Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალის იზოლატორში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ოჯახების მოთხოვნა და ხელისუფლების რეაქცია


საოკუპაციო ხაზი
საოკუპაციო ხაზი

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ სოფელ მეჯვრისხევის მცხოვრებ ხვიჩა მღებრიშვილს 21 აგვისტოს, ე. წ. საზღვრის დარღვევის მუხლით, სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

განაჩენის გამოცხადებისთანავე მეჯვრისხევში მღებრიშვილის ნათესავებმა ეს ფაქტი გააპროტესტეს და ხელისუფლებას ქმედითი ზომების გატარებისკენ მოუწოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო აქციებით დაიმუქრნენ. დაკავებულის ნათესავმა, ლეილა მღებრიშვილმა, საქართველოს პრემირ -მინისტრს და პრეზიდენტს მიმართა.

ერთადერთს ვითხოვთ, სასწრაფო წესით გაათავისუფლონ ხვიჩა. მივმართავ უშუალოდ პრემიერს, ბატონ გიორგი გახარიას, და პრეზიდენტს: ქალბატონო სალომე, თქვენ დედაცა ხართ, დაც ხართ და ქალბატონიც ხართ და, როგორც თქვენი საკუთარი ოჯახის გულისტკივილს მიიღებთ, ასე მიიღეთ ჩვენი გულისტკივილიც. ყველანაირი ღონე იხმარეთ, რომ უმოკლეს ვადაში... გევედრებით, ბატონო გიორგი, მაქსიმუმ ათი დღის ვადაში ხვიჩა მღებრიშვილზე მიიღოთ გადამწყვეტი ზომები“.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მღებრიშვილის ოჯახის განცხადებას 22 აგვისტოს ხაშურის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ გამოეხმაურა. იგი საოკუპაციო ხაზთან დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილისთვის ცხინვალის სასამართლოს მიერ პატიმრობაში დატოვებას „სამწუხარო ფაქტად“ აფასებს და აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა ყოველდღიურად მუშაობს საერთაშორისო პარტნიორებთან იმისათვის, რომ მაქსიმალურად გამოიყენონ მთავრობის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი:

აქტიურად ვმუშაობთ საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ყველა ინსტრუმენტი, რომელიც მთავრობას გააჩნია, და აქტიურად ვმუშაობთ ამაზე და ყველაფერი იქნება ნორმალურად.

ხვიჩა მღებრიშვილის განაჩენის გამოცხადების შემდეგ მეჯვრისხევში ჩავიდა და მის ნათესავებს ესაუბრა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ირაკლი ანთაძე, რომელმაც განაცხადა:

„ნებისმიერი ბრალდება ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ არის გამოგონილი და მათ მიმართ განხორციელებული ყველა ქმედება უკანონო. ჩვენ კონტაქტზე ვართ და ყოველ მიღებულ ინფორმაციას ინდივიდუალურად ვაწვდით ოჯახებს. ვისურვებდით, რომ ეს ინფორმაცია იყოს კარგი და იმედი გვაქვს, რომ მალე ასეც იქნება“.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მცხოვრები ხვიჩა მღებრიშვილი 3 ივლისს დააკავეს. მას ე. წ. საზღვრის დარღვევის გარდა ბრალად დასდეს "წითელ წიგნში" შეტანილი იშვიათი სახეობების მოპოვების მცდელობა.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა მღებრიშვილის "ვიდეოაღიარებაც" გაავრცელა, რომლის მიხედვით, ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ღამურების დასაჭერად იყო გადასული და ამისთვის 5-დან 10 ათასამდე დოლარს ჰპირდებოდნენ, თუმცა დე ფაქტო პროკურატურამ მოგვიანებით ეს ბრალდება მოუხსნა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე ხვიჩა მღებრიშვილისთვის სამთვიანი პატიმრობის შეფარდებას პროვოკაციულ და დესტრუქციულ გადაწყვეტილებად აფასებს.

საგარეო უწყების განცხადებით, მსგავსი ფაქტები კიდევ უფრო ამძიმებს ადგილზე შექმნილ ისედაც რთულ უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ ვითარებას. მათივე ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს და განაგრძობს საერთაშორისო საზოგადოების მობილიზებას, რათა დაკავებული მოქალაქეები დროულად და უვნებლად დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს.

შემაშფოთებელია, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალები კვლავ განაგრძობენ საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებისა და გატაცების ფაქტებს. უკვე თვეებია უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან საქართველოს მოქალაქეები: გენადი ბესტაევი, ხვიჩა მღებრიშვილი და ზაზა გახელაძე. პროვოკაციულ გადაწყვეტილებად შეიძლება ჩაითვალოს საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ხვიჩა მღებრიშვილისთვის .. სამთვიანი პატიმრობის მისჯის გადაწყვეტილება, რომელიც, რა თქმა უნდა, წარმოადგენს დესტრუქციულ ქმდებას და პროვოკაციულ ნაბიჯს. მით უფრო ცინიკურია ის .. ბრალდება, რა მოტივითაც დაკავებულია ხვიჩა მღებრიშვილი. ეს გახლავთ ნაწილი იმ დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული კამპანიის, რასაც ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ აწარმოებენ საოკუპაციო ძალები. თავის მხრივ, საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს აქტიურ ქმედებებს და მოახდენს ჩვენი პარტნიორების სრულ მობილიზებას იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქეები დროულად გათავისუფლდნენ, - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარი ნარჩემაშვილმა.

საქართველოს კიდევ ერთი დაკავებული მოქალაქის, ზაზა გახელაძის, ოჯახში არა აქვთ ინფორმაცია, როდის დაიწყებს დე ფაქტო რესპუბლიკის სასამართლო დაკავებულის საქმის განხილვას. გახელაძესთან არც წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებს უშვებენ და ამ დრომდე მათთვის უცნობია ზაზას მდგომარეობა. დაკავებულის ცოლის, ირმა ბუთხუზის, თქმით, მათ მხოლოდ ანთაძე ეკონტაქტება და ცხელი ხაზით მიღებულ ინფორმაციას უზიარებს:

„ბატონი ანთაძე ყოველდღე გვირეკავს. გვეუბნება, რომ ზაზას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია. სხვა არაფერი არ ვიცით. სხვა არავინ შემოგვხმიანებია. წითელი ჯვარი დღემდე ვერ აკეთებს კომენტარს, თუ რატომ არ უშვებენ, და მითხრეს, რომ შეიძლება სიჩუმეც არ გვქონდეს, ასეთი გაჩუმებაც. ხმაურისკენ მოგვიწოდეს. არ ვიცი ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ. ველოდებით ისევ სახელმწიფოს დახმარებას და ჩვენი მოთხოვნაა, რომ დაგვიბრუნონ ზაზა“.

ზაზა გახელაძე 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დაჭრეს და დააკავეს. ამის შემდეგ ის ჯერ ორკვირიან კარანტინში იმყოფებოდა, იქიდან კი ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. დე ფაქტო პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ზაზა გახელაძეს ბრალად ედება სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა. გახელაძის ოჯახში დაკავებულის შესახებ ახალი ინფორმაცია არა აქვთ. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მათ ტელეფონით ეკონტაქტებიან და მხოლოდ იმას ეუბნებიან, რომ საქმეში წინსვლა აქვთ. ცხინვალიდან ჯერ არ ვრცელდება ინფორმაცია ზაზა გახელაძის სასამართლო პროცესის თარიღთან დაკავშირებით.

ცხინვალის იზოლატორში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ოჯახების წევრები, დაკავებულთა დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ, ხელისუფლების წარმომადგენლები კი განცხადებებს აკეთებენ და მათ არწმუნებენ, რომ დაკავებულთა გასათავისუფლებლად ყველაფერს აკეთებენ, თუმცა ამ განცხადებების უკვე ნაკლებად სჯერა ხვიჩა მღებრიშვილის ოჯახს, რომელიც ათი დღის შემდეგ საპროტესტო აქციების გამართვას აპირებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG