Accessibility links

სტალინის ძეგლის საკითხი წინასაარჩევნო კამპანიის კონტექსტში


სტალინის ძეგლი გორში

იოსებ სტალინის მონუმენტის დადგმის საკითხი ყოველთვის იყო ბოლო წლების წინასაარჩევნო კამპანიების თანმდევი. მაგალითად, გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი ისე ამთავრებს უფლებამოსილების ვადას, რომ ძეგლი მუზეუმშიც კი ვერ გადაიტანა - არადა, მისი წინასაარჩევნო დაპირება სწორედ ეს იყო. მცდელობაც იყო, რომ ძეგლი საბჭოთა დიქტატორის სახლის წინ დაედგათ, მაგრამ ბალტიისპირეთის სახელმწიფოების ელჩების ჩარევის შედეგად, ეს პროცესი შეჩერდა. სტალინის სახელის წინასაარჩევნოდ გამოყენებით გორში დივიდენდების მოპოვებას ცდილობდნენ მმართველი პარტიის დეპუტატობის კანდიდატებიც - იოსებ მაკრახიძე და თემურ ხუბულური. ძეგლის დადგმის პირობას 3 წლის წინ ირაკლი ოქრუაშვილიც დებდა.

„ქართული ოცნების“ მერობის ამჟამინდელი კანდიდატი კონსტანტინე თავზარაშვილი სტალინის მონუმენტის საკითხზე ღიად არ ლაპარაკობს, მაგრამ ისეთი ადამიანების მხარდაჭერას იღებს, ვინც ამ საკითხს ლობირებს - მაგალითად, საზოგადოება „გორელისა“, სადაც მოქალაქეთა კავშირის მმართველობის დროინდელი მოხელეები წარმოადგენენ უმრავლესობას. ძეგლის დადგმის მთავარი ლობისტი კი კომპარტიის ლიდერი ალეკო ლურსმანაშვილია, რომელიც არც მალავს, რომ გამარჯვების ნაკლები შანსი აქვს, მაგრამ ამბობს, რომ, თუ გორმა მისი მხარდაჭერა გადაწყვიტა და მერის თანამდებობა მოიპოვა, ძეგლის დადგმის შემდეგ გადადგება, რადგან ცენტრალურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას ვერ შეძლებს. წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას ლურსმანაშვილი ყველაზე მეტად „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატს, რევაზ კახნიაშვილს, აკრიტიკებს, რომელიც 2010 წელს თავად მონაწილეობდა ძეგლის დემონტაჟის საქმეში.

რევაზ კახნიაშვილი მიიჩნევს, რომ 7 წლის წინ სწორად მოიქცა და ახლაც იმასვე გაიმეორებდა. მისი თქმით, სტალინის სახელით წინასაარჩევნო პოპულიზმი უკვე წარსულს ჩაბარდა და საზოგადოება ამ უტოპიურ იდეებს, უბრალოდ, აღარ ენდობა.

გორის საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი თამარ თედლიაშვილი აცხადებს, რომ ლურსმანაშვილის დაპირება კანონს ეწინააღმდეგება. მისი თქმით, კანონი თავისუფლების ქარტია, კრძალავს საბჭოთა და ფაშისტური სიმბოლიკის განთავსებასა და პოპულარიზაციას. ამიტომ ლურსმანაშვილის ოცნება ოცნებად დარჩება.

გორში, განსაკუთრებით ახალგაზრდები, სულ უფრო მეტს მსჯელობენ საბჭოთა დიქტატორის მონუმენტის შესახებ. ისინი ხმამაღლა გამოთქვამენ თავიანთ პოზიციას, რომ ქალაქის მთავარ მოედანზე სტალინის ძეგლის დაბრუნება წარმოუდგენელია.

ადგილობრივი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კომუნისტების ლიდერს გამარჯვების ნაკლები შანსი აქვს. შესაბამისად, მის მიერ გაჟღერებული მთავარი დაპირებაც მხოლოდ დაპირებად დარჩება. სტალინის მონუმენტი კი, უკვე 7 წელია, ერთ მიტოვებულ საწყობში პირქვე დამხობილი დევს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG