Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორში სტალინისტებისა და ანტისტალინისტების მოსაზრება ბელადის განსასვენებელთან დაკავშირებით ერთმანეთს დაემთხვა


სტალინისტების აქცია სტალინის მუზეუმთან, გროში
სტალინისტების აქცია სტალინის მუზეუმთან, გროში

მეორე დღეა გორში არ წყდება დისკუსია ჩეჩნეთის პრეზიდენტის რამზან კადიროვის მიერ გამოთქმულ მოსაზრებაზე, რომელიც საქართველოში იოსებ სტალინის ნეშტის გადმოსვენებას ეხება. ამას გორის საკრებულოს თავმჯდომარის დავით რაზმაძის კომენტარიც დაემატა, რომელიც ადგილობრივი ტელევიზიის ეთერით გააკეთა. სტალინის ძეგლის დადგმის შესახებ მან განაცხადა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილებას ელოდება.

ყოველი არჩევნების წინ და შემდეგაც გორში ეს თემა მოულოდნელად გააქტიურდება ხოლმე და საზოგადოებაშიც დისკუსია არ წყდება. თვითმმართველობის არჩევნებში გორის მერობის კანდიდატი იყო კომუნისტური პარტიის ლიდერი ალეკო ლურსმანაშვილი, რომელიც მთავარ პირობად ძეგლის დადგმას და შემდეგ გადადგომას ასახელებდა, ლურსმანაშვილმა გორის 110 ათას ამომრჩევლიან ოლქში მხოლოდ 393 ხმა მიიღო. კომუნისტების ლიდერი კადიროვის განცხადებით შეშფოთებულია და აცხადებს, რომ საბჭოთა ბელადის ნეშტი იქ უნდა იყოს, სადაც ახლაა და რუსმა ხალხმა მის პატივსაცემად ეს ნეშტი მავზოლეუმში უნდა გადაიტანოს.

სტალინის ნეშტის გადმოსვენების საკითხზე სტალინისტებისა და ანტისტალინისტების აზრი ამ შემთხვევაში ერთმანეთს დაემთხვა. სამოქალაქო განათლების პედაგოგის ირმა ამბარდნიშვილის აზრით, საბჭოთა დიქტატორი იქ უნდა განისვენებდეს, სადაც სახელმწიფო შექმნა და სადაც მისი რეიტინგი დღესაც მაღალია. ამბარდნიშვილის აზრით, დაბადების ადგილი პიროვნების იდენტობას არ განსაზღვრავს და თავად სტალინიც აღიარებდა, რომ იყო რუსი.

გორის ცენტრალური მოედანი სტალინის ძეგლის აღებამდე. 2009 წელი
გორის ცენტრალური მოედანი სტალინის ძეგლის აღებამდე. 2009 წელი

ამ საკითხზე გორელების აზრიც ორ ნაწილად არის გაყოფილი. ნაწილი ფიქრობს, რომ წითელი ტერორის სულისჩამდგმელის ნეშტის ადგილი საქართველოში არ არის, მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ სტალინის ნეშტი საქართველოს მიწამ უნდა მიიბაროს.

რაც შეეხება ადგილობრივი საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებას, დავით რაზმაძე აცხადებს, რომ 2010 წელს ცენტრალური მოედნიდან აღებული სტალინის მონუმენტის დადგმის საკითხი მხოლოდ ადგილობრივი ხელისუფლების გადასაწყვეტი არ არის და ამაზე ცენტრალურმა მთავრობამაც უნდა იმსჯელოს.

წინა მოწვევის საკრებულომ უკვე იმსჯელა ძეგლის დადგმის საკითხზე და ეს საკითხი უარყოფითად გადაწყვიტა. იმ საკრებულოში დავით რაზმაძეც იყო. რადიო „მოზაიკის“ დირექტორი გვანცა დოლუაშვილი მიიჩნევს, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ამ საკითხზე უნდა შეწყვიტოს დისკუსია, რადგან ტოტალიტარული სიმბოლოს განთავსების საკითხს არეგულირებს კანონი თავისუფლების ქარტია.

სტალინის ძეგლი გორის ცენტრიდან აღების შემდეგ
სტალინის ძეგლი გორის ცენტრიდან აღების შემდეგ

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარლენ ნადირაძე კი აცხადებს, რომ თუ საკრებულოში კიდევ ერთხელ შევა ძეგლის დადგმის ინიციატივა, თვითმმართველობის ორგანო ამ საკითხის განხილვას დაიწყებს.

სტალინის ძეგლის განთავსების ადგილად ქალაქის ცენტრალურ მოედანს თითქმის აღარავინ ახსენებს, საუბარია მუზეუმის ტერიტორიაზე, მაგრამ სტალინის სახლის წინ რამდენიმემეტრიანი კვარცხლბეკის მშენებლობა რამდენიმე წლის წინ შეჩერდა და ეს ბალტიისპირეთის ელჩების ძალისხმევით მოხდა. მაშინ ადგილობრივი მთავრობა და კომუნისტები კვარცხლბეკს ერთობლივად აშენებდნენ. ახლა ეს ბეტონის კონსტრუქცია სახლის ფასადს ამახინჯებს და მის აღებაზეც არავინ ფიქრობს. კადიროვისა და გორის ხელისუფლების განცხადებები დროში დაემთხვა ერთმანეთს, მაგრამ იმ დროს, როცა ქალაქის საკრებულოს ადგილობრივი ბიუჯეტი აქვს მისაღები და არაერთი პრობლემა მოსაგვარებელია, გაუგებარია, რისთვის დასჭირდათ ამ თემის გააქტიურება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG