმა და ეკონომიკურ-სოციალურმა სტრუქტურებმა? როგორია 7 ნოემბრის მოვლენებში შემთხვევითობის წილი?

„შემთხვევითობა, ბედი, მუდმივად თან სდევს ისტორიის ევოლუციის ზოგად დინებას. განგების ამ შემთხვევითობის კომპენსაცია მუდმივად ხდება სხვა შემთხვევითობებით, რომელთა შორისაც ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს ის შემთხვევითობა, რომელიც მოძრაობის სათავეში მოაქცევს ამა თუ იმ ადამიანს“, წერს კარლ მარქსი, რომელიც ისტორიკოსთა და ფილოსოფოსთა შორის ერთ-ერთი აშკარად გამოკვეთილი დეტერმინისტია.

ჩვენც გადავწყვიტეთ შევხვედროდით ფრანგ ისტორიკოს სტეფან კურტუას, საერთაშორისო ბესტსელერ „კომუნიზმის შავი წიგნის“ რედაქტორსა და ლენინის ახალი ბიოგრაფიის ავტორს. პროფესორ კურტუას ვთხოვეთ, რადიო თავისუფლების მკითხველისთვის მოეთხრო იმ კაცზე, რომელიც სათავეში ედგა 1917 წლის გადატრიალებას.

ლაშა ოთხმეზური: თქვენი წიგნის სათაურია „ლენინი, ტოტალიტარიზმის გამომგონებელი“. პირველ რიგში, იქნებ გვითხრათ, როგორ გესმით „ტოტალიტარიზმი“?

სტეფან კურტუა: ტოტალიტარიზმის განმარტება ძალიან მარტივად შეიძლება. შეგვიძლია გავიხსენოთ ჰანა არენდტი, რომელიც საუბრობს ისეთ პოლიტიკურ სისტემაზე, სადაც ყოველი ცალკეული ადამიანი ძალაუფლების ტოტალური დომინირების ქვეშ აღმოჩნდება. მაგრამ მე ცოტა სხვა განსაზღვრება მაქვს ტოტალიტარიზმისა და, განსაკუთრებით, კომუნისტური ტოტალიტარიზმის. ჩემი აზრით, ასეთი ტიპის პოლიტიკური სისტემა სამ პირობას უნდა აკმაყოფილებდეს: 1. ერთადერთი პარტიის მიერ პოლიტიკური ძალაუფლების სრული მონოპოლია. პარტიისა, რომელიც არ არის პარტია ამ სიტყვის კლასიკური მნიშვნელობით, მაგრამ არის პარტია-სახელმწიფო. ანუ პარტია, რომლის ხელშია კონცენტრირებული სახელმწიფოს აბსოლუტურად ყველა პრეროგატივა და რომლის სათავეშიც დგას ქარიზმატული ლიდერი; 2. იდეოლოგიური მონოპოლია, როდესაც პარტია ყველას თავს ახვევს ერთ იდეოლოგიას, რომელიც ზეგავლენას ახდენს აზროვნების ყველა სფეროზე − იქნება ეს განათლება, პრესა, ხელოვნება სხვა დარგები; 3. მონოპოლია ნებისმიერი ტიპის საქონლის წარმოებასა და გავრცელებაზე. მეოთხე ელემენტი, ურომლისოდაც პირველი სამი ვერ იარსებებდა, არის მასობრივი ტერორი, როგორც მმართველობის საშუალება.

ჰანა არენდტისგან ჩემი პოზიციის პრინციპული განსხვავება შემდეგია: იგი თვლიდა, რომ საბჭოთა კავშირში ტოტალიტარული სისტემის ათვლა 1929 წლიდან იწყება. მე კი ვთვლი, რომ ლენინი არა მარტო საბჭოთა ტოტალიტარიზმის სათავეში იდგა, არამედ ამ ფენომენის გამომგონებელიც იყო. სამტომეულში, სადაც ტოტალიტარულ სისტემებს აანალიზებს, ჰანა არენდტი სულ ორჯერ თუ სამჯერ ახსენებს ლენინს და წერს, ულიანოვმა რევოლუციური დიქტატურა შექმნაო. შემდეგ კი მიანიშნებს, რომ სტალინმა, მხოლოდ 1929 წლიდან, დაიწყო ტოტალიტარული სახელმწიფოს შექმნა. 1929 წელს სტალინს არავითარი გადატრიალება არ მოუწყვია... 20-იანი წლების დასაწყისიდან, იგი უკვე პარტიასა და ქვეყანას აკონტროლებდა. ასე რომ, არ მესმის, რატომ აირჩია არენდტმა ეს თარიღი...

ლ.ო.: მე მაინც მგონია, რომ მთავარი ის არის, როგორ განვსაზღვრავთ ტოტალიტარიზმს: ჰანა არენდტი მიიჩნევს (და მე მის აზრს სრულად ვიზიარებ), რომ ტოტალიტარული სისტემა უშუალოდ არ უკავშირდება ძალაუფლების კონცენტრაციას, აბსოლუტურ ძალაუფლებას. ჰანა არენდტის აზრით ტოტალიტარული სისტემის მთავარი დამახასიათებელი ნიშანია საზოგადოების ატომიზაცია; ანუ, მისი აზრით, ტოტალიტარული სისტემა იწყება მაშინ, როდესაც ძალაუფლება ახერხებს, მოშალოს კავშირი ინდივიდებს შორის. 1929 წელს სტალინმა დაიწყო კოლექტივიზაცია, ანუ უკანასკნელი მესაკუთრეები, გლეხები, აიძულა, მთლიანად სახელმწიფოზე დამოკიდებული გამხდარიყვნენ. ხოლო „დიდი ტერორის“ შემდეგ სტალინს უკვე შეეძლო, დაეხვრიტა ან საკუთარი ცოლის დამსმენად ექცია ნებისმიერი ადამიანი, მათ შორის პოლიტბიუროს წევრები. ხშირად მომყავს მწერალ მიხაილ პრიშვინის შემთხვევა. პრიშვინი ნახევარი საკუნის მანძილზე, ყველასგან მალულად აწარმოებდა დღიურს. 1939 წელს მას შეუყვარდა ქალი, რომელზეც ერთი წლის შემდეგ დაქორწინდა კიდეც. ქორწინებამდე სულ რამდენიმე თვით ადრე პრიშვინი დღიურში წერს, დარწმუნებული არა ვარ, რომ ეს ქალი ენკავედემ არ მომიგზავნაო. როცა სახელმწიფოს შეუძლია, უნდობლობა ოჯახშიც კი დათესოს − ალბათ, სწორედ ეს არის ტოტალიტარიზმი. ჰანა არენდტი თვლიდა, რომ ტოტალიტარული სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი არის არა ძლიერი ვერტიკალური ხაზები, არა ე.წ. აბსოლუტური ძალაუფლება, არამედ ჰორიზონტალური კავშირების არარსებობა... 20-იან წლებში კი საბჭოთა საზოგადოებაში, ჯერ კიდევ მძლავრი იყო ჰორიზონტალური კავშირები, რასაც ჩვენ უკვე ვეღარ ვხედავთ 30-იან წლებში...

სტეფან კურტუას ახალი წიგნის გარეკანი
სტეფან კურტუას ახალი წიგნის გარეკანი

​ს.კ.: ლენინი დარწმუნებული იყო, რომ ზუსტად იცოდა, როგორ უნდა გარდაექმნა საზოგადოება. ლენინი აიგივებდა მარქსიზმს მეცნიერებასთან! დოგმატური მარქსიზმის მიხედვით ბრძოლა მიდიოდა არა კეთილსა და ბოროტს შორის (რაც, ლენინის აზრით, დრომოჭმული ბურჟუაზიულ-ქრისტიანული მორალის კატეგორიები იყო), არამედ ცოდნასა და არცოდნას შორის. ლენინი დარწმუნებული იყო, რომ იცოდა ისტორიის არსი, ისტორიის მიზანი. თუ დარწმუნებული ხარ, რომ ისტორია სხვა არაფერია, თუ არა ბრძოლა კლასებს შორის და ფლობ აბსოლუტურ ცოდნას, მაშინ მზად ხარ, გააჩაღო სამოქალაქო ომი და ამოწყვიტო ისინი, ვინც შენს აზრს არ იზიარებს... იმავე ფენომენის მომსწრენი ვართ ნაცისტების შემთხვევაში: იმ მომენტიდან, როცა დაიჯერებ, რომ ისტორია სხვა არაფერია, თუ არა ბრძოლა რასებს შორის, ხვდები იერარქიზებულ სამყაროში და აჩაღებ რასობრივ ომს...

რომ დავუბრუნდეთ განსხვავებას ტოტალიტარული სისტემის ჩემეულსა და არენდტისეულ განსაზღვრებებში, მე ვიტყოდი, რომ საბჭოთა კავშირში ხდებოდა ლენინის მიერ წამოწყებული პროცესის რადიკალიზაცია, ანუ ტოტალიტარული სისტემა თანდათან სულ უფრო ყოვლისმომცველი ხდებოდა. თუ ლენინის ეპოქაში პოლიტიკურმა პოლიციამ ბოლშევიკების მტრების განადგურება დაიწყო, სტალინის პერიოდში მან აბსოლუტურად ყველას განადგურებას მიჰყო ხელი.

ლ.ო.: თან ისე, რომ ეს ტერორი არავითარ ლოგიკას არ ექვემდებარებოდა და ხალხი ლამის ლატარიის ბილეთებად იქცა...

ს.კ.: ნამდვილად ასეა. და ასეთი ტიპის ძალაუფლება არის აბსოლუტური სიახლე მსოფლიო ისტორიაში.

ლ.ო.: როგორ ფიქრობთ, 1924 წლის იანვარში, ლენინის გარდაცვალებისთვის, საბჭოთა კავშირი უკვე ტოტალიტარული სახელმწიფო იყო?

ს.კ.: ის ძალაუფლება, რომელსაც ლენინი ფლობდა სიცოცხლის ბოლოს, არც კი დაესიზმრებოდა აბსოლუტური მონარქიის პერიოდის არც ერთ მბრძანებელს. მაგალითად, ლუი XIV-ის ეპოქაში არსებობდა ძალაუფლების სხვა პოლუსები, როგორებიცაა ეკლესია, პარლამენტი და სხვა. რა თქმა უნდა, 1924 წელს უკვე არსებობდა ტოტალიტარიზმის ყველა დამახასიათებელი ნიშანი: პარტიის მიერ პოლიტიკური ცხოვრების ყველა ასპექტის სრული მონოპოლიზება, მასობრივი ტერორი და ა.შ.

თუმცა, ერთი რამ მაინც აღსანიშნავია: გლეხების აჯანყებათა მთელი რიგი 1918-1920 წლებში, კრონშტადტის ამბოხი 1921 წლის მარტში (როცა თვით ბოლშევიკების გვარდია აჯანყდა) აიძულებს ლენინს, შეაჩეროს სამხედრო კომუნიზმი და დროებით დააბრუნოს ბაზრის ელემენტები.

ახალმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ (ნეპმა) ლენინი ღრმა დეპრესიაში ჩააგდო. რა თქმა უნდა, ლენინი აცხადებდა, რომ ნეპი მხოლოდ უკან გადადგმული ტაქტიკური ნაბიჯი იყო, რომ სტრატეგიულ მიზნად კვლავაც რჩებოდა კომუნიზმის აშენება. მაგრამ ლენინი განიხიბლა − დაკარგა რწმენა იმისა, რომ შეძლებდა კომუნისტური სახელმწიფოს აშენებას.

ჩემი ჰიპოთეზაა, რომ ულიანოვი მიხვდა, რომ ახალი ტიპის სახელმწიფო შექმნა. თუმცა ბოლომდე ვერ მიხვდა, რა ტიპის სახელმწიფო იყო ეს. დარწმუნებული ვარ, ლენინისგან განსხვავებით, სტალინი ხვდებოდა, როგორი სახელმწიფო შექმნა ულიანოვმა და საით უნდა წაეყვანა ეს სახელმწიფო. სტალინი მიხვდა, რომ ლენინმა გამოიგონა ახალი სისტემა, რომლიდანაც მას აღარ უნდა გადაეხვია. რომელია ამ ლენინური სისტემის დამახასიათებელი ნიშნები? მაგალითად, პარტიის მეათე ყრილობაზე, 1921 წლის მარტში, ლენინმა აკრძალა პარტიის შიგნით ფრაქციების არსებობა. ანუ ამით მან აკრძალა ყოველგვარი დისკუსია ბოლშევიკურ პარტიაში. სტალინმა გააგრძელა ამ გზით სიარული და საბოლოოდ აკრძალა ყოველგვარი დისკუსია პოლიტბიუროს შიგნითაც კი. და ძალაუფლების ეს კონცენტრაცია პარტია-სახელმწიფოს ლიდერმა მოახდინა იმისთვის, რათა განეხორციელებინა ლენინური პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავდა მუშათა და გლეხების კლასის საბოლოო დამონებასა და რუსეთის საზღვრებს გარეთ რევოლუციური ექსპანსიის გაგრძელებას.

ლ.ო.: რაში მდგომარეობს ბოლშევიკური პარტია-სახელმწიფოს ორიგინალობა?

ს.კ.: რა ვითარებას ვაწყდებით რუსეთში 1917 წლამდე? არიან პარტიები, რომლებიც იცავენ მუშათა კლასის ინტერესებს, არიან პარტიები, რომლებიც იცავენ გლეხთა ინტერესებს, ბურჟუაზიის, მსხვილი მრეწველობის ინტერესებსა და ა.შ. ბოლშევიკური პარტია, ვიდრე პარტია-სახელმწიფო გახდებოდა, იყო იატაკქვეშეთში მოქმედი მებრძოლი პარტია, რომელიც მხოლოდ შიდაპარტიულ ინტერესებს იცავდა. ხოლო მას შემდეგ, რაც ამ პარტიამ ხელთ იგდო ძალაუფლება, სახელმწიფოც მის სამსახურში ჩადგა. პარტია-სახელმწიფომ აკრძალა კერძო საკუთრება და დაეპატრონა სახელმწიფოს ყველა სიმდიდრეს. სახელმწიფომ დაიწყო პარტიისთვის მუშაობას. ამ ტიპის პარტია ლენინის გამოგონებაა, მარქსთან მას ვერ ნახავთ. ლენინი აქ დაესესხა, ერთის მხრივ ჩერნიშევსკისა და მის ცნობილ ნაწარმოებს „რა ვაკეთოთ?“ და, მეორე მხრივ, სერგეი ნეჩაევსა და მის „რევოლუციურ კატეხიზმს“.

ლ.ო.: ეს ის ნეჩაევია, რომელმაც თავის თანამოაზრეებს მოაკვლევინა უდანაშაულო ივანოვი, რათა ამგვარად, „სისხლის გარშემო“, შეეკრა თანამზრახველები და რომელიც ამის შემდეგ დოსტოევსკის „დემონების“ მთავარი პერსონაჟი გახდა...

ს.კ.: ივანოვის მკვლელობის დროს დოსტოევსკი გერმანიაში იყო და ეს ამბავი გაზეთებიდან შეიტყო. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ნეჩაევის მიერ ორგანიზებულ მკვლელობაზე ევროპის ყველა გაზეთი წერდა. მათთვის გამაოგნებელი იყო, რომ რევოლუციონერები თავისიანი მოკლეს არაფრის გამო. ამ მკვლელობამ ისე შეძრა დოსტოევსკი, რომ ამ შემთხვევაზე რომანის დაწერა გადაწყვიტა. სხვათა შორის, ამ რომანის კითხვისას გაოცება გიპყრობს იმის გამო, თუ როგორ მოახერხა დოსტოევსკიმ ასე ზუსტად აღეწერა ბოლშევიკების ფსიქოლოგია. ერთ-ერთ თავის წერილში დოსტოევსკი წერს კიდეც, რომ ნეჩაევის საქმის შემდეგ მან შეძლო, ზუსტად წარმოედგინა ისეთი ადამიანის ფსიქოლოგია, რომელსაც ამგვარი დანაშაულის ჩადენა შეეძლო.

სტეფან კურტუა
სტეფან კურტუა

ლ.ო.: ერთი აპოკრიფული ისტორიის მიხედვით, როცა ლენინის განათლების მინისტრმა, ლუნაჩარსკიმ, 1918 წელს ლიტერატორებს ჰკითხა, რა წარწერის გაკეთება იქნებოდა სასურველი მოსკოვში დოსტოევსკის ძეგლზეო, პასუხად მიიღო: „თ. მ. დოსტოევსკის მადლიერი დემონებისგან!“

ს.კ.: ზუსტად! და ლენინმაც ასეთი უმოწყალო და სასტიკი დემონებისგან შეადგინა ძალზე მცირერიცხოვანი პარტია. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ნეჩაევის „რევოლუციური კატექიზმი“ მთავრდება შემდეგი წინადადებით: „გავერთიანდეთ ყაჩაღურ სამყაროსთან − რუსეთის ერთადერთ და ჭეშმარიტ რევოლუციონერთან!“ რაც შეეხება ლენინს, ის ძალიან ფრთხილი კაცი იყო, რისკი არ უყვარდა. როგორც კი დაინახა, რომ სტოლიპინმა რევოლუციონერების გადასახლება დაიწყო, უცხოეთში გაიქცა. 1917 წლის ივლისში, როცა ბოლშევიკური ამბოხი ჩაიფუშა, ლენინი ფინეთში გაიქცა და ჰელსინკის პოლიციის შეფის, გუსტავ როვიოს სახლში დაიმალა! ჩემი აზრით, მისი სიფრთხილე გამოწვეული იყო არა სილაჩრით, არამედ ღრმა რწმენით, რომ რევოლუციისთვის ის შეუცვლელი, უნიკალური პიროვნება იყო... ნუ დაგავიწყდებათ, რომ ულიანოვის პიროვნებაში ნარცისიზმი ძალიან ჭარბად იყო წარმოდგენილი. სამაგიეროდ, ნარცისი ულიანოვი ძალიან მალე მიხვდა, რომ სტალინი სწორედ რომ ნეჩაევის ტიპის კარგი „პრაქტიკოსი“ იყო (ევფემიზმი, რომლის ხმარებაც უყვარდათ ბოლშევიკებს). მაგალითად, როცა 1912 წელს ლენინმა პრაღაში პარტიის შექმნა დაასრულა, იქვე შეიყვანა სტალინი პარტიის ცენტრალური კომიტეტის შემადგენლობაში.

ლ.ო.: ჯერ ცენტრალურ კომიტეტში შეიყვანა, სამი წლის მერე კი მისი გვარი დაავიწყდა... „გაგვახსენეთ, რა არის კობას გვარი... იოსებ ჯ.? ჩვენ დაგვავიწყდა...“ ლენინის ეს სიტყვები კარგად აჩვენებს, რა ურთიერთობა ჰქონდა პარტიის ბელადს თანაპარტიელებთან...

ს.კ.: სტალინსა და სხვა ბოლშევიკებს ლენინი აღიქვამდა არა თანაპარტიელებად, არამედ საკუთარი ნებისა და მიზნების განმახორციელებელ სბირებად, აგენტებად. გარდა ამისა, 1917 წელს ლენინმა თავის მხარეს გადაიბირა ტროცკი − მეორე დაუნდობელი „პრაქტიკოსი“. ტროცკი, როგორც გახსოვთ, ბოლშევიკი არ ყოფილა. მეტიც, 1902 წლიდან ტროცკი მუდმივ კონფლიქტში იყო ლენინთან. ამ პერიოდიდან მოყოლებული ტროცკი მკაცრად აკრიტიკებდა ულიანოვ-ლენინს. მაგრამ ლენინმა იცოდა, რომ ტროცკი მეტად სასტიკი და ქმედითი ადამიანი იყო, ზუსტად ისეთი, როგორიც მას სჭირდებოდა 1917 წელს. და ნუ დაგვავიწყდება, რომ ტროცკის გარეშე 1917 წლის 7 ნოემბერი არ მოხდებოდა და ლენინი ხელში ვერ ჩაიგდებდა ძალაუფლებას.

ლ.ო.: მივადექით მნიშვნელოვან საკითხს: რატომ გაიმარჯვა ლენინმა ნოემბერში? მესმის, რომ 7 ნოემბერი ბევრი მიზეზით აიხსნება, მაგრამ ვინაა ამ კატასტროფის ძირითად პასუხისმგებელი?

ს.კ.: დროებითი მთავრობის მეთაური ალექსანდრ კერენსკი, რომელმაც 1917 წლის ივლისში აიძულა რუსეთის ჯარი, ავსტრია-გერმანიის წინააღმდეგ ფრონტზე შეტევაზე გადასულიყო. მაშინ ათიათასობით მუჟიკმა (თუ ასიათასობით არა), მიატოვა ფრონტის ხაზი, იარაღით ხელში შინ გაიქცა და იქ გააჩაღა ანარქიის ცეცხლი. კერენსკიმ ამგვარად გამოააშკარავა თავისი სისუსტე, რაც ლენინმა მაშინვე შენიშნა და 16-17 ივლისს ძალაუფლების ხელში ჩაგდება სცადა. მეორე დიდი შეცდომა კერენსკიმ აგვისტოს მიწურულს დაუშვა, როცა თანამდებობიდან გადააყენა მთავარსარდალი კორნილოვი და ის სრულიად უსაფუძვლოდ დაადანაშაულა პუტჩის მოწყობის მცდელობაში. იმავე კერენსკიმ 2 სექტემბერს ციხეებიდან გამოუშვა ტროცკი და სხვა ბოლშევიკები და მათ 40 ათასამდე თოფი გადასცა. რა ჭკუაზე უნდა იყო ადამიანი, რომ ციხიდან გამოუშვა და იარაღი დაურიგო ბოლშევიკებს, რომლებმაც სულ რაღაც თვენახევრის წინ პეტროგრადში ამბოხი მოგიწყეს?! ძნელი წარმოსადგენია, ამაზე უკეთესი რა საჩუქარი უნდა გაეკეთებინა ლენინისათვის... პარალელურად, კორნილოვის პუტჩში დადანაშაულებით, კერენსკიმ და, მისი სახით მთავრობამ, დაკარგეს ყოველგვარი თანადგომა არმიის მხრიდან. რას დაკარგავდა კერენსკი, პუტჩში დადანაშაულების მაგივრად კორნილოვისთვის პეტროგრადში ჩასვლისა და იქ წესრიგის დამყარების საშუალება რომ მიეცა? კორნილოვი პუტჩისტი არ იყო და კერენსკის ადგილს არ უმიზნებდა. მას მხოლოდ ის სურდა, წესრიგი დაემყარებინა პეტროგრადში და აღეკვეთა ჯარში ბოლშევიკური აგიტაცია.

და აი, ამ მომენტში ლენინმა ზუსტად გააანალიზა, როგორი იყო ძალთა თანაფარდობა და მიხვდა, რომ ძალაუფლების ხელში ჩაგდების ასეთი შანსი აღარ მიეცემოდა. ლენინს ჰქონდა საოცარი ნიჭი, ეგრძნო მომენტი, ზუსტად გაეთვალა ძალთა თანაფარდობა და საჭირო მომენტში საჭირო სვლა გაეკეთებინა.

რაც შეეხება რევოლუციას, იგი მოხდა არა 1917 წლის 7 ნოემბერს, არამედ 7 ნოემბრის შემდეგ. რევოლუცია დაიწყო მაშინ, როცა ლენინმა სამოქალაქო ომის საშუალებით დაიწყო საზოგადოების სრული ტრანსფორმაცია. თავის ნაშრომში „იმპერიალიზმი, როგორც კაპიტალიზმის უმაღლესი სტადია“ იგი წერს, როგორ უნდა მოხდეს „იმპერიალისტური ომის“ სამოქალაქო ომად გარდაქმნა. არ დაგვავიწყდეს, რომ ლენინისათვის სამოქალაქო ომი იყო სოციალური ინჟინერიის, „განახლების“ მთავარი წყარო. ლენინი დარწმუნებული იყო, რომ ჭეშმარიტი სამოქალაქო ომის გარეშე იგი ვერ მოახდენდა რევოლუციას. და ამ მხრივ ლენინი ჭეშმარიტ მარქსისტად დარჩა: მისთვის სამოქმედო გეგმის ფუნქციას ასრულებდა მარქსის ნაშრომი „სამოქალაქო ომი საფრანგეთში“, სადაც ავტორი წერდა, რომ პარიზის კომუნის მარცხის მთავარი მიზეზი საფრანგეთში სამოქალაქო ომის არგაჩაღება იყო.

ლ.ო.: და როდის დამთავრდა ლენინის ის რევოლუცია, რომელიც საზოგადოების კარდინალურ გარდაქმნას ისახავდა მიზნად? 1953 წლის 5 მარტს თუ 1941 წლის 22 ივნისს?

ს.კ.: არა, არა, დარწმუნებული ვარ, რომ ეს რევოლუცია 1991 წლის დეკემბერში დასრულდა. თუმცა ზოგიერთი ისტორიკოსის აზრით, ლენინური რევოლუცია სტალინის სიკვდილთან ერთად დამთავრდა. ისტორიკოსებს შორის ეს დებატები დღემდე გრძელდება. საუბარია იმაზე, თვისებრივად რა იცვლება 1953 ან 1941 წელს ან, თუნდაც, საბჭოთა ისტორიის რომელიმე სხვა მომენტში. მაგრამ 1991 წლის ბოლომდე საბჭოთა კავშირის სტრუქტურა უცვლელი რჩებოდა. ზოგი ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ მმართველთა კლასი შეიცვალა... მაგრამ რომელი ერთი? ხრუშჩოვი, რომელსაც ხელები ისევე ჰქონდა სისხლში ამოსვრილი, როგორც სტალინს?!.. ის ხრუშჩოვი, რომელიც „დიდი ტერორის“ დროს პოლიტბიუროსგან მუდმივად მოითხოვდა ტერორის კვოტების გაზრდას? თუ ანდროპოვი, რომელმაც კარგად დაგვანახვა, რომ ტრადიციული ბოლშევიკური მეთოდებით უნდოდა მბრძანებლობის გაგრძელება. ასე რომ, საბჭოთა კავშირი 1991 წლის ბოლომდე იყო რევოლუციურ მდგომარეობაში. უბრალოდ, ინტენსიურობა იყო სხვა.

რაც შეეხება 1941 წლის 22 ივნისს, სტალინის მობრუნება რუსული ნაციონალიზმისკენ და მისი კომპრომისი ეკლესიის წინაშე − ეს ბოლშევიკებისთვის ტიპური დროებითი დათმობა იყო. სტალინი ცხოვრების ბოლომდე დარჩა დოგმატიკოს ბოლშევიკად, უბრალოდ ომის პირობებში, ისევე როგორც ლენინს 1922 წელს, მოუწია გარკვეულ კომპრომისზე წასვლა.

ლ.ო.: რამდენად იყო სტალინი ლენინის ერთგული მოწაფე?

ს.კ.: ის სიცოცხლის ბოლომდე ლენინის ერთგულ მოწაფედ დარჩა! სტალინს ძალიან უყვარდა ლენინის ტექსტების ციტირება არა მარტო საჯარო გამოსვლებში, არამედ კერძო საუბრებშიც. სხვათა შორის, ის, რაშიც სტალინს სამართლიანად ადანაშაულებენ − კოლექტივიზაცია, გულაგი, დიდი ტერორი, 1937 მოსკოვის საჩვენებელი პროცესები − ამ ყველაფრის გაკეთება ლენინმა ჯერ კიდევ 1918-1922 წლებში მოასწრო. დღეს ყველამ ვიცით, რომ 1918 წელს ბოლშევიკებმა საკონცენტრაციო ბანაკები გახსნეს. ისიც ვიცით, რომ სტალინური 1937-38 წლების პროცესები გადმომღერებაა 1922 წელს ესერების წინააღმდეგ ლენინის მიერ მოწყობილი საჩვენებელი პროცესებისა. ისიც კარგად გვახსოვს, რომ ტერორის სისხლის სამართლის კოდექსში შეტანით ლენინმა ოფიციალური სტატუსი მიანიჭა მასობრივ რეპრესიებს. 1919 წლის 22 მარტს ლენინმა პოლიტბიუროს წევრებს მისწერა, აი, რა კარგია, ქვეყანაში მასობრივი შიმშილი რომ მძვინვარებს, მან შანსი მოგვცა, ეკლესია გავანადგუროთო. სხვა რა გააკეთა სტალინმა 30-იანი წლების დასაწყისში, როცა ხელოვნურად მოწყობილი შიმშილით გადაწყვიტა უკრაინის გლეხობის, როგორც კლასის, განადგურება? სტალინს არაფერი დარჩენოდა, თუ არა ესწავლა ლენინისგან და იგივე გაემეორებინა. რა არის სტალინის 1928-29 წლების ეკონომიკური ულტრამემარცხენე ვირაჟი, თუ არა დაბრუნება ლენინისეულ სამხედრო კომუნიზმთან?! რა არის 1928-29 წლის კოლექტივიზაცია, თუ არა სამოქალაქო ომის თავიდან გაჩაღება?! კოლექტივიზაცია ხომ საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ წარმოებული ომი იყო?! სტალინი, როგორც ლენინის გამყიდველი, ტროცკის გამოგონილი მითია.

ლ.ო.: და რამდენად იყო ლენინი მარქსის ერთგული მოწაფე?

ს.კ.: მარქსიზმზე ლენინს მეტად ზედაპირული წარმოდგენა ჰქონდა. ულიანოვის მიერ მარქსის ცოდნა მუდმივად ხდებოდა პლეხანოვის ხუმრობებისა და ანეკდოტების თემა. თვით ბოლშევიკებს შორისაც, ლუნაჩარსკი ან, ვთქვათ, ბოგდანოვი ბევრად უფრო გათვითცნობიერებული იყვნენ მარქსიზმში, ვიდრე ლენინი. თავად ულიანოვსაც აქვს აღიარებული საკუთარი თეორიული სისუსტე. მაგრამ პრაქტიკისათვის, ანუ პოლიტიკური ბრძოლისათვის, აუცილებელი იყო, რომ ლენინს მთლიანად დაეკავებინა მთავარი თეორეტიკოსის პოზიცია. 1919 წელს ლენინმა გამოაცხადა, რომ კომუნიზმი არის საბჭოების ძალაუფლება, პლუს ქვეყნის ელექტრიფიკაცია. 1920 წელს ჯერ პოლიტბიურომ, შემდეგ კი IX ყრილობამ დაამტკიცეს ტროცკის წინადადება შრომის მილიტარიზაციის შესახებ. ამ პროექტის თანახმად, იქმნებოდა მუშათა არმიები, რომლებიც უნდა გადაესროლათ ერთი მშენებლობიდან მეორეზე, სადაც მათ, როგორც მონებს, ქანცის გამოცლამდე უნდა ემუშავათ. უცებ ლენინმა აღმოაჩინა, რომ ამ მუშათა არმიების გადასაყვანად ქვეყანას არ ჰყოფნის ვაგონები და ლოკომოტივები. მან გადაწყვიტა, შეეძინა ხუთი ათასი ლოკომოტივი და 100 ათასი ვაგონი და ამისათვის დაეხარჯა ქვეყნის ოქროს რეზერვის 40%! საკუთარი გადაწყვეტილების თეორიულად გასამყარებლად მან გამოაცხადა, რომ კომუნიზმი ესაა საბჭოების ძალაუფლება, ელექტრიფიკაცია და კიდევ... ქვეყნის „ლოკომოტივიზაცია“. თქვენ გეღიმებათ, მაგრამ ეს ამბავი ამით არ მთავრდება. 300 მილიონ ოქროს მანეთად ხუთი ათასი ლოკომოტივისა და 100 ათასი ვაგონის შესყიდვა ლენინმა დაავალა ვინმე იური ლომონოსოვს, ახალგაზრდა ინჟინერს, რომელიც დროებითი მთავრობისათვის ამერიკის შეერთებულ შტატებში აწარმოებდა შესყიდვებს. მაგრამ ვაგონებისა და ლოკომოტივების შესყიდვის ნაცვლად, ლომონოსოვი საერთოდ გაუჩინარდა ფულის დიდ ნაწილთან ერთად... მაგრამ ამ ამბავს გაგრძელებაც აქვს: „ლოკომოტივიზაცია“ კომუნისტური საზოგადოების აშენების აუცილებელი პირობა რომ არის, სტალინი ხუთწლიანი გეგმების შემუშავების დროს გაიხსენებს...

ლ.ო.: ლენინის წერილი ყრილობისადმი, რომელსაც „ლენინის ანდერძსაც“ უწოდებენ, ხშირად განიხილება, როგორც სტალინის წინააღმდეგ მიმართული წერილი. ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ წერილით ლენინი სტალინს კი არა, ბოლშევიკების ყველა ლიდერს აკრიტიკებს და ეუბნება, არც ერთი არ ხართ ღირსი, ჩემი მემკვიდრე გახდეთო...

ს.კ.: არა, მიუხედავად იმისა, რომ ამ წერილით ლენინი ყველას ახსენებს ჩადენილ „ცოდვებს“, მე მაინც ვფიქრობ, რომ მისი კრიტიკის მთავარი ადრესატი მაინც სტალინია. თან არ დაგავიწყდეთ, რომ ეს ის პერიოდია, როცა სტალინმა გამოლანძღა ნადეჟდა კრუპსკაია და ლენინი სტალინს ურთიერთობის სრული გაწყვეტით დაემუქრა.

ლ.ო.: ამ ანდერძის მიხედვით, ლენინი სთავაზობს ბოლშევიკების ლიდერებს, ცენტრალურ კომიტეტში დამატებით შეიყვანონ 50 ან 100 ახალი წევრი. რაკი ეს ის პერიოდია, როცა ლენინი მძიმე ავადმყოფობის გამო ჩამოშორდა ქვეყნის მართვას, ახალი წევრების შეყვანით ხომ არ სურდა ლენინს იმ ექვსეულის პოზიციის შერყევა (სტალინი, ტროცკი, ბუხარინი, ზინოვიევი, კამენევი, პიატაკოვი), რომელსაც წერილში აკრიტიკებს? და დაახლოებით ხომ ასევე მოიქცა სტალინი 1952 წლის ოქტომბერში, როცა უცებ, 13-წლიანი შესვენების შემდეგ, მოიწვია პარტიის ყრილობა, პოლიტბიურო შეცვალა პრეზიდიუმით, რომლის წევრთა რაოდენობაც გაასამმაგა, ხოლო პრეზიდიუმის ბიუროში, ე.წ. „ვიწრო პრეზიდიუმში“ არ შეიყვანა სტალინის გვარდიის ძველი ბოლშევიკები, მოლოტოვი და მიქოიანი?

ს.კ.: არა, არა მგონია: 1952 წელს, ვფიქრობ, სტალინს სურდა, ძველი გვარდია ახლით ჩაენაცვლებინა. რაც შეეხება ლენინს, ჩემი აზრით, მისი მხრიდან ეს იყო სასოწარკვეთილი კონტრნაბიჯი, რათა აღეკვეთა პოლიტბიუროს და, განსაკუთრებით, პოლიტბიუროს სამდივნოს (ანუ სტალინის) ხელში კონცენტრირებული სულ უფრო დიდი ძალაუფლება. თუმცა, ვიდრე არქივები დახურულია, ეს ყველაფერი ჰიპოთეზებად რჩება.

ლ.ო.: სტალინი და ტროცკი იშვიათად თუ ეთანხმებოდნენ ერთმანეთს... ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა მოხდა 1920 წლის მეორე ნახევარში, როდესაც ორივემ მოითხოვა საქართველოს ანექსია. რატომ შეეწინააღმდეგა მაშინ ლენინი სტალინსა და ტროცკის? უფრო ფრთხილი ხომ არ გახდა 1920 წლის ზაფხულში პოლონეთთან ომში მარცხის შემდეგ? და რა მოხდა 1921 წლის თებერვლის მეორე ნახევარში, როცა ლენინმა მწვანე შუქი მისცა სტალინსა და ტროცკის?

ს.კ.: არა მგონია, რომ ლენინი სტალინს პოლონეთთან დამარცხების გამო უკრძალავდა საქართველოს დასაპყრობად წითელი არმიის გაგზავნას. ქართველი მენშევიკების მთავრობა დიდი პოპულარობით სარგებლობდა ევროპის სოციალისტურ წრეებში და, ჩემი აზრით, ლენინს არ უნდოდა კარლ კაუცკისთვის და სხვა ევროპელი სოციალისტებისთვის კიდევ ერთხელ მიეცა მიზეზი, დაეწერათ, რომ ბოლშევიკები სოციალისტები კი არა, ჩვეულებრივი ბანდიტები იყვნენ. არ დაგავიწყდეთ, რომ კაუცკი, რომელიც აღფრთოვანებული იყო საქართველოს მენშევიკური მთავრობით, საერთაშორისო სოციალისტურ მოძრაობაში მარქსისა და ენგელსის მემკვიდრედ ითვლებოდა. რაც შეეხება თებერვლის მეორე ნახევარში ლენინის „შემოტრიალებას“, არა მგონია, რომ აქ გარე ფაქტორი უნდა ვეძებოთ. უბრალოდ, სტალინმა და ტროცკიმ საბოლოოდ მაინც მოახერხეს ლენინის დაყოლიება...

ლ.ო.: თქვენ ახსენეთ ქართველი მენშევიკების პოპულარობა ევროპის სოციალისტურ წრეებში. მაგალითად, რომან გული საკუთარ მოგონებებში წერს, რომ საფრანგეთში კერენსკი ძალიან განიცდიდა, რომ, ირაკლი წერეთლისგან განსხვავებით, ფრანგი სოციალისტები მას პატივს არ სცემდნენ, არასდროს იწვევდნენ თავიანთ ყრილობებზე... რომან გულის აზრით, საფრანგეთის სოციალისტურ წრეებში ირაკლი წერეთელი ყველაზე პოპულარული ემიგრანტი იყო...

ს.კ.: კი რომან გული ძალიან სანდო ავტორია და ამ შემთხვევაშიც სრულ სიმართლეს წერს. ირაკლი წერეთელი და, საერთოდ, ქართველი მენშევიკები დიდი პატივით სარგებლობდნენ ფრანგი სოციალისტების წრეებში, რამაც, სხვათა შორის, ბევრი უსაფუძვლო იმედი გააჩინა ქართველ ემიგრანტთა შორის...

დაწერეთ კომენტარი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG