Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მითხარი, რას ზეიმობ და გეტყვი, ვინ ხარ შენ


ვინაიდან კრემლი მუდმივად დაკავებულია ისტორიის განახლებით, რუსეთში წარსულის წინასწარმეტყველება უფრო ძნელი გახდა, ვიდრე მომავლისა.

1991 წლიდან მოყოლებული, ორი ყველაზე წმინდა საბჭოთა თარიღის აღნიშვნამ ერთმანეთის საწინააღმდეგო ტრაექტორია გაიარა რუსეთში: თუ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვება მოსკოვში სულ უფრო დიდი პომპით აღინიშნება, „დიდი ოქტომბრის რევოლუციას“ სულ სხვა ბედი ეწია. ჯერ ელცინის პერიოდში „დიდი ოქტომბერი“ დაკარგავს არსს და გადაიქცევა ე.წ. „თანხმობის და შერიგების“ დღედ, რათა მოგვიანებით (2005 წელს) ეს დღე საერთოდ გამოემშვიდობოს დღესასწაულის სტატუსს. მაგრამ რატომ გადაწყვეტს კრემლი ეროვნულ-იმპერიული იდენტობის მშენებლობის პირობებში „დიდი ოქტომბრის“ განზე დატოვებას?

„რუსები არის ერთადერთი ხალხი, რომლისთვისაც კოლონიზაცია მისი ისტორიის არსს წარმოადგენს“ - დაწერს ვასილი კლიუჩევსკი XIX საუკუნის მიწურულს. კლიუჩევსკის ამ ფრაზიდან ასი წლის შემდეგ რუსეთი, პირველად თავის ისტორიაში, მოხვდება მისთვის აბსოლუტურად უცხო სიტუაციაში - მოსკოვს დასჭირდება არაიმპერიული იდენტობის მოძებნა, რაც კრემლისათვის სიზიფესეული სამუშაო აღმოჩნდება (გაიხსენეთ, მაგალითად, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ როგორ გაუჭირდა კრემლს 365-დღიან კალენდარში „ეროვნული დღისათვის“ თარიღის არჩევა).

ხსოვნის თარიღებისა და რიტუალების გამოგონება-დავიწყებით, მემორიალური ობელისკებისა და ძეგლების დანგრევა-აღმართვით, თანამედროვე რუსეთი ცდილობს შიზოფრენიული „ეროვნულ-იმპერიული რომანის“ დაწერას. თუმცა, ამავდროულად, ვერ გადაუწყვეტია, იქნება ეს რომანი русский თუ российский და დაიწერება ის საბჭოთა თუ ცარისტულ ენაზე. „დასაბამიდან იყო იმპერია“ თუ „დასაბამიდან იყო ერი“? დომინანტური ეთნოსის წარმომადგენლები არიან Русские თუ Россияне? - აი, გორდიას ის კვანძები, რომლებიც ვერ გადაუჭრიათ რუსული რომანის ავტორებს. და, აი, მოქალაქეების (ან, უფრო, ქვეშევრდომების) ამ იდენტური კრიზისის პირობებში, „მართმადიდებელი სტალინი“ აღმოჩნდება კოლექტიური ქვეცნობიერის ყველაზე კარგი შუქურა-კომპასი.

ერთადერთი, რაზეც იმპერიული-ეროვნული რომანის ავტორები თანხმდებიან, ესაა მისი პათოსი, რომლის შეჯამება ხუთიოდე სიტყვით შეიძლება: ქვეშევრდომების უპირობო მორჩილება მმართველისა და მისი სისტემის მიმართ. ასეთი რუსული „არჩევითი ავტოკრატიზმის“ პირობებში, რა თქმა უნდა, არც „პატარა თებერვლის“ და არც „დიდი ოქტომბრის“ რევოლუცია-გადატრიალება ადგილს ვერ იპოვის, რადგან ორივე თარიღი განასახიერებს ამბოხს ძალაუფლების წინააღმდეგ - მოვლენას, რომლისაც დღევანდელ კრემლს ყველაზე უფრო ეშინია.

„დიდი ოქტომბერი“ რუსეთს დღეს ვერც ნეოიმპერიალისტური პოლიტიკის გატარებაში ვერ ეხმარება: თუ კრემლი მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებას იყენებს როგორც „მორალურ ყავარჯენს“, რათა საკუთარი ექსპანსიონისტური პოლიტიკა გაამართლოს, „დიდი ოქტომბრის რევოლუცია“ მოსკოვისათვის გახდება ის ყავარჯენი, რომელსაც ცალფეხა კაცი გადააგდებს, როცა მას პროთეზს გაუკეთებენ.

ასე რომ, დღევანდელი რუსეთი ლეგიტიმაციას ეძებს იმ ნაზავში, რომელშიც ერთად არიან თავმოყრილი სტალინისტური საბჭოთა კავშირი, ცარისტული რუსეთი და მართმადიდებელი ეკლესია... კოქტეილი მართლაც რომ შიზოფრენიულია, თუ გავითვალისწინებთ, რომ სტალინის მმართველობის ოციოდე წლის განმავლობაში ბელადის „წყალობით“ ეკლესია უფრო მეტ მოწამეს შეიძენს, ვიდრე მსოფლიოს ყველა ეკლესია ერთად აღებული 20 საუკუნის განმავლობაში...

დაბოლოს: დღევანდელი რუსეთი ძალიან წააგავს თავისივე გერბს - ორთავიან არწივს, რომელიც ერთი თავით სტალინისკენ, მეორეთი კი მართმადიდებელი ეკლესიისკენ იყურება. და, რაც მთავარია, ამ გერბს ამშვენებს საბჭოთა ჰიმნი და ანტისაბჭოთა ტრიკოლორი. „პიროვნების გაორების მკაფიოდ გამოხატული ნიშნები“ - დაასკვნიდა სავარაუდოდ ექიმი...

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG