Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალში განვითარებული მოვლენები საქართველოს დაკავებული მოქალაქეების ოჯახებს აშფოთებს


სოფელი ხურვალეთი, საოკუპაციო ხაზთან
სოფელი ხურვალეთი, საოკუპაციო ხაზთან

ცხინვალში განვითარებულ მოვლენებს ახლა ყველაზე მეტად გახელაძეების და მღებრიშვილების ოჯახებში აკვირდებიან. ზაზა გახელაძე და ხვიჩა მღებრიშვილი დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ იზოლატორში იმყოფებიან, საიდანაც სასტიკად ნაცემი ინალ ჯაბიევი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ჯაბიევი გარდაიცვალა, მისი დაზიანებული სხეულის ფოტოები კი სწრაფად გავრცელდა სოციალურ ქსელში. ამ ფაქტს ცხინვალში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა, 28 აგვისტოდან მოყოლებული, ყოველ საღამოს იმართება საპროტესტო აქციები. მიტინგებზე შეკრებილები დამნაშავეების მკაცრად დასჯას მოითხოვენ, დე ფაქტო პრეზიდენტმა ჯერ შინაგან საქმეთა მინისტრი იგორ ნანიევი და შემდეგ მთელი მთავრობა გადააყენა, თუმცა აქციის მონაწილეები დე ფაქტო გენერალური პროკურორის ურუზმაგ ჯაგაევის და თავად ანატოლი ბიბილოვის გადადგომას მოითხოვენ.

ცხინვალის იზოლატორში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ოჯახების წევრები კი საქართველოს მთავრობას და საერთაშორისო ორგანიზაციებს გააქტიურებისკენ მოუწოდებენ და კატეგორიულად მოითხოვენ დაკავებულთა გათავისუფლებას. კასპის მუნიციპალიტეტში, სხვილოს ციხესთან ზაზა გახელაძის დაჭრის და დაკავების შემდეგ 50 დღე გავიდა. მას შემდეგ დაჭრილის მონახულება ვერავინ შეძლო. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თანამშრომლებს საქართველოს მოქალაქეებთან არ უშვებენ, ეს კი ოჯახებს მრავალ კითხვას უჩენს. იქნებ ისინიც ნაცემები არიან და არ უნდათ დე ფაქტო ძალოვნებს, რომ ეს ამბავი გავრცელდეს? - კითხულობენ ისინი. ზაზას დედას, ნანა ბუნტურს, 50 დღეა თვალზე ცრემლი არ შეშრობია.

„თავიანთ მოქალაქეს რა დღეში აგდებენ და ჩემი შვილი რა დღეში იქნება, ხომ არ ვიცით, არა? დღეს 50-ე დღეა და ჩემი შვილის მნახველი არავინ არ არის. ამბობენ, კარგად არის, ფეხი მსუბუქად აქვს დაჭრილიო, მაგრამ ჩვენ კი არა, საქართველოს მხრიდან არავინ არ იცის რანაირად არის. მივმართავთ ხელისუფლებას, ყველას მივმართავთ, ვისაც ჩვენი დახმარება სიტყვით თუ საქმით შეუძლიათ, დაგვეხმარეთ და ჩემი შვილი დამიბრუნეთ“.

ცრემლებს ვერც ზაზას მამა, მიხეილ გახელაძე იკავებს. ის ამბობს, რომ მისი შვილი მძიმედაა დაჭრილი და ამიტომ არავის აჩვენებენ, თუმცა მიხეილ გახელაძე ამ ინფორმაციის წყაროს არ ასახელებს.

„გვაიმედებს მთავრობა, რომ მსუბუქად არის დაჭრილი, ვმუშაობთო, მაგრამ შედეგი არაფერი არა ჩანს. ვერავინ ვერ შევიდა და ვერავინ ვერა ნახა ზაზა. მე ვიცი, რომ მაგრაა დაჭრილი, მძიმედაა დაჭრილი და იმიტომაც არ უშვებენ. ჩვენ არაფერი გვინდა, ჩვენი შვილი დაგვიბრუნონ და ჩვენ ვუმკურნალებთ. მე თვითონ ვუმკურნალებ ჩემ შვილსა“.

მეჯვრისხევში, ხვიჩა მღებრიშვილის ნათესავებს, ხელისუფლების წარმომადგენლები აიმედებენ, რომ მას მალე გაათავისუფლებენ, თუმცა დე ფაქტო სასამართლომ მის საქმეზე უკვე იმსჯელა და სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა. მღებრიშვილის ნათესავები დაკავებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი საპროტესტო აქციებით იმუქრებიან. დაკავებულის ძმა, ჯუმბერ მღებრიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებამ საქართველოს მოქალაქეების გასათავისუფლებლად გადამჭრელი ზომები უნდა მიიღოს. ხვიჩა მღებრიშვილი უკვე 58 დღეა ცხინვალის იზოლატორში იმყოფება.

„თავის ხალხს ასე ექცევიან, თავისი კაცი ასე გაწირეს და ქართველ ადამიანს რას უზამენ? მე არ მეგონა, თუ ასეთი სასტიკი მდგომარეობა იყო იქა. ახლა ვინც არ უნდა იყვეს, ყველას გაუჩნდება ეჭვი. ყველას გვეშინია უკვე. ამ ამბის მერე უკვე სასწრაფოდ არის ჩვენი ხელისუფლების ჩარევა საჭირო, რომ ჩვენი დაპატიმრებული მოქალაქეები სასწრაფოდ გაათავისუფლონ“, - ამბობს დაკავებულის ძმა.

ცხინვალში საპროტესტო აქცია 29 აგვისტოს ღამითაც გაიმართა. მთავარ მოედანზე შეკრებილები, ქუჩაში რამდენიმე მოთხოვნით გამოვიდნენ, ისინი შეაშფოთა იმ ფაქტმა, რომ გარდაცვლილს ცნობაში ტრომბით დაღუპვა ჩაუწერეს. გარდა ამისა, გარდაცვლილის ოჯახი როსტოვში სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების წინააღმდეგაც წავიდა. ამ დროს ცხინვალში ბევრს გაახსენდა არჩილ ტატუნაშვილის საქმე. საქართველოს მოქალაქე ცემით და წამებით მოკლეს და ეს მოგვიანებით სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომაც დაადასტურა, როსტოვში კი გულით გარდაცვალება ჩაუწერეს. მისი შინაგანი ორგანოები ამ დრომდე ქართული მხარისთვის არ დაუბრუნებიათ. სწორედ როსტოვის ექსპერტიზის ბიურო ცდილობდა არჩილ ტატუნაშვილზე ძალადობის კვალის წაშლას.

ეს ყველაფერი ახსოვთ ცხინვალში და ზოგიერთი სამოქალაქო აქტივისტი იმასაც წერს, ტატუნაშვილის საქმეზე დე ფაქტო ხელისუფლებას ის ძალოვნები რომ დაესაჯა, ვინც მის ცემაში მონაწილეობას იღებდა, იქნებ ჯაბიევის შემთხვევა არც მომხდარიყოო. ჯაბიევის ოჯახის წევრებისთვის ისიც ცნობილია, რომ რვა პოლიციელი, ვინც გამოძიებამ ინალ ჯაბიევის საქმეზე დაკითხა, დაკავებული არ არის და მხოლოდ სამსახურს ჩამოაშორეს გამოძიების დასრულებამდე. ამ ყველაფერს ცხინვალელი აქტივისტები სოციალურ ქსელ ფეისბუკში წერენ.

წუხანდელ მიტინგზე ოპოზიციის წარმომადგენლებმა შეკრებილ საზოგადოებას ბიბილოვის ხელისუფლების მიმართ საკუთარი მოთხოვნები გააცნეს. აქედან ყველაზე მთავარია თავად დე ფაქტო პრეზიდენტის და დე ფაქტო გენერალური პროკურორის გადადგომა, სამართალდამცავი უწყებების რეფორმირება და დამნაშავეების კანონის მთელი სიმკაცრით დასჯა.

ვითარება ცხინვალში 28 აგვისტოს დაიძაბა, როდესაც ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან, ადგილობრივ საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში მყოფი ინალ ჯაბიევი მიიყვანეს. ჯაბიევი რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა. მალევე სოციალური ქსელით გავრცელდა გარდაცვლილის ფოტოები, რომელსაც სისხლჩაქცევები აქვს ფეხებზე, ხელებსა და ზურგზე. გავრცელებული ინფორმაციით, ჯაბიევი პოლიციელებმა ცემით მოკლეს. გარდაცვლილის ნათესავებმა ჯერ საავადმყოფოსთან, შემდეგ კი ცხინვალის მთავარ, თეატრალურ მოედანზე საპროტესტო აქცია გამართეს და დე ფაქტო პრეზიდენტისა და მთავრობის გადადგომა მოითხოვეს. ანატოლი ბიბილოვმა ჯერ დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრი იგორ ნანიევი გადააყენა. მოგვიანებით გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა ერიკ ფუხაევმა, თუმცა მომიტინგეები დე ფაქტო გენერალური პროკურორის და თავად ბიბილოვის გადადგომასაც მოითხოვენ. ინალ ჯაბიევი ეჭვმიტანილი იყო დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრ იგორ ნანიევზე შეიარაღებულ თავდასხმაში. იგი ბრალს არ აღიარებდა და ცხინვალიდან გავრცელებული ცნობების მიხედვით, მას ბრალის აღიარების მოთხოვნით სასტიკად სცემდნენ. ასევე ნაცემია ჯაბიევთან ერთად დაკავებული ნიკოლაი ცხოვრებოვიც, რომელიც ამჟამად ცხინვალის საავადმყოფოშია და მისი ფოტოებიც სოციალური ქსელით გავრცელდა, ცხოვრებოვს ჯაბიევის მსგავსად სისხლჩაქცევები აქვს კიდურებსა და ზურგის არეში.

XS
SM
MD
LG